ატამი 20 თეთრად საბითუმო ბაზარში - რეალიზაციის პრობლემა კახეთში

ატამი 20 თეთრად საბითუმო ბაზარში - რეალიზაციის პრობლემა კახეთში

კახეთში ერთი კილოგრამი ხარისხიანი ატმის გასაყიდი ფასი 20 თეთრიდან იწყება, თუმცა ფერმერებს მისი რეალიზაცია მაინც ძალიან უჭირთ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, პრობლემა გასულ წელთან შედარებით ატმის გაორმაგებულმა მოსავალმა და დარიალის ხეობაში ღვარცოფის შედეგად რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ჩაკეტვამ გამოიწვია. 2015 წელს ხარისხიანი ატმის გასაყიდი ფასი კახეთში 60 თეთრიდან იწყებოდა და 3 ლარს აღწევდა.

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ არსენა ტურაშვილს ატმის ბაღი 8 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ფერმერი ამბობს, რომ ერთი ჰექტარი ატმის მოვლა 4-5 ათას ლარამდე ჯდება, ამას ემატება კრეფის და ტრანსპორტირების ხარჯიც. მისივე თქმით, კარგი მოსავლის შემთხვევაში, ერთ ჰექტარზე საშუალოდ 20-25 ტონა ატამი იკრიფება.

"ყველა ტექნოლოგიური პროცესი მაქვს დაცული. შეწამვლას, დამუშავებას, ყველაფერს დაქირავებული ხალხით ვაკეთებ. ერთი კილოგრამი ატმის მოყვანა თითქმის 25-30 თეთრი მიჯდება. კარგი ხარისხის ატამია. ეს 40 თეთრადაც რომ გავყიდო, რა მრჩება? არაფერი. ასეთ ატამს გასულ წელს 80 თეთრად და 1 ლარად ვყიდდით",- აღნიშნა არსენა ტურაშვილმა.

"20 თეთრად რომ ატამს მისცემ, გადაგირჩევს, ნახევარს დაგიტოვებს და ნახევარს წაიღებს, ეს გაყიდვა არ არის. ტირის ხალხი. მთელი ცხოვრება გლეხი ამას ელოდება, ესეც უნდა გადაყაროს და დარჩეს მშიერი და ცარიელი",- ამბობს ციცინო ხუციშვილი.

გლეხებს განსაკუთრებით დაბალი ხარისხის ატმის გაყიდვა უჭირთ. ზოგიერთმა მებაღემ ატმის დაკრეფაზეც უარი თქვა, რადგან მათი თქმით, მკრეფავების და ტრანსპორტირების ხარჯებსაც ვეღარ ანაზღაურებდნენ.

"20-30 თეთრი დღეს რა ღირს ბაზარში? მასხარად გვიგდებენ. ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს. ერთი კილოგრამი ატამი 1 ლარი მაინც უნდა ღირდეს, რომ ამან თავისი თავიც შეინახოს და მეპატრონეც",- ამბობს ირაკლი მიჩიტაშვილი.

ფერმერები კახეთში ხილის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ჩუმლაყის სამაცივრე მეურნეობა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას იღებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა