საწოლს მიჯაჭვული გოგონასა და მცირეწლოვანი ბავშვების უმძიმესი ყოფა ამბროლაურში

საწოლს მიჯაჭვული გოგონასა და მცირეწლოვანი ბავშვების უმძიმესი ყოფა ამბროლაურში

6 წლის ნიკუშა დარახველიძის საყვარელი გასართობი "კუსასთან" თამაშია. თავს იწონებს, რომ მისი ლეკვი კავკასიური ნაგაზია. კითხვაზე, თუ რა აკლია ყველაზე მეტად, პასუხობს - "კანფეტები და ლიმონათი". დარახველიძეების ოჯახში შესვლისთანავე, მართლაც ცხადად იგრძნობა, რომ მათ ტკბილეულთან ერთად, სხვა ყველაფერი აკლიათ. განსაკუთრებით კი ნიკუშას დას, მაგდას, რომელიც საწოლს არის მიჯაჭვული და დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. ოჯახი სულ შვიდსულიანია.

ვეფხვია და რუსუდან დარახველიძეებს 3 შვილი ჰყავთ - 6 წლის ნიკა, 12 წლის გიორგი და 20 წლის მაგდა. მათ გარდა ოჯახში კიდევ ვეფხვია დარახველიძის დედა და ძმა ცხოვრობენ.

ვეფხვია და რუსუდან დარახველიძეების ოჯახი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვიარაში ცხოვრობს. ტყის პირას, ფერდობზე მდგარ ორსართულიან სახლამდე ვიწრო გზა მიდის. სახლის ზედა სართული მთლიანად მოუწყობელია, იქ ზამთარში გათბობაც არ არის, ამიტომ ოჯახი ძირითადად პირველ სართულზე ცხოვრობს. სტუმრობის მომენტში სახლში ნიკუშას და მაგდას გარდა, მხოლოდ მათი ბებია - ლამარა დარახველიძე იმყოფება. ოჯახის გასაჭირის შესახებ ის საუბრობს.

ლამარა დარახველიძე ამბობს, რომ ოჯახის არცერთი წევრი დასაქმებული არ არის, ისინი თავს პენსიებით და სოციალური დახმარებით ირჩენენ. მათ სჭირდებათ ყველაფერი - ავეჯი, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები. ოჯახს იმისაც კი ეშინიათ, რომ თუ ვინმე რამეს აჩუქებს, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. საწოლს მიჯაჭვულ გოგონას არ აქვს ხელშეწყობა არც საკვებით, არც ჰიგიენის ნივთებით.

"რასაც ჩვენ ვჭამთ იმას ვაჭმევთ. რა ვაჭამო მეტი? პამპერსიც აღარ გვაქვს. სარეცხის მანქანა არ გვაქვს და ნახე რამდენი სარეცხი გვიგროვდება. ყოველ დღე სჭირდება გამოცვლა. ამ ცივ წყალში განა რამდენი გავრეცხო? 78 წლის ვარ. ძირგავარდნილი საწოლებია და გაბმული გვაქვს მავთულები", - ამბობს ლამარა დარახველიძე.

ოთახში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონა ძირითად დროს ატარებს, მართლაც მძიმე პირობებია. მაგდას არ შეუძლია მეტყველება, დამოუკიდებლად მოძრაობა. ბებია ყვება, რომ ახალშობილმა გოგონამ საავადმყოფოში ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მისი ნორმალური განვითარება შეფერხდა.

"როგორ ვახერხებთ თავის გატანას? - ეკონომიურად შვილო, ეკონომიურად. სულ იმას ვეუბნები ჩემს რძალს, რომ ბევრი ზეთი არ მოგივიდეთ. გემრიელად რომ გააკეთო რაღაც, იმის საშუალება არ გაქვს ადამიანს. წელს მოსავალიც არ მოვიდა. ყველაფერი საყიდელი გვაქვს - ხახვიც, ნიორიც, სიმინდიც. თავისთავად ხელი აკლია ამ ბავშვს და პატარებსაც. ვერავინ ვერ ვმუშაობთ. სადაც გავიდნენ, უარს ეუბნებიან. ყველას თავის ახლობელი ჰყავს და ჩემი ახლობელი აქ არავინ არის. იმის საშუალება - 300-400 ლარი არ გვაქვს, რომ ვიყიდოთ შეშა. ამიტომ კაკლები მოვჭერით. დახმარებები არ მიგვიღია. ერთჯერადი დახმარება ვინმეს მოეცეს, არ ყოფილა. არც მაქვს იმედი, რომ ვინმე რამით დაგვეხმარება", - აცხადებს ლამარა დარახველიძე.

არც რუსუდან დარახველიძეს აქვს ვინმეს დახმარების იმედი, რომელიც სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მათი გაჭირვების ამბავი ყველამ იცის, მაგრამ არავისგან არაფერი მიუღიათ.

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების - "რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის" და ფონდ "აფხაზინტერკონტის" დახმარებით.

აღნიშნული პრობლემით დაინტერესებისა და ოჯახის დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ:

"რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი" - ნანა სოხაძე, ტელ: 551 58 62 07

"აფხაზინტერკონტი" - დავით ვაჩაძე, ტელ: 599 25 93 25

წყარო: cso.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა