რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი სოფელ ფლავში, საიდანაც გატაცებულ მამაკაცს გამოსასყიდად 120 ლარს სთხოვენ

რა პირობებში ცხოვრობს ოჯახი სოფელ ფლავში, საიდანაც გატაცებულ მამაკაცს გამოსასყიდად 120 ლარს სთხოვენ

"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრები, 1974 წელს დაბადებული კახაბერ ქისიშვილი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებული ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

კონკრეტულად, რა ტერიტორიაზე მოხდა დაკავება და გადაკვეთა თუ არა 43 წლის ქისიშვილმა საოკუპაციო ხაზი, ჯერჯერობით უცნობია იქიდან გამომდინარე, რომ თვითმხილველები არ არსებობენ. კახაბერ ქისიშვილი ბოლოს თანასოფლელებმა ფლავის სასაფლაოს ტერიტორიაზე 2 დღის წინ ნახეს. სოფელი ფლავი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. სასაფლაო კი სოფლის განაპირას მდებარეობს და საკმაოდ ახლოს არის საოკუპაციო ხაზთან.

ქისიშვილები უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ოჯახს არათუ ჯარიმის გადასახდელი 2000 რუბლი (დაახლოებით 120 ლარის ექვივალენტი), არამედ ელემენტარული საჭიროებებისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნია. მათი სახლი სავალალო მდგომარეობაშია - ოჯახი ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ოჯახს შეწყვეტილი აქვს სოციალური დახმარება.

დაკავებულის დედის მარო ქისიშვილის თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და შემწეობას იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თურქეთის მიმართულებით საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, სოციალური შემწეობა მოეხსნა.

"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემს შვილს ტვინის შერყევა აქვს. სავარაუდოდ, დაკავებისას სცემეს. გარდა ამისა, მას ეპილეფსიაც აქვს და ხშირად გულყრა ემართება. ვფიქრობ, რომ ცხინვალის მილიციაში ყოფნისას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუუარესდება. აბსოლუტურად არანაირი სახსრები არ გაგვაჩნია იმისთვის, რომ მოთხოვნილი თანხა გადავიხადოთ", - აცხადებს დაკავებული კახაბერ ქისიშვილის დედა.

მარო ქისიშვილის ინფორმაციით, მისი შვილი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ოტრევში ახლობელთან იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა, რის გამოც დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

ფოტო: ია თინიკაშვილი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა