სად არიან დასაქმებული მინისტრების ოჯახის წევრები

 სად არიან დასაქმებული მინისტრების ოჯახის წევრები

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის, 3 სახელმწიფო მინისტრისა და 16 მინისტრისაგან შედგება. რა საქმიანობას ეწევიან ქართველი მინისტრების ოჯახის წევრები და რამდენს შეადგენს მათი ფინანსური შემოსავლები, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოიკვლია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე მაია ცინაძე უმუშევარია. ოჯახის სხვა წევრებიდან კი მხოლოდ მისი უფროსი ქალიშვილი ანა კვირიკაშვილია დასაქმებული, - იგი სარეკლამო სტუდია მეტროგრაფის გრაფიკული დიზაინერია და 2015 წელს ხელფასის სახით 8400 ლარი აქვს მიღებული.

კერძო სექტორშია დასაქმებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მეუღლე ნატალია თევდორაშვილიც. იგი შპს "მიტარბი 2010"-ს კონსულტანტია, სადაც წლიური სახელფასო შემოსავალი მხოლოდ 1875 ლარი აქვს.

მეორე ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მეუღლე ანა არეშიძე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. იგი შპს "ანოუკის" დირექტორი და 100 % წილის მფლობელია. მინისტრის ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს 2015 წლის განმავლობაში რაიმე შემოსავალი არ მიუღია, თუმცა დანაზოგის სახით 23 000 ლარის ოდენობით ნაღდი ფული აქვს.

უცხოური საწარმოს "ფრაისვოთერჰაუსკუპერს" ფილიალში მენეჯერის პოზიციაზე საქმიანობს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მეუღლე ნინო ეგრისელაშვილი, რომლის შემოსავალმა გასული წელს 60 365 ლარი შეადგინა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის მეუღლე თამარ ყუბანეიშვილი მედია-სექტორში საქმიანობს. იგი ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში" მედია-პროექტების მენეჯერია, ხოლო ტელეკომპანია "GDS"-ში - გადაცემა "59 წამის" პროდიუსერი. 2015 წელს მან საერთო ჯამში ხელფასის სახით 26 698 ლარი მიიღო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას მეუღლე მერი ჩიქობავა 2014 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის კადრების სამმართველოში მუშაობს. მანამდე იგი "ბანკი რესპუბლიკას" სატელეფონო კონსულტანტი იყო. მინისტრის მეუღლის სახელფასო შემოსავალი გასული წლის განმავლობაში 14 585 ლარი იყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის მეუღლე მარინა ჩადუნელი 2011 წლის 10 აგვისტოდან შპს "ახალი საწარმოო ჯგუფის" ერთ-ერთი პარტნიორი და კაპიტალის 31 %-ის მფლობელია, თუმცა ამის შესახებ მინისტრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში მითითებული არ არის. შესაბამისად, უცნობია ინფორმაცია საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მეუღლე ნინო ცირეკიძე "ლიბერთი ბანკში" სპეციალისტად მუშაობს. 2014 წლის განმავლობაში მისი შემოსავალი 1473 ლარი იყო.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა