დიდთოვლობის გამო, ხულოს 6 სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო, ხულოს 6 სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

ხულოში დიდთოვლობის გამო 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. დაბა ხულოში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს, დაბის მიმდებარე სოფლებში - 2 მეტრს, ხოლო ზემო სოფლებში 3 მეტრს აღწევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ განუცხადა, სკოლები გაცდენილ საათებს შაბათი დღის ხარჯზე აანაზღაურებენ.

"მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაა, დიდთოვლობის გამო 6 საჯარო სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი. თაგოს, ზემო ვაშლოვანის, ქედლების, ირემაძეების, სხალთის და წაბლანის საჯარო სკოლებში სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ადგილზე მივიდნენ, თუმცა მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა. გაცდენილ საათებს ავანაზღაურებთ შაბათი დღის ხარჯზე", - განაცხადა ედუარდ მიქელაძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი რიჟვაძემ განუცხადა, მუნიციპალიტეტის 13 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ ერთ ბაღში მიმდინარეობს.

"სულ 13 ბაღი გვაქვს, დღეს მუშაობს მხოლოდ ერთი, სოფელ კვატიის საბავშვო ბაღი. ამ ბაღის მიმდებარედ ცხოვრობენ ოჯახები, გაკვალეს გზა და მიიყვანეს ბავშვები ბაღში. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, მსგავსი უხვთოვლობის დროს ბავშვები არ მიიყვანონ ბაღებში", - განაცხადა ირაკლი რიჟვაძემ.

მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა