უგულავას სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით ბრალი წაუყენეს

უგულავას სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით ბრალი წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს შპს "მანი"-ს დირექტორები შალვა კილაძე და გიორგი მჭედლიშვილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა კილაძემ ვერ მოახერხა საგამოძიებო ორგანოში მისვლა, ამიტომ მას ბრალი წარედგინა საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 01 თებერვლიდან, ქ. თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას სიმამარი შალვა კილაძე, მეუღლის ნინა კილაძის სახელით ფლობს შპს "მანი"-ს 50% წილს. 2011 წლის 3 თებერვალს შპს "მანზე" გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახდენს გაჯის მოპოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიით განსაზღვრული იყო გაჯის მოსაპოვებელი ტერიტორია და ნედლეულის რაოდენობა, ნიადაგის მახასიათებლიდან გამომდინარე, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, გიორგი უგულავას მფარველობისა და სამართალდამცავი ორგანოებისაგან ხელშეუხებლობის გარანტიის დაპირებით, შალვა კილაძე ავალებდა საწარმოს დირექტორს გიორგი მჭედლიშვილს და სხვა თანამშრომლებს ლიცენზიით გათვალისწინებული საზღვრების გარეთ გაჯის ნედლეულის მოპოვებას, რა დროსაც შპს "მანის" მიერ სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ იქნა გადამუშავებული 9 475,07 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც საწარმომ მიიღო 138 572 ლარის უკანონო შემოსავალი.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა გაჯის ნედლეულის მოპოვება და გადამუშავება, 2007-2009 წლებში შპს "მანის" თავდაცვის სამინისტროსათვის და სასაზღვრო პოლიციისათვის მიწოდებული აქვს საწოლები და ლეიბები, ასევე ქ. თბილისის მერიისათვის შესრულებული აქვს კონცერტის საორგანიზაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 1 566 521 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ