ოლეგ მელნიკოვის 80 წლის დედის წინააღმდეგ საქმე აღძრეს?

ოლეგ მელნიკოვის 80 წლის დედის წინააღმდეგ საქმე აღძრეს?

პატიმარ ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია ,რომ ე.წ. მატროსოვზე პატიმარ ოლეგ მელნიკოვთან შესულია გამომძიებელი დავით ძნელაშვილი, რომელიც ფიგურირებს გარდაცვლილი მოწმის, შალვა თათუხაშვილის საქმეში და, სავარაუდოდ, მასზე ზეწოლას ახორციელებს აღიარებითი ჩვენებების მისაღებად.

"ალია" ანი ნადარეიშვილს დაუკავშირდა: "ჩვენმა ადვოკატმა რომეო საჯაიამ ნახა ძნელაშვილი (იგულისხმება მატროსოვის ციხის ტერიტორია. - შ.გ.) და დაგვირეკა. ის ახორციელებს ზეწოლას მელნიკოვზე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით. ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ვერანაირ ჩვენებას ვერ მისცემს მელნიკოვი, რადგან ბაჩოსთან მას არ უმუშავია და არც არანაირი შეხება არ ჰქონია. თუმცა ვვარაუდობ, რომ მას მიაცემინებენ ჩვენებას ან ჩემს მაზლზე (კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია. - შ.გ.), ან ვანო მერაბიშვილზე. მას აიძულებენ, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება.

სწორედ ამის გამო მისცა აცილება სამ ადვოკატს. ალბათ, ყველაფერს შეჰპირდებიან მას, მაგალითად, როგორ შეუმსუბუქებენ სასჯელს ან გაათავისუფლებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მასაც ისევ ისე "გადააგდებენ", როგორც ყველა დანარჩენი "გადააგდეს". იმას, რომ მელნიკოვს ყველანაირი ფორმით აიძულებენ, აღიარებითი ჩვენება მისცეს და ხელი დაადოს ყოფილ მაღალჩინოსნებს, კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს, რომელიც დედამისს უკავშირდება. ოლეგს ჰყავს 80 წლის დედა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ე.წ. "პერედაჩზე" იყო მოსული ტანსაცმელების შესაგზავნად. ვიღაც ბიჭი მივიდა მასთან და უთხრა, ათი ლარი მიეცი კონტროლიორს და ურიგოდ შეგატარებენო. ეს ქალი არის 80 წლის და რა თქმა უნდა, უჭირდა გრძელ რიგში დალოდება. ამოიღო ათი ლარი და მიაწოდა კონტროლიორს. ამ დროს დაიჭირეს და საქმე აღუძრეს ქრთამის მიცემაზე. ეს არ არის ზეწოლა, როცა 80 წლის დედას ასეთ რამეს მოუწყობენ და სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ?"

"ალიამ" ინფორმაცია გადაამოწმა და მელნიკოვის დედასთან დაკავშირებული ისტორია დადასტურდა. რა გამოდის, "ოცნების" ხელისუფლების წევრებიც ისევ ნაძირალებივით იქცევიან, როგორც "ნაციონალები"? ასე აპირებენ სამართლიანობის აღდგენა?

საინტერესოა ისიც, პროკურატურაც იგივე მეთოდებით ცდილობს აღიარებითი ჩვენებების მიღებას, როგორც ამას ადეიშვილისა და ზოდელავას უწყება აკეთებდა?

"ალია" პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თემურ დოლიძეს დაუკავშირდა:

- მატროსოვის ციხეში სასჯელს იხდის ოლეგ მელნიკოვი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აცილება მისცა კერძო ადვოკატებს და სარგებლობს სახაზინო ადვოკატების მომსახურებით. მელნიკოვის ყოფილი ადვოკატების განცხადებით, პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს ბრალდებულზე.

- გამომძიებელი ციხეში რომ შევიდეს შესაძლოა, ეს ზეწოლა იყოს პატიმარზე? აბა, რა უნდა ქნას პროკურორმა? "ემესიჯოს" პატიმარს? ძალიან ბევრ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მე ნამდვილად არ მეცოდინება, რომელი გამომძიებელი რომელ პატიმართან შედის. ბოდიშით, მაგრამ ვინ ვისთან არის შესული, საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ანგარიში რატომ უნდა ჩაგაბაროთ?

- მითხრეს, მელნიკოვის დედაზე საქმე აღიძრა ქრთამის მიცემის ბრალდებითო. ასეა?

- ქრთამის მიცემის ფაქტი მოხდა, მაგრამ ქალბატონის ასაკის გამო საქმე არ აღძრულა.

"ალია" დაუკავშირდა გამომძიებელ დავით ძნელაშვილსაც. მან ტელეფონზე გვიპასუხა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა, ტელეფონი გაგვითიშა, მოგვიანებით კი მობილური ტელეფონი საერთოდ გამორთო.

ვიდრე გამომძიებელი ძნელაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომ მის ავტომობილზე უცნობმა პირებმა წარწერა დატოვეს. "მკვლელი", "ჯალათი", "მწვალებელი" - ამ შინაარსის წარწერები დახვდა ციხიდან გამოსულ გამომძიებელს კუთვნილ მანქანაზე, ხოლო მანქანის საქარე მინაზე – გარდაცვლილი მოწმის, შალვა თათუხაშვილის ფოტოები.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ