გიგი უგულავა - "სითი პარკის" საქმეზე შესაძლოა ბრალი წამიყენონ

გიგი უგულავა - "სითი პარკის" საქმეზე  შესაძლოა ბრალი წამიყენონ

გიგი უგულავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 7-საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც უგულავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები ძირითადად ბუღალტერიას შეეხებოდა. უგულავას თქმით, ის "სითი პარკის" საქმეზე დაკითხვას მეტს აღარ ელოდება, თუმცა ბრალის წაყენებას არ გამორიცხავს.

"კითხვები ძირითადად ეხებოდა ბუღალტერიას, სახაზინო კოდებს, ბუღალტრულ ნიუანსებს, რომლის შესახებაც ბუნებრივია, ბევრი არაფერი ვიცი. რაც შეეხება ამ საქმეს, ვვარაუდობ, წინასაარჩევნოდ აუცილებლად გამოაგდებენ "სითი პარკის" თემას. ერთადერთი, მინდა მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ. შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ შემდგომ არბიტრაჟში მთავრობამ წააგოს და სახელმწიფოს დიდი ვალი დაეკისროს. სხვა შემთხვევაში თუ ეს საქმე სასამართლომდე მივა, ვფიქრობ, სასამართლოზე არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თვითონ გამომძიებლებთან პრეტენზია არ მაქვს. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, უკვე დავმეგობრდით კიდეც, ნაწილობრივ, ტელევიზორსაც ვუყურებდით. მაგრამ ის, რაც გარეთ ხდებოდა, გაცილებით უფრო მძიმე სიმპტომებს შეიცავს. ივანიშვილის და ღარიბაშვილის უპასუხისმგებლობით საქართველო და განსაკუთრებით თბილისი შეიძლება დაემსგავსოს კინოსურათს- ნიუ-იორკის გენგები. რეციდივები უკვე არის. ეს კვერცხოსნები და კვერცხოვანი ხალხი თუ არ ალაგმა მთავრობამ, შეიძლება უმართავ სიტუაციაში გადავიდეს. ამ საქმეზე დაკითხვას მეტს აღარ ველოდები, ბრალი შეიძლება წამიყენონ", - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 7 საათის განმავლობაში იკითხებოდა. უგულავამ ჩვენება "სითი პარკთან" დაკავშირებულ საქმეზე მისცა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ