სტიქია რეგიონებში - დატბორილი ქუჩები ხაშურში, მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები კახეთში

სტიქია რეგიონებში - დატბორილი ქუჩები ხაშურში, მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები კახეთში

ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები დაიტბორა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიას ებრძოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტში. ინტენსიური წვიმის შედეგად, მნიშვნელოვნად მოიმატა მდინარე სურამულას წყლის დონემ, თუმცა, კალაპოტიდან არ გადმოსულა, ზარალი მთიდან წამოსულმა ნიაღვრებმა გამოიწვია. ნიაღვარმა და ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა რამდენიმე ქუჩა და სურამთან ახლოს, იტრიაში მცხოვრები რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები დატბორა.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ და დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყალს ტუმბავდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ხაშურის მერი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

უხვი ნალექის გარდა, ხაშურის მუნიციპალიტეტი ძლიერმა ქარმაც დააზარალა. დაზუსტებული ინფორმაცია ზარალის შესახებ ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

ძლიერი ქარი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც ფიქსირდება.

ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტიც დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა თელავში. ქარის შედეგად ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ასევე მოგლეჯილია ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

მისივე თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია და ამ წუთებში მიმდინარეობს დათვლა. ძლიერი ქარის შედეგად ასევე წაქცეულია ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე.

ძლიერმა ქარიშხალმა გურჯაანის მუნიციპალიტიც დააზარალა. ახტალის მიმდებარედ წაქცეულია მრავალწლოვანი ნაძვი. სახურავი აქვს ახდილი რამდენიმე ობიექტს და საცხოვრებელ სახლს. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილებზე დილიდან მუშაობენ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა