ბრაკონიერი პროკურორი - ნადირობა დათვზე ახმეტის ნაკრძალში

ბრაკონიერი პროკურორი - ნადირობა დათვზე ახმეტის ნაკრძალში

პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, "წითელ ნუსხაში" შეტანილ დათვზე ინადირა. ამ ფაქტის ამსახველ ფოტოებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. პირი, რომელმაც ick.ge-ს ფოტომასალა მიაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და ამჟამად გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორია.

პირველი ფოტო 2007 წლის 27 სექტემბრით არის დათარიღებული. ლევან ღვედაშვილის გარდა ამ ფოტოზე კიდევ ორი პირი ჩანს. დადასტურებული ინფორმაციით, ისინი ახმეტის მაცხოვრებლები არიან - ზურაბ გომელაური და რეზო ბერიშვილი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ჩვენ მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გურჯაანის რაიონულ პროკურორს, ლევან ღვედაშვილს ფოტოები აჩვენა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ბატონო ლევან, ორივე ფოტოზე ხომ ნამდვილად თქვენ ხართ?

- კი, მე ვარ.

-დათვზე ნადირობა რომ დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით?

- დათვზე არ მინადირია მე.

- აბა, ეს მოკლული დათვები საიდან გაჩნდნენ ფოტოებზე?

- არ ვიცი.

-ეს პირებიც ვიცით, ვინ არიან. მათ შორის ერთ-ერთი იმ პერიოდში პროკურატურაში მუშაობდა.

- თუ მეგობრულად მაჩვენებთ ამ ფოტოებს, დიდი მადლობა. თუ დაშანტაჟების მიზნით აკეთებთ...

-შეურაცხყოფის გარეშე ვისაუბროთ. არავითარი შანტაჟი. მე ვარ ჟურნალისტი. მომაწოდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ პროკურორები ნადირობდით და ნადირობთ წითელ ნუსხაში შეტანილ ნადირზე, თან ნაკრძალში. ეს მტკიცებულებების ნაწილია, რაც გაჩვენეთ. თქვენ პროკურორი ხართ.

- დაკითხვას მიწყობთ? თუ საჭიროდ ჩათვალეს, მე განმარტებას მივცემ გენერალურ ინსპექციას.

-რა განმარტებას მისცემთ, როგორ და რით უარყოფთ?

- თუ ინფორმაცია მეგობრულად მომაწოდეთ, მადლობა".

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა