მარგველაშვილი 3 აპრილს სასამართლოშია დაბარებული - პირველი სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ

მარგველაშვილი 3 აპრილს სასამართლოშია დაბარებული - პირველი სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი აღიძრა. იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი მოქმედ პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს წევრად ვახტანგ მჭედლიშვილის დანიშვნას ედავება და ამბობს, რომ შესარჩევი კონკურსი პირობების სრული იგნორირებით ჩატარდა. უფრო მეტიც, მისი შეფასებით, აღნიშნულ თანამდებობაზე მჭედლიშვილის გაყვანა კომისიის წევრების მხრიდან წინასწარ იყო განზრახული, რითაც მისი უფლებები დაირღვა.

კახნიაშვილი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და კონკურსის ხელახლა ჩატარებას მოითხოვს.

საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 3 აპრილს პირველ საათზეა ჩანიშნული. გამოცხადდება თუ არა მოქმედი პრეზიდენტი სასამართლოზე, თუ თავის წარმომადგენელს მიავლენს - ჯერჯერობით გაურკვეველია. "მთელ კვირასთან" საუბრისას პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტს სასამართლოდან უწყება არ მისვლია. უფრო მეტიც, არსებული დავის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, მან კომისიის წევრებთან, იურისტებთან ან სხვა საქმის კურსში მყოფ პირებთანაც ვერ დაგვაკავშირა.

"ჩვენამდე ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მოსულა. დაველოდოთ მომართვას და ამის მერე გავაკეთებთ განცხადებას, მივა თუ არა პრეზიდენტი დაკითხვაზე", - განაცხადა მჟავანაძემ.

მოსარჩელე კახნიაშვილი კი აცხადებს, რომ 14 მარტს სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, სადაც მოპასუხე მხარე იურისტი ფიქრია ზირაქიშვილი იყო, რომელიც ვითარებას დეტალურად იცნობს. კახნიაშვილის თქმით, უწყება სასამართლოდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსამზადებელი სხდომის ჩატარებამდე მივიდა, იურისტი ზირაქიშვილი კი მათი მხრიდან მინდობით მიწვეული პირი იყო.

კახნიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული და კონკურსზე შემოსული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01 განკარგულება გამოცემულია 2013 წლის 30 დეკემბრის #30/12/01 განკარგულებით განსაზღვრული წესების დაუცველად და კონკურსი ისეთი დარღვევებით ჩატარდა, რომელთა არარსებობის შემთხვევაში სრულიად სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

როგორც კახნიაშვილი აცხადებს, ვახტანგ მჭედლიშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში გამოვლინდა განზრახ ან უნებლიეთ შეტანილი არასწორი და წინააღმდეგობრივი მონაცემები, მისი წარდგენა მოახდინა არაუფლებამოსილმა სუბიექტმა, ხოლო კანდიდატების შერჩევა - ასევე არაუფლებამოსილმა ორგანომ "კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით" შექმნილმა კომისიამ განახორციელა. აქედან გამომდინარე, კახნიაშვილი ფიქრობს, რომ კონკურსს მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა და სინამდვილეში მჭედლიშვილი წინასწარ შერჩეული კანდიდატი იყო.

"ჩემი მიზანია, რომ სახელმწიფოში სამართლებრივი კულტურა დავამკვიდრო, რადგანაც მიმაჩნია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენთან სამართლებრივი ნიჰილიზმია გამეფებული. პირველ რიგში კი კანონების დაცვა საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ, მათ შორის პრეზიდენტსაც. როცა დავინახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა და საკონკურსო პირობები ირღვევა, სარჩელის შეტანა სამოქალაქო მოვალეობად ჩავთვალე. თუმცა, მანამდე მას ადმინისტრაციული საჩივრით მივმართე და მივეცი შანსი, ეს დარღვევა გამოესწორებინა, მაგრამ ჩემს ამ ქმედებას რეაგირება არ მოჰყოლია.

"ამ სარჩელის მიზანია, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ განუკითხაობაზე, რომელიც სასამართლო ხელისუფლებაში ხდება. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მორჩილი მოსამართლეების ის გუნდი დატოვეს, რომელიც პროკურატურის დავალებებს და მითითებებს ბრმად ასრულებდა. მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს კონტროლს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უწევს და როცა მისი არსებობა ფორმალურია, 99% გამამტყუნებელ განაჩენებს ვიღებთ.

"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იუსტიციის საბჭოში 9 კაცი ძველი ხელისუფლების მიერ იქნა არჩული. ამას დაემატა რამდენიმე ადამიანი ახალი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, უპირატესობა ისევ ძველს დარჩა."

"ამ პროცესში პრეზიდენტს ერთი პირის დანიშვნის საშუალება მიეცა, ამისთვის კი კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობას მეც ვიღებდი. ჩემთვის მოულოდნელად, გაიმარჯვა პიროვნებამ, რომელიც 15 წელია ამ სტრუქტურებში მუშაობდა და ამ ნაკლოვან მხარეებზე ხმა არასდროს ამოუღია. გადავხედე მის დოკუმენტებს და აღმოჩნდა, რომ ის კონკურსის პირობებს საერთოდ არ აკმაყოფილებდა. ამ კაცს სამეცნიერო ნაშრომიც კი არ აქვს დაწერილი.

"სამწუხაროდ, საქართველოში კონკურსები მხოლოდ ფორმალურად ტარდება. თან ევროპულ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და თან კონკურსის ჩატარების ელემენტარული წესები არ ვიცით. თუ არჩევა ასე უნდა მომხდარიყო, კონკურსის ჩატარება საჭირო საერთოდ არ იყო, პირდაპირ დაენიშნათ მათთვის სასურველი წევრი. თუ სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა გვინდა, ჯერ პირობები დავადგინოთ მკაფიოდ და მერე შევასრულოთ კიდეც", - აცხადებს იურისტი.

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე აქცენტს იმ კომისიაზეც აკეთებს, რომელმაც გასაუბრება ჩაატარა და ამბობს, რომ კომისიის სამკაციანი შემადგენლობა არაკომპეტენტური და მიკერძოებული იყო.

"კომისია არ იყო უფლებამოსილი, რადგანაც ის კონკურსის ორგანიზაციული პირობების უზრუნველსაყოფად შეიქმნა და არა შესარჩევად. შესაბამისად, მათი კომპეტენციაც საეჭვოა, ადმინისტრაციის ამ სამკაციან შემადგენლობაში ერთი მარგველაშვილის ყოფილი ცოლისძმა იყო, მეორე საპარლამენტო მდივანი და მესამე ე.წ. კადრების განყოფილების უფროსი.

"ვფიქრობ, რომ მჭედლიშვილის დანიშვნა რომელიმე მათგანის რჩევით მოხდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მასთან მეგობრობა საპარლამენტო მდივან დავით პატარაიას აკავშირებს. პრეზიდენტს ურჩიეს და მანაც ეს გადაწყვეტილება ბრმად მიიღო. მჭედლიშვილი კონკურსის პირობების გვერდის ავლით დაინიშნა. სამწუხაროა, რომ ეს პრაქტიკა საქართველოში ამ დრომდე მიღებულად რჩება", - აცხადებს კახნიაშვილი.

საქალაქო სასამართლოში სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ 16 თებერვალს შევიდა, მოსამზადებელი სხდომა 14 მარტს შედგა, საქმის არსებითი განხილვა კი 3 აპრილს არის ჩანიშნული. მოსარჩელე და მოპასუხე მხარის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის არსებით განხილვაში ვახტანგ მჭედლიშვილიც ჩაერთო.

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ახლად დანიშნული პრეზიდენტი სასამართლოშია დაბარებული. მოსარჩელე ვარ მე, მოპასუხე მხარეს კი წარმოადგენს ბატონი მარგველაშვილი. ამის გარდა, სასამართლომ თავისი ინიციატივით მესამე მხარედ ვახტანგ მჭედლიშვილი ჩართო.

"მოსამართლეს მივმართე, რომ პროცესში კონკურსის სხვა მონაწილეებიც ჩაერთო, მაგრამ ეს შუამდგომლობა არ დამიკმაყოფილდა. 14 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მჭედლიშვილის მხრიდან ადვოკატი დავით ასათიანი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ფიქრია ზირაქიშვილი იყო გამოგზავნილი.

"ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ბატონმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისთვის მზად არის. კარგია თუ ასეა და მისი წინამორბედისგან განსხვავებით ამ პირობას შეასრულებს. სიამოვნებით მოვისმენ მისგან ამ კითხვებზე პასუხებს და გამიხარდება, თუ ამ გადაწყვეტილების სისწორეს არგუმენტირებულად დამისაბუთებს. იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი მოსასვლელად მოიცლის", - განაცხადა კახნიაშვილმა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში აპირებს. კახნიაშვილი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ტიპის დავები წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთანაც ჰქონდა, რომლებიც დიდი დროისა და ძალისხმევის შედეგად მაინც მოიგო.

"ვეცდები სამართლებრივი გზით სამართლიან გადაწყვეტილებას მივაღწიო. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ კონსტიტუცია დაიცვას. თუ ჩვენ არ ვიაქტიურებთ, არაფერი გამოვა", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას კახნიაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც გააკეთეს.

"ეს წევრი ჩვენი მხრიდან არ არის არჩეული და, შესაბამისად, ვერც დარღვევების შესახებ ვიტყვით რამეს. თუ მისი არჩევა არასამართლებრივად მოხდა, ამაზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. ჩვენ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - უთხრა "მთელ კვირას" პრესსამსახურის წარმომდაგენელმა.

რაც შეეხება დავის მთავარ სუბიექტს - ვახტანგ მჭედლიშვილს, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეს ფაქტი არასამუშაო დღით დაასაბუთა.

"მთელი კვირა" კონკურსში მონაწილე კიდევ ერთ იურისტს, მამუკა მდინარაძესაც ესაუბრა.

"მე ამ საკითხით არ ვინტერესდები, შესაბამისად, არც ინფორმაცია მქავს და პოზიციის დაფიქსირებისგანაც თავს შევიკავებ. ამ კონკურეტული პიროვნების ბიოგრაფიას არ ვიცნობ. ამიტომ მისი შეფასება ჩემი მხრიდან არაარგუმენტირებული იქნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, ვახტანგ მჭედლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატად ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატების დამოუკიდებელი პროფესიისათვის" მიერ იყო წარდგენილი. ის პროფესიით იურისტია და სხვადასხვა წლებში მუშაობდა იუსტიციის საბჭოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ასევე კანონშემოქმედებითი მიმართულებით საქმიანობდა. 2013 წელს მჭედლიშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამჟამად იგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ