"დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - პედაგოგი, რომელმაც პირველკლასელებს "ოცნების" დროშებით გადაუღო ფოტო, საუბნო კომისიის წევრია

"დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - პედაგოგი, რომელმაც პირველკლასელებს "ოცნების" დროშებით გადაუღო ფოტო, საუბნო კომისიის წევრია

შუახევში, სოფელ სხეფში პირველი კლასის მოსწავლეებს 15 სექტემბერს ყვავილების ნაცვლად პარტია "ქართული ოცნების" დროშები დააჭერინეს ხელში. კლასის ხელმძღვანელმა მარინა დარჩიძემ ამის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ატვირთა, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ მარინა დარჩიძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სოფელ სხეფის მეორე უბანზე, საარჩევნო ოლქის მიერ არჩეული საუბნო კომისიის წევრი იქნება. იგი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ამავე უბნის თავმჯდომარე გახლდათ. პედაგოგი სკოლაში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აგიტაციას უარყოფს და აცხადებს, რომ შედეგზე არ უფიქრია.

მარინა დარჩიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განმარტა, რომ სკოლის დირექციისგან შენიშვნა მიიღო და მის საკითხზე დისციპლინური კომიტეტი მუშაობს.

"აკრძალვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. ყველაფერი დაუკვირვებლად გამომივიდა. იმ წუთს არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. დროშები ბავშვებს ხელში ჰქონდათ და მთხოვდნენ ფოტოს გადაღებას. ფოტო წუხელ ავტვირთე. მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა. მომხდარის გამო, დირექციისგან საყვედური მივიღე. ჩემს მიმართ დისციპლინური კომისია მუშაობს. არ ვიცი, უბრალოდ დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?", - აცხადებს მარინა დარჩიძე.

სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში "ქართული ოცნების" დროშების გამოფენის ფაქტს არასამთავრობო სექტორში უარყოფითად აფასებენ. როგორც "სამართლიანი არჩევნების" აჭარა, გურია, ფოთის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბერიძე აცხადებს, სააგიტაციო მასალის სკოლაში გამოფენა "ზოგადი განათლების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება".

"სააგიტაციო მასალის სკოლაში გამოფენა, პოლიტიკური აქტივობის გამოვლენას წარმოადგენს, რაც "ზოგადი განათლების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება". იმპერატიულად დაუშვებელია ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლის პროცესის პოლიტიზირება. ფაქტი ჩვენს ანგარიშში აისახება", - ამბობს მადონა ბერიძე.

ამასთან, მადონა ბერიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიის წევრობის გამო მარინა დარჩიძეს სანქცია არ ეკუთვნის. "საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია. ამისათვის მას სანქცია არ ეკუთვნის. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ოფიციალური უფლებამოსილება ენიჭებათ უბნის კომისიის პირველი სხდომის შემდეგ და ჯერ ოფიციალური უფლებამოსილებები არა აქვთ. აქედან გამომდინარე, როგორც უბნის კომისის წევრის ნორმაზე და სანქციაზე ვერ ვისაუბრებთ",- აცხადებს მადონა ბერიძე.

აჭარის განთლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო პროცესებში ჩართულია და თვალყურს ადევნებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას.

"აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსწავლეების პოლიტიკურ აგიტაციაში ჩართვას, რაც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს. ამ პერიოდისთვის სკოლის დირექციის მიერ მოხდა ფაქტზე რეაგირება და აღნიშნული საკითხი განსახილველად და რეაგირებისათვის გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს. სამინისტრო ჩართულია და თვალყურს ადევნებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას",- აცხადებს ინგა შამილიშვილი.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა