გორელი ოჯახი მიცვალებულის მერიის წინ დასვენებით იმუქრება: "დაკრძალონ, კუბოს შეძენის საშუალება არ გვაქვს"

გორელი ოჯახი მიცვალებულის მერიის წინ დასვენებით იმუქრება: "დაკრძალონ, კუბოს შეძენის საშუალება არ გვაქვს"

"მერიის შენობის წინ დავასვენებთ მიცვალებულს და დაკრძალონ, ჩასასვენებლის შეძენის საშუალება ჩვენ არ გვაქვს", - აცხადებს გორში გარდაცვლილი მერი ცარციძის ძმა ვაჟა ცარციძე. 79 წლის მერი ცარციძეს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა, იგი გორში, ლეხ კაჩენსკის ქუჩაზე, #51-ში მდებარე სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. გარდაცვლილი სწორედ აღნიშნულ მისამართზე, ჩასასვენებლის გარეშეა დასვენებული და ახლობლები მერიის შესაბამისი სამსახურის დახმარებამდე დაკრძალვას არ აპირებენ.

გორის მერიის სოციალური განყოფილების სამსახურში აცხადებენ, რომ სოციალური პროგრამა რამდენიმე კატეგორიაზეა გათვლილი და გარდაცვლილი მერი ცარციძე არც ერთ კატეგორიაში არ გადის, რის გამოც მის ოჯახს დახმარებაზე უარი ეთქვა:

"ჩვენთან მოვიდა მოქალაქე ვაჟა ცარციძე, რომელიც მისი დის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ითხოვდა სარიტუალო დაკრძალვის ხარჯებზე დახმარებას. გორის მერიის სოციალური პროგრამა ამ კუთხით გათვლილია სამ კეტეგორიაზე, ესენი გახლავთ: დევნილები, ომის ვეტერანები და უპატრონო მიცვალებულები. ვინაიდან გარდაცვლილი მერი ცარციძე არცერთ კატეგორიაში არ გადის, ვაჟა ცარციძეს დახმარებაზე უარი ეთქვა. მას შემდეგ, რაც საკითხის შესწავლა მოხდება, შესაბამისი კომისია იმსჯელებს ოჯახისთვის ფულადი დახმარების გაწევის საკითხზე და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გავუწევთ ფულად დახმარებას, თუმცა, ამ ეტაპზე, სოციალური მდგომარეობის შესწავლამდე, თანხის დაკონკრეტება გამიჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ გარდაცვლილის ძმასაც", - აცხადებს გორის მერიის სოციალური განყოფილების უფროსი ქეთევან შატაკიშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, მერი ცარციძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერი იყო, სოციალური შემწეობაც ერთ პირზე ერიცხებოდა და შესაბამისად, მერიის სოციალური პაკეტის ფარგლებში დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება ეკუთვნის. აღნიშნულ არგუმენტს მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ქუთათელაძე ამგვარად პასუხობს:

"მართალია, გარდაცვლილი მარტოხელა იყო, თუმცა, უპატრონოდ არ ითვლება, მას ჰყავს ახლო ნათესავები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მუნიციპალიტეტის სოციალურ პაკეტში კი, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამგვარი დახმარება გაეწევათ უპატრონო მიცვალებულებს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, როცა ოჯახს ეკონომიკურად უკიდურესად უჭირს, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მოქმედებს მერიის სოციალური პაკეტის სხვა მუხლები და შესაბამისი შესწავლის საფუძველზე, სწორედ აღნიშნული მუხლებით ხდება გარკვეული დახმარების გაწევა. ჩვენი წარმომადგენელი რამდენიმე საათია ცდილობს გარდაცვლილი მერი ცარციძის ძმასთან შეხვედრას, რომ მოხდეს დეტალების დაზუსტება და დახმარების გაწევა, მაგრამ ამ დრომდე ვერ შეძლო".

ცარციძეებს მიცვალებულის ჩასასვენებელი ჯერ არ შეუძენიათ და მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ია თინიკაშვილი

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა