რას ითხოვს რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან

რას ითხოვს რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან

რეგიონებში არსებული პრობლემების გასაშუქებლად "სიდას" (სამოქალაქო განვითარების სააგენტო) ორგანიზებით, 3-დღიანი მედიატური მოეწყო. პირველი რეგიონი, რომელსაც ჟურნალისტები ვესტუმრეთ, კახეთი იყო. გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში წელს ატმისა და ვაშლატამას დიდი მოსავალია, მოსახლეობას კი მისი რეალიზება უჭირს. ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასი კატასტროფულად დაბალია. ბაზრობაზე გამოსული გლეხები 20-22 კილოგრამი ხილით სავსე ყუთებს 3 ლარადაც ვერ ყიდიან, როცა შარშანდელ სეზონზე 1 კილოგრამი ატამის ფასი 40-დან 60 თეთრამდე მერყეობდა. ბაზარში ფასის ვარდნის მიზეზად აზერბაიჯანის საბაჟო პუნქტზე განბაჟების საფასურის გაზრდას ასახელებენ.

ზურაბ კენჭაძე, სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი:

- წელს ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. წინა წლებში მოსავლის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში გაჰქონდათ. საბაჟოზე 1 კილოგრამში 23 თეთრს იხდიდნენ, წელს კი აზერბაიჯანულმა მხარემ გადასახადი 1.15 თეთრამდე გაზარდა. შეწამვლის, მიწის დამუშავების და ყველა სხვა ხარჯის დაანგარიშებით, გლეხებს 1 კილოგრამი ატამი 30 თეთრამდე გვიჯდება, მაგრამ ახლა ხილს 20 თეთრადაც ვეღარ ვყიდით. ცოტა ხანში ხეებს გავკაფავ, სხვა გამოსავალი აღარ არის.

- მოსავლის რეალიზაციაში დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ან თქვენი დეპუტატისთვის არ გითხოვიათ?

ნიკოლოზ ღარიბაშვილი, სოფელ ვაზისუბანის მკვიდრი:

- აბა, ვინ რას გაგვიკეთებს? გიორგი ღვინიაშვილს აქამდე არაფერი გაუკეთებია და ახლა რას გააკეთებს? 20 ტონა ატამი მილპება... ცოტა ხნის წინ გულზე ოპერაცია გავიკეთე. ექიმმა 5 თავი წამალი გამომიწერა და ეს ატამი თუ ვერ გავყიდე, წამალი რით ვიყიდო? პენსია ან სხვა შემოსავალი არ მაქვს. არჩევნები მოახლოვდება თუ არა, ყოველდღე დარბიან, - ხმა მოგვეცითო და რას აღარ გვპირდებიან, მაგრამ მერე იკარგებიან. "ოცნების" ხალხიც და "ნაციონალებიც" იტყუებიან, სიმართლე კი არავის მოსწონს. რაც აქ ხდება, ბიძინა ივანიშვილმა რომ იცოდეს, რაიმეს იღონებდა...

- მსგავსი პრობლემისგან მომავალში მაინც რომ იყოთ დაზღვეულები, თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?

თამრიკო გოგიშვილი, სოფელ შაშიანის მკვიდრი:

- რაიონში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა რომ გაიხსნას, დიდი შეღავათი იქნება. ჩვენი შვილები ქიმიური ნივთიერებებით დამზადებულ ლიმონათს რატომ უნდა სვამდნენ, როცა ბევრი ხილი გვაქვს: ქლიავი, ატამი, მსხალი, ვაშლი...

იმრან მამედოვი, აზერბაიჯანის მოქალაქე:

- აქ გუშინაც ვიყავი: ვაშლატამა 20 თეთრად ვიყიდე, საბაჟოზე კი კილოგრამ ხილში 1 ლარი და 20 თეთრი გადამახდევინეს. შარშან განბაჟების ფასი 24 თეთრი იყო. კიდევ ერთხელ ვცდი ბედს, მაგრამ მოგება თუ ისევ არ დამრჩა, ცხადია, აღარ გადმოვალ. წელს აქ სიარული მართლაც, ზარალია.

ბაზრობაზე იმ დღეს მართლაც, გასაყიდად ტონობით ხილი იყო გამოტანილი, მყიდველი კი ნაკლებად ჩანდა. დასანანია, გლეხის შრომა რომ არ ფასდება; მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ნატურალურ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენს ქვეყანაში ეს სიმდიდრე გამოუყენებელია. ძალიან ძნელია დაამშვიდო გლეხი, რომელსაც მთელი წლის შრომა წყალში ეყრება... ჩუმლაყელებს დავემშვიდობე, - ხეირი გენახოთ-მეთქი. მანქანას მიყრდნობილი 85 წლის, შრომისგან წელში მოხრილი პაპა გამომეხმაურა:

- ხეირი? ეჰ, აბა, სად არის ხეირი? დავბერდი კაცი და ასეთი ამბავი არ მახსოვს. აქაურობა გაუბედურებულია.

ამავე რაიონის სოფელ კარდანახში 100-მდე ოჯახი დამეწყრილ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

დავით კორახაშვილი, დაზარალებული:

- 3 წელია, ავარიულ სახლში ვცხოვრობ. აქაურობა გეოლოგებმა შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ სახლი საცხოვრებლად უვარგისია, შეკეთებას არ ექვემდებარება. გამგეობაში ხუთჯერ ვიყავი და ეს დასკვნა ვერ იპოვეს. მეუბნებიან, - დაიკარგაო. პრეზიდენტს წერილი ორჯერ გავუგზავნე. არჩევნებამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და სახლი რომ ნახეს, გაიკვირვეს: აქ ბავშვს როგორ აცხოვრებთო? წავიდნენ და გაქრნენ, მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა.

რაიონში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ჯონი ოსიაშვილს შევხვდით და მასთან საუბარი ატმის მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დავიწყეთ.

ჯონი ოსიაშვილი:

- ჩვენს რაიონში ატმის გასაღების მთავარი ბაზარი აზერბაიჯანია, მაგრამ საზღვარზე ფასის აწევის გამო პრობლემა შეიქმნა. რა თქმა უნდა, ეს გლეხების სამართლიან გულისწყრომას იწვევს. აზერბაიჯანულ მხარეს, ფასის დაწევასთან დაკავშირებით, ბოლო 3 კვირის მანძილზე ორჯერ მივმართეთ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაში ეს პრობლემა აღარ იქნება.

- კარდანახში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს რას უპირებთ?

- საქმეში ჩახედული ვარ. ეს პრობლემა 2010 წლიდან არსებობს. ამ ზონაში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს, 15 მათგანის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა. გეოლოგიური დასკვნა ვერც ამ ოჯახებმა წარმომიდგინეს და ვერც გამგეობაში მოიძიეს. ინფრასტრუქტურის მინისტრს წერილობით მივმართე, ამ 15 ოჯახის გასახლება და მათი ბინებით დაკმაყოფილება რომ მოხდეს. ისინი იმავე ფართობს ითხოვენ, როგორშიც ცხოვრობენ; უმრავლესობას 2-სართულიანი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი აქვს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ საკითხს სწავლობს. გპირდებით, მთავრობა რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.

გურჯაანიდან ლაგოდეხში გადავინაცვლეთ. იქ მთავარი პრობლემა წყლით მომარაგების საკითხია. ამ დღეს, ლაგოდეხის ცენტრში მოსახლეობამ აქციაც გამართა.

გივი ლობჟანიძე, აქციის მონაწილე:

- ამ პაპანაქება ზაფხულში დააწესეს გრაფიკი და დილით წყალს 1 საათით გვაძლევენ. თან, ყველაზე ცუდი ის არის, რომ 50-60 წლის წინ დამონტაჟებული მილებიდან მოგვეწოდება დაბინძურებული წყალი. ასე თუ გაგრძელდა, ეს ძლივს გაქართველებული მხარე დაიცლება.

გიორგი ბოკერია: "სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" თავმჯდომარე:

- ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, იმ ჭაბურღილებს აღვადგენდი, რომლითაც კომუნისტების პერიოდში ქალაქი წყლით მარაგდებოდა. ამჟამად წყლის მომარაგების კომპანია ხევის გაფილტრული წყლის მიწოდებაზე გველაპარაკა. ტექნიკურად ეს ძალიან რთულია, რადგან ხშირად არის ღვარცოფი და ნაგებობებს ანგრევს. ბოლოს სინჯი რომ აიღეს, თქვეს: ტექნიკური წყალია და მისი გაუფილტრავად მიღება არ შეიძლებაო... სათავე ნაგებობაზე დიდი თანხა დაიხარჯა, შედეგად კი გადაკეტილი წყალი მივიღეთ.

ვაჟა ტალიაშვილი, აქციის მონაწილე:

- მე "ბასეინის" ძირში, გურამიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ. ხეობაში წყლის ადიდება პრობლემებს გვიქმნის - რამდენიმე ოჯახს წყლით წალეკვის საფრთხე გვემუქრება. არჩევნებია მოახლოებული და მგონია, არა მხოლოდ ლაგოდეხში, მთლიანად ქვეყანაში, ბევრი პრობლემა ხელოვნურად იქმნება, რათა ივანიშვილს ფეხები "მოსტეხონ".

ვლადიმერ ალიბეგაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

- ლაგოდეხიდან წყლით სიღნაღი და დედოფლისწყარო მარაგდებოდა. როცა ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა აირია, ინფრასტრუქტურა მთლიანად გაიძარცვა, ძველი ჭაბურღილები აღარ არსებობს. როგორც მითხრეს, ჭაბურღილების აღდგენისთვის 20 მილიონია საჭირო. ეს თანხა რომც მოვიძიოთ, წყლის ქალაქამდე ამოქაჩვას 1500 კილოვატი საათის ენერგია სჭირდება, რაც წყლის მოხმარებას გააძვირებს. ახლა სულადობის მიხედვით თვეში 30 თეთრს იხდიან.

აქციის მონაწილეებმა წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ 5 დღეში მოსახლეობას გაუფილტრავი წყლის მიწოდება აღუდგება.

ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე სათავე ნაგებობაც მოვინახულეთ. უმძიმესი მდგომარეობა დაგვხვდა: ნაკრძალში შესული დამსვენებლები ხეობის წყალს არ უფრთხილდებიან. ხეზე გაკრულ წარწერას, "ეს სასმელი წყალია და ბანაობა არ შეიძლება", ყურადღებას არავინ აქცევს. უფრო მეტიც, მასში ნარჩენებს ყრიან, ბავშვები ბანაობენ და რაც ყველაზე მეტად შოკის მომგვრელია - გამწმენდი ფილტრის მაგივრობას რამდენიმე დაჟანგული "სეტკა" ასრულებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ "ფილტრში" ხშირად ბაყაყიც გადის და დროთა განმავლობაში, მათი გახრწნილი ნაწილები ონკანებში იჭედება.

ლაგოდეხის ნაკრძალის დატოვების შემდეგ, აზერბაიჯანის საზღვრისკენ გადავინაცვლეთ. ლაგოდეხი-ბელაქანის გამშვებ პუნქტთან ტაქსის მძღოლები დაგვხვდნენ. მათი თქმით, საზღვარზე სამგზავრო ავტობუსებით აზერბაიჯანიდან ბენზინის უკანონოდ გადმოტანა ხდება. რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- ჩვენ აზერბაიჯანში გვიწევს გადასვლა, მაგრამ იქიდან ბენზინის გადმოტანა აგვიკრძალეს. ავზში 10 ლიტრზე მეტი რომ გვქონდეს, 1.000 ლარით დაგვაჯარიმებენ.

- საზღვარზე ბენზინის უკანონოდ შემოტანა არც უნდა ხდებოდეს. არ მეთანხმებით?

- არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ აკრძალვა ყველაზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს. საზღვარს დღეში იმდენი ავტობუსი კვეთს, ვერ დათვლით. არ გეგონოთ, მგზავრები დაჰყავთ. ჰოდა, საინტერესოა, მათზე აკრძალვა რატომ არ ვრცელდება? გვიჩნდება ეჭვი, რომ მთავრობაში მფარველი ჰყავთ. ამით ქართველებზე მეტად, აზერბაიჯანელები სარგებლობენ. იქ საწვავს 90 თეთრად ყიდულობენ, აქ კი მოგეხსენებათ, ბენზინი ძვირი ღირს. ერთ გადმოტანაზე, ნახევარ ტონაზე მეტი გადმოაქვთ. მსუბუქი ავტომობილით საზღვარი თვეში სამჯერ რომ გადაკვეთო, მეოთხე გადმოსვლაზე ავზს შეგიმოწმებენ. აი, აქ "დაპატიმრებული" ავტომობილები დგას, ისინი აზერბაიჯანელებს ეკუთვნით.

მედიატურის მეორე დღეს ყაზბეგში გავემგზავრეთ. შეუძლებელია, კობი-გუდაურის გზაზე დაზიანებულ ტრავერტინებს გულგრილად ჩაუარო. იქ გვირაბის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს. ტრავერტინებზე უცხოელი ტურისტები ამბობენ, რომ ეს ბუნების სასწაულია და მისი დაზიანება საცოდაობაა, ადგილობრივები კი გზის გაყვანის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.

გიორგი ბელიბაშვილი, სამუშაოების ზედამხედველი:

- რამდენიმე დღეა, რაც აქ მიმდინარე სამუშაოებს ვხელმძღვანელობ. ტრავერტინის ჩამოჭრის გარეშე, გვირაბის განახლება შეუძლებელი იყო. მერწმუნეთ, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გზაა.

- სპეციალისტები ამბობენ, რომ დაზიანებული ნაწილის აღდგენას ათეულობით წელი დასჭირდება...

- 15-20 წლის წინ ჩადებულ მილზე 30-40-სანტიმეტრიანი საფარი გაკეთდა. რა ვქნათ, გზის გადაწევა შეუძლებელია.

ნუგზარ ფიცხელაური, ყაზბეგის მკვიდრი:

- მესმის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მაგრამ გზა თუ არ იქნება, აქამდე ვერავინ მოვა. მსმენია, რომ აქაურ წყალს სამკურნალო თვისებები აქვს, რადგანაც დიდი რაოდენობით რკინას და მინერალს შეიცავს.

როგორც ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გივი ქირიკაშვილმა გვითხრა, ახლო მომავალში მუნიციპალიტეტი გამოაცხადებს კონკურსს - როგორ მოეწყოს ტრავერტინების მიმდებარე ტერიტორია, ტურისტების მოსასვენებელი ადგილი, ჯებირები, რათა შემდგომში ეს ძეგლი დაზიანებისგან დავიცვათ.

ყაზბეგში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. ადგილობრივების თქმით, ინფრასტრუქტურა მხოლოდ დაბის ცენტრშია განვითარებული, სოფლებში კი ტურისტების მისაზიდად არაფერია გაკეთებული. ამიტომაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს მესაქონლეობით ირჩენს. მოგეხსენებათ, დარიალის ხეობაში ჰესების მშენებლობაა დაწყებული, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

ნაზი ჩოფიკაშვილი, პედაგოგი:

- ხალხი შეცდომაში შეიყვანეს. ეუბნებოდნენ, - დაგასაქმებთო. ჰესებზე მხოლოდ 60 მოხევე მუშაობს, დანარჩენები ჩამოსულები არიან. მერე ამბობდნენ: ელექტროენერგიას შეღავათიან ფასში მოგაწვდითო. საბოლოო ჯამში, მოხევეებს განადგურებული ეკოსისტემა და მილში მოქცეული თერგი შეგვრჩება. დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდგებით. ვიცით, რომ დაწყებული მშენებლობების შეჩერება ვეღარ მოხდება, მაგრამ ბოლო პერიოდში იმ ჰესების მშენებლობაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომელიც წინა მთავრობას ჰქონდა დაგეგმილი: ეს არის ბროლისწყლის ჰესი და ჯუთა ჰესი. თერგს აქვს შენაკადები, მათ კი მდინარეში დიდი რაოდენობით ქვები ჩააქვთ. მდინარის 90% მილებში რომ მოექცევა, დარჩენილი 10%-ით ინერტული მასალის გატანა ვერ მოხდება. ამბობენ, ტექნიკით გავიტანთო, რაც აბსურდია. ხომ ხედავთ, როგორი ვიწრო ხეობაა?! ჰოდა, აქ ეკოსისტემა მთლიანად მოიშლება, ბალახი გახმება; მშრალი ნიადაგია და საძოვრებიც განადგურდება. დამეთანხმებით, როცა ტერიტორიის მოსახლეობისგან დაცლა იწყება, მერე ის ტერიტორიაც იკარგება. გარემოს დაცვის სამინისტრომ გააკეთა დასკვნა, რომ ბროლისწყლის ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა: ჩვენ მაინც ავაშენებთო. რას ჰქვია, "მაინც ავაშენებთ"?

- მინისტრი მდგომარეობას ადგილზე არ გასცნობია?

- არა, აქ არ მინახავს. ის ჩვენთან მოლაპარაკებაზე მოადგილეს - ილია ელოშვილს გზავნის, რომელიც წარმოშობით მოხევეა და ეტყობა ფიქრობს, რომ ის ადვილად "შეგვაბამს". არადა, ეს პრინციპული საკითხია და დათმობაზე ვერანაირად ვერ წავალთ. ბოლო 20 წელია, რეგიონიდან მასობრივი მიგრაცია ხდება. ამ კუთხის დაცლა ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია იქნება.

გივი ქირიკაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

- ამჟამად ხეობაში დარიალი ჰესის და ლარსი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. ლაპარაკი იყო ბროლისწყლის ჰესზეც, რომლის მშენებლობა 1 თვეა, შეჩერებულია.

- რატომ?

- გარემოს დაცვის სამინისტრომ და ჩვენ დავბლოკეთ. ამჟამად გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე ვმუშაობთ, მოსახლეობასთან შეხვედრებს ხშირად ვაწყობთ. ჰესების მშენებლობას მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც. მოწინააღმდეგეები იმიტომ არიან, რომ დარიალის ხეობა იერსახეს დაკარგავს, თერგი მილებში გადავა და აქაურობა ხეობა კი არა, რკინისა და ბეტონის კონსტრუქცია იქნება. ხალხის გულისწყრომა სამართლიანია!

მედიატურის მესამე დღეს სამცხე-ჯავახეთისკენ გავემგზავრეთ. ბორჯომში "სანატორიუმი ლიკანის" კორპუსში დევნილები ცხოვრობენ.

ნოდარ ქარდავა:

- ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. ამ კორპუსში 124 ოჯახი ვცხოვრობთ, მეორე კორპუსში კი 80 ოჯახია შესახლებული. აქ 20 წლის წინ მოგვიყვანეს და დაგვტოვეს, ყურადღებას არავინ გვაქცევს. შენობა ავარიულია. თითო ოჯახი 12 კვადრატულ მეტრ ფართობის ბინაში ვცხოვრობთ, არადა, ზოგიერთი ოჯახი 8-სულიანია. ეს ფართობი არც ერთ ჩვენგანზე არ არის დაკანონებული. ისიც კი ვერ გავარკვიეთ, მფლობელი ვინ არის. ამბობენ, - კოდუების კუთვნილებააო. წყალს დილით მხოლოდ 1 საათით გვაძლევენ. 1 კვირის წინ სამინისტროში წერილი გავგზავნეთ და ჩვენი მდგომარეობის შესახებ ვაცნობეთ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ლეილა ლაბარტყავა:

- აქედან სადმე წაგვიყვანონ ან ფართობები მაინც დაგვიკანონონ. ჩვენი პატრონი არავინ არის. სოციალურად დაუცველებს რომ გაუორმაგეს დახმარება, ჩვენ რა დავაშავეთ?..

- ამ შენობის მფლობელი ვინ არის?

ვახტანგ ონიკაძე, სააქციო საზოგადოება "სანატორიუმ ლიკანის" დირექტორის მოადგილე:

- შპს "რაიმონდს" ეკუთვნის.

- ხელფასს ვინ გიხდით?

- სანატორიუმის ადმინისტრაცია. ლტოლვილთა მომსახურების ხარჯები სააქციო საზოგადოება "სანატორიუმ ლიკანის" ანგარიშზე ირიცხება, საიდანაც ხელფასები ჩვენც გვირიგდება.

- რამდენი ხანია, რაც ეს შენობა "რაიმონდის" საკუთრებაშია?

- თუ არ ვცდები, საკუთრების მოწმობა წლის დასაწყისში გადაეცა, მანამდე სახელმწიფოს ბალანსზე იყო.

- მფლობელი რას აპირებს?

- ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ხალხს ფართით ან კომპენსაციით დააკმაყოფილებენ. ჩემი ინფორმაციით, ეს წლის ბოლოს უნდა მოხდეს.

- დევნილებმა გვითხრეს, აქაურობა კოდუების ოჯახს ეკუთვნისო.

- ეს ტყუილია.

ორივე კორპუსში საცხოვრებლად აუტანელი პირობებია. სანატორიუმის საერთო ფართობი 34 ჰექტარი გახლავთ. საერთო საცხოვრებელი 7-სართულიანია, ბოლო 2 სართული კი დაკეტილია. ადგილობრივების თქმით, ამ ორ სართულს ადმინისტრაცია აქირავებდა. გაფართოების მიზნით, რამდენჯერმე სცადეს, თითო ოთახი დაეკავებინათ, მაგრამ პოლიციის ძალით გამოიყვანეს. ლტოლვილები ამბობენ, რომ მათთან ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი რამდენჯერმე მივიდა და მან მინისტრის სახელზე წერილიც გაგზავნა, ამ ადამიანების მდგომარეობის შესწავლა მოითხოვა.

გედევან ფოფხაძე, ბორჯომის მაჟორიტარი პარლამენტარი:

- სანატორიუმში შესახლებული დევნილების პრობლემას კარგად ვიცნობ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილიც გავუგზავნე და პასუხს ველოდები. ეს საქმე პირად კონტროლზე ავიყვანე. თუ დამჭირდება, სამინისტროშიც მივალ. შენობების საკუთრებაში გადაცემის საკითხიც ბუნდოვანია და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. იმედია, მალე ყველაფერი გაირკვევა.

დაბოლოს, ქალაქ ახალციხეს ვესტუმრეთ. ამ ქალაქს აღმშენებლობა მართლაც ეტყობა. სასტუმროები, მოპირკეთებული ქუჩები, მოსასვენებელი სკვერები და განახლებული რაბათის ციხე სასიამოვნო სანახავია. გვითხრეს, - ქალაქში წყლის პრობლემა არისო... გაჭირვებული ადამიანების მოსმენითა და მათი პრობლემებით დამძიმებულებმა ივანე ახალციხელის ქუჩისკენ გადავინაცვლეთ. იმ ქუჩაზე გაზიფიცირება ჯერ არ მომხდარა, არც კანალიზაციის სისტემაა მოწესრიგებული, არ აქვთ განათება, მოასფალტებული გზა... პრობლემებზე სასაუბროდ ერთ-ერთ ოჯახს მივადექით და ამ 3 დღის მანძილზე გაღიმებული რესპონდენტი პირველად დავინახეთ. მასპინძელმა გვითხრა: წყლის პრობლემა კი გვქონდა, მაგრამ სამუშაოები ჩაატარეს და ველოდებით, რომ ყველაფერი მოგვარდება. იმედი გვაქვს, სხვა პრობლემების აღმოფხვრაზეც იზრუნებენო, მერე კი შინ შეგვიპატიჟა. მადლობა ინასარიძეების ოჯახს გულთბილი მასპინძლობისთვის. აი, ასეთი იმედიანი იყო პრობლემებით დამძიმებული ტურის დასასრული.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია