თელავის მერიის სამსახურის უფროსის "სადეკლარაციო" კურიოზები

თელავის მერიის სამსახურის უფროსის "სადეკლარაციო" კურიოზები

ქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევს. იგი ქონებრივი მდგომარეობის არცერთ დეკლარაციაში სწორად არ უთითებს დაკავებულ თანამდებობას და საჯარო სამსახურიდან წლიურად მიღებულ შემოსავალს. ასევე, მალავს ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის ფაქტებს.

2014-2016 წლებში წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებში ფიქრია ყუშიტაშვილი დაზუსტებით ვერც იმ დაწესებულების დასახელებას უთითებს, სადაც უკვე 3 წელია მუშაობს და ვერც მის მიერ დაკავებულ თანამდებობას. იგი სამივე დეკლარაციაში ხაზგასმით წერს, რომ მუშაობს ქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, თუმცა, ამ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლის მანძილზე მისი შემოსავლის ოდენობაა 0 (ნული). ამავე დროს, ყველა დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ფიქრია ყუშიტაშვილი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კერძოდ, იგი არის თელავის მუნიციპალიტეტის (თემის) გამგეობის სამსახურის უფროსიც, სადაც შრომის ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 13 300 ლარს იღებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ფიქრია ყუშიტაშვილი უკვე სამი წელია აღარ მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და, შესაბამისად, ვერც შრომით გასამრჯელოს მიიღებდა. 2014 წლის აგვისტოდან ამ თანამდებობაზე გიორგი კოჭლოშვილი იყო დანიშნული, ხოლო 2015 წლის 12 იანვრიდან სოფიო ახმეტელი დაინიშნა.

ფიქრია ყუშიტაშვილის დეკლარაციების თანახმად, მისი ოჯახის არცერთი წევრი არანაირი ფორმით არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ ამგვარი ჩანაწერი სინამდვილეს არ შეესაბამება. კერძოდ, ფიქრია ყუშიტაშვილის მეუღლემ, თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა ივანე იანტბელიძემ 2015 წლის 1 დეკემბერს დააფუძნა შპს "ჯორჯიან სოულ თრეველი" (ს/კ - 431174891), სადაც დღემდე ფლობს კაპიტალის 51 %-ს.

ქონებრივ დეკლარაციებში ასევე არ არის მითითებული, რომ ფიქრია ყუშიტაშვილის ოჯახის კიდევ ერთი წევრი - თამთა იანტბელიძე 2010 წლის 29 იანვრიდან დღემდე არის შპს "უიკ-ენდ ჯი"-ს (ს/კ - 406024626) დირექტორი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა