ხონის სოფლებში მწერების "შემოსევას" უჩივიან - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხონის სოფლებში მწერების "შემოსევას" უჩივიან - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

"გთხოვთ ხმა მიაწვდინოთ ვისაც ეხება. ხონის სოფლებში, სოფელ ივანდიდში არის საშინელი, გაუსაძლისი მდგომარეობა ბუზების და მწერების შემოსევაა, გთხოვთ დავეხმაროთ გლეხ ხალხს. აქ არის ქათმის ფერმები და საშინელი მდგომარეობაა, კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაგვეხმაროთ და გარემო დავასუფთაოთ, შევწამლოთ შესაბამისი წამლებით" - რამდენიმე დღის წინ მსგავსი შეტყობინება მიიღო AMBEBI.GE-მ ხონის რაიონის მაცხოვრებლისგან.

როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივები მავნებელი მწერის "აზიური ფაროსანის" საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებასა და დახმარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელ ივანდიდში მავნებელმა განსაკუთრებული ზიანი თხილის ნარგავებს მიაყენა. მათივე თქმით, მწერმა იმდენად დიდი პრობლემები შექმნა, რომ შესაძლოა, სოფლის მაცხოვრებლებთა დიდმა ნაწილმა წელს თხილის მოსავალი ვერ აიღოს.

"წელს განსაკუთრებული პრობლემები შეგვიქმნა. იმდენად ბევრია სოფელს შემოსეული, რომ აღარ ვიცით რა ვქნათ. საკუთარი ძალებით ვერ ვუმკლავდებით. განსაკუთრებით თხილს უქმნის პრობლემას, არადა ამ თხილის მოსავლით ვარჩენთ ოჯახებს" - აცხადებენ ადგილობრივები.

სოფლის დეპუტატის კახა ფირცხალავას განმარტებით, მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ყოველდღიურად მიმართავს.

"რამდენიმე უბანში დაფიქსირდა მწერების შემოსევა. მოსახლეობა დაშინებულია. თითქმის ყოველდღიურად მოგვმართავენ დახმარებისთვის. კარგი იქნება თუ მოგვაქცევს ვინმე ყურადღებას. როგორც ვიცი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იყვნენ მოსულები და ოჯახებში სპეციალური მოწყობილობა დააყენეს, რომლითაც მწერების რაოდენობას ზომავენ და საზღვრავენ,  რამდენად წარმოადგენს პრობლემას. ალბათ რამდენიმე დღეში გაარკვევენ ყველაფერს და მოგვაქცევენ ყურადღებას", - აცხადებს ფირცხალავა.

აზიური ფაროსანა 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს. იგი უპირატესად ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანების მტერია, განსაკუთრებული ზიანი დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალს მიაყენა. აზიური ფაროსანა პირველად საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა, დღეს იგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განმარტებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივლისამდე დასრულდება, თუმცა შესაწამლი ღონისძიებები ტარდება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მონიტორინგმა მწერის გავრცელების კრიტიკული მონაცემები აჩვენა.

"კრიტიკული იყო იმერეთის რეგიონში სამტრედიის რაიონი, სადაც ჩატარდა ქიმიური ღონისძიებები, დანარჩენ რაიონებში არ ჩატაარებულა, რადგან გავრცელების ისეთი სიმჭიდროვე არ იყო, როგორც მაგალითად გურიისა და სამეგრელოს რაიონებში. თუმცა, ფაროსანას გარდა იქ სხვა პრობლემებია, მაგალითად სოკოვანი დაავადებები, ტკიპა, რომლის საწინააღმდეგო ღონისძიებები თავად მოსახლეობას უნდა ჩაეტარებინა ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, რაც სამწუხაროდ არ არის გაკეთებული არსად. ღონისძიებებების ძირითადი ნაწილი უნდა ჩაატაროს მოსახლეობამ, ფაროსანას დამუშავებას სახელმწიფო აკეთებს, რადგან ძალიან დიდი სიმჭიდროვე იყო პოპულაციის და სახელმწიფომ გადაწყვიტა ჩარევა ამ მიმართულებით" - განაცხადა ლიპარტიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის განმარტებით, ერთი და ორი მოსახლის გამო მასშტაბური შესაწამლი ღონისძიებები ვერ ჩატარდება, რადგან ეს ეკოლოგიურად გაუმართლებელია, თანაც ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მალე თხილის მოსავლის აღება იწყება, პრეპარატი მოსავალში დარჩება, რაც სრულიად გამოუყენებელს გახდის მას.

ირაკლი აკობია

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა