დიმიტრი შაშკინის უკანონო მშენებლობები

დიმიტრი შაშკინის უკანონო მშენებლობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური შემოწმება დაასრულა და არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. მრავალგვერდიან ანგარიშში განსაკუთრებულ ყურადღებას დიმიტრი შაშკინის უწყების მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობები იპყრობს, რომლებსაც საზოგადოებას დიდი ზარზეიმით აცნობდნენ ხოლმე.

აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებული, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვისა და კანონდარღვევით ჩატარებული შესყიდვების არაერთი ფაქტიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას პროფესიული კოლეჯისა და გლდანის საცურაო აუზის მშენებლობა იწვევს. დიმიტრი შაშკინმა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სამშენებლო პოლიგონად, მეპატრონეებთან შეუთანხმებლად აქცია. 2011 წლის 15 დეკემბერს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შ.პ.ს. "ანაგისგან" შესყიდულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის საერთო ღირებულება განისაზღვრა 11,507.59 ათასი ლარით. ხელშეკრულება გაფორმდა ისე, რომ სააგენტოს არ შეუდგენია სამშენებლო ობიექტის პროექტი და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. ასევე ობიექტის მშენებლობა დაიწყო შესაბამისი ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა განხორციელდა შპს "ველაჯიოს" საკუთრებაში არსებულ მიწაზე. აქედან გამომდინარე, მშენებლობა განხორციელდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რომელიც არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის სარგებლობაში, რითაც მოხდა კერძო საკუთრების ხელყოფა.

დასკვნის თანახმად, მეორე უკანონო მშენებლობა გლდანის საცურაო აუზია. სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" მიერ გამარტივებული შესყიდვით, შპს "ანაგისგან" შესყიდულია საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 6,554.36 ათასი ლარით. ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 24 მაისს, მაშინ როდესაც აუზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაიწყო 2012 წლის თებერვალში, რაც დასტურდება ფარული სამუშაოების აქტებით. აქედან გამომდინარე, სამუშაოები დაიწყო მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და მშენებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.

სამშენებლო სამუშაოების დაწყების მომენტში მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიმდინარეობდა მშენებლობა, არ იყო სამინისტროს მფლობელობაში: ნაწილი ეკუთვნოდა ფიზიკურ პირს, ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობას. ტერიტორიის ნაწილი უზუფრუქტით გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის მარტში, მშენებლობის დაწყების შემდეგ. 2012 წლის 3 ოქტომბრისთვის საცურაო აუზთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილი დარეგისტრირებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა