ვისი დაკავებისგან თავის შეკავებას სთხოვს ღარიბაშვილი სამართალდამცავებს

ვისი დაკავებისგან თავის შეკავებას სთხოვს ღარიბაშვილი სამართალდამცავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წისაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკავებებთან დაკავშირებით მორატორიუმს აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა დაკავება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდინონ, თუკი ის გადაუდებელ და გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

"ბოლო დღეების განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ვხედავ, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაგროვილია აგრესია, რომელიც პერიოდულად გამოიხატება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მინდა მივმარო თითოეულ მოქალაქეს – თვითმმართველობის არჩევნებით უნდა მოხდეს კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში რეალური ცვლილება მოხდა და რომ ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომელიც მტკიცედ ადგას დემოკრატიის გზას და არის იმის გარანტი, რომ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. სწორედ ამიტომ მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისგან და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი და გარდაუვალი აუცილებლობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რომ არჩევნების პერიოდში მოხდეს პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა.

"აქვე მინდა მივმართო, ყველა მედიასაშუალებას, რომ ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქონ წინასაარჩევნო პროცესები და ისე მიაწოდონ საზოგადოებას. ასევე მინდა მივმართო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ჩართონ კვალიფიციური დამკვირვებლები საარჩევნო პროცესის მონიტორინგში და მოგვაწოდონ მათი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დავტოვებთ და გავითვალსიწინებთ. ჩვენი მიზანია, არჩევნების შედეგი მთლიანად ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას და მჯერა, რომ ის ისე როგორც საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მართლაც სამაგალითო და უპრეცედენტო მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ