ick.ge: აიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელია

ick.ge: აიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელია

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული აიუფ ბორჩაშვილი ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს ადასტურებს. ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელზეც ბორჩაშვილის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის შეხვედრაა გადაღებული, ბორჩაშვილი აცხადებს, რომ ის ხალიფატის წარმომადგენელია საქართველოში და მისი ერთ-ერთი ფუნქცია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერებისგან ბაიათის (ფიცის) მიღებაა.

სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის და ირაკლი ჩიმაკაძის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურამ მტკიცებულების სახით წარმოადგინა.

როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განმარტა, ფარული გადაღება ახმეტის პოლიციაში 2015 წლის მაისში განხორციელდა. ჩანაწერი დაახლოებით 40 წუთიანია და ხმა ცუდად ისმის.

ირაკლი ჩიმაკაძე: როგორ არის ხეობაში სიტუაცია?

აიუფ ბორჩაშვილი: არის რა, ჩვენთვის კარგად და რა ვიცი.

ირაკლი ჩიმაკაძე: ბოლობოლო საით ხარ, ისლამურ სახელმწიფოში ხარ, კავკასიის იმარატში ხარ?

პასუხი არ ისმის.

ირაკლი ჩიმაკაძე: აქ რამდენი კაცი ხართ, ხეობაში? ხელმძღვანელად ისევ შენ რჩები?

აიუფ ბორჩაშვილი: აქ კი.

ირაკლი ჩიმაკაძე: ხალიფი შეგეცვალათ? მოკვდა და ახალი დანიშნესო...

აიუფ ბორჩაშვილი: ცრუ ინფორმაციაა. შევეკითხე ბიჭებს სირიაში და ტყუილიაო.

ირაკლი ჩიმაკაძე: ხალიფი რომ შეიცვალოს, უნდა წახვიდე იქ და ახალი ფიცი უნდა მისცე თუ როგორ არის რელიგიურად?

აიუფ ბორჩაშვილი: არ ვიცი წინასწარ. რელიგიურად არ არის პრობლემა.

ირაკლი ჩიმაკაძე: ბოლოს როდის იყავი იქ (სირიაში)?

აიუფ ბორჩაშვილი: მაშინ რომ გელაპარაკე, ეგ იყო.

ირაკლი ჩიმაკაძე: მაშინ ნახე ხალიფი?

აიუფ ბორჩაშვილი: არ მინახავს მე ხალიფი საერთოდ.

ირაკლი ჩიმაკაძე: აბა ვინ მოგცა უფლება აქ მაგათი სახელით რომ მოქმედებ?

აიუფ ბორჩაშვილი: არ არის პრობლემა კაცო. შარიათიც არ არის პრობლემა. არიან ხალხი...

ირაკლი ჩიმაკაძე: შენი ფუნქცია რა არის, რისთვის დაგნიშნეს?

აიუფ ბორჩაშვილი: ჩემი ფუნქცია არის ის, რომ როგორც ასეთი, თუ მაქვს საშუალება გაჭირვებულს დავეხმარო, თუ დამახმარებენ თანხას.

ირაკლი ჩიმაკაძე: ხალიფატი გამოგიგზავნის შენ თანხას?

აიუფ ბორჩაშვილი: თუ გამომიგზავნის... ეგ არის, რომ არ მიგზავნიან.

ირაკლი ჩიმაკაძე: უნდა გამოგიგზავნონ თანხა და შენ უნდა დაეხმარო მოსახლეობას?

აიუფ ბორჩაშვილი: მოსახლეობას არა, ვინც უშუალოდ გარდაიცვალა იქ ბრძოლების დროს, მათ ოჯახებს. ჩემი ფუნქციაა ბაიათის მიღება.

ირაკლი ჩიმაკაძე: ვინც ფიცს აძლევს ისლამურ სახელმწიფოს, მერე რას აკეთებს ის კაცი, უნდა წავიდეს სირიაში?

აიუფ ბორჩაშვილი: თავის ნებაა წავა თუ არა. რელიგიურად მათი წარმომადგენელია. ჩვენი ვალია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერა, ღმერთის სიტყვის ამაღლება. საქართველოში არ არის ამის ვალდებულება, სხვა ქვეყნის არ ვიცი, მაგრამ აქედან ვისაც უნდა, ის წავა.

ირაკლი ჩიმაკაძე: ფული?

აიუფ ბორჩაშვილი: ფულს გამონახავს, კაცო, რა უნდა. 40 ლარი თუ რაღაცა ღირს ავტობუსი.

ირაკლი ჩიმაკაძე: საქართველოში რატომ ცდილობთ ეგეთი რაღაცა გააკეთოთ?

აიუფ ბორჩაშვილი: როგორი რაღაცა?

ირაკლი ჩიმაკაძე: აი, ვიღაცეები რომ იძახიან "ისლამურ სახელმწიფოს" მხარი დავუჭიროთო, ხომ იცი "ისლამური სახელმწიფო" როგორც არის დღეს გამოცხადებული?

აიუფ ბორჩაშვილი: ტერორისტული ორგანიზაცია არ ვართ. კი, იქ რაღაც ხდება, მაგრამ ყველას თავისი მიდგომა აქვს. ჩვენ ვცდილობთ ისლამის ზეწოლისგან გათავისუფლებას.

ჩანაწერში აიუფ ბორჩაშვილი სირიაში წასულ 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილსა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ როცა მშობლებმა მას მიაკითხეს და სთხოვეს - ბავშვების დაბრუნებაში დახმარებოდა, ის ბიჭებს დაუკავშირდა, მაგრამ მათ დაბრუნებაზე უარი თქვეს: "დავურეკე, იქნებ უკან მობრუნდეთ მაქედან, პირდაპირ-მეთქი. ჩვენ ღმერთის გზაზე ვართ წამოსულები, თქვენს ინტერესებს პატივს ვცემთ, მაგრამ აზრი არ აქვს ლაპარაკსო და გამითიშეს", - ამბობს აიუფ ბორჩაშვილი.

კონტრტერორისტული ცენტრის უფროსთან საუბარში ბორჩაშვილი ISIS ერთ-ერთ ლიდერ თარხან ბათირაშვილსაც ახსენებს: "ურთიერთობა მქონდა, ნათესავია ჩემი. დედაჩემი და მაგის დედა ნათესავები არიან. რელიგიის საქმე გვქონდა ერთმანეთში", - აღნიშნავს აიუფ ბორჩაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა