"10 ლარი მივეცი ციხის კონტროლიორს და იუკადრისა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ოლეგ მელნიკოვის დედასთან

"10 ლარი მივეცი ციხის კონტროლიორს და იუკადრისა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ოლეგ მელნიკოვის დედასთან

რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერდა: "ოლეგს ჰყავს 80 წლის დედა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ე.წ. პერედაჩზე იყო მოსული ტანსაცმელების შესაგზავნად. ვიღაც ბიჭი მივიდა მასთან და უთხრა, ათი ლარი მიეცი კონტროლიორს და ურიგოდ შეგატარებენო. ეს ქალი არის 80 წლის და რა თქმა უნდა, უჭირდა გრძელ რიგში დალოდება. ამოიღო ათი ლარი და მიაწოდა კონტროლიორს. ამ დროს დაიჭირეს და საქმე აღუძრეს ქრთამის მიცემაზე. ეს არ არის ზეწოლა, როცა 80 წლის დედას ასეთ რამეს მოუწყობენ და სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ?" ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ოლეგ მელნიკოვის დედას, მადლენა მელნიკოვას დავუკავშირდით.

- პროკურატურამ მართლა წაგიყენათ ბრალი ქრთამის მიცემისთვის?

- მეე? (იცინის). როდესაც პირველად მივედი ოლეგთან ციხეში, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები დამეხმარნენ "პერედაჩის" გადაცემაში. ხომ იცით, ჩვენი ძველებური წესი - ასე კარგად რომ მომექცნენ, მადლობის გადახდა მინდოდა და ვიფიქრე, 10 ლარს მივცემ-მეთქი. დიდის ამბით დამიბრუნეს ფული და გამიკვირდა. როდესაც უკრაინაში იჯდა ოლეგი, იქ პრობლემა არ იყო, პირიქით, ამანათს როცა იბარებდნენ, ფულს თვითონ თხოულობდნენ. უკრაინაში ციხეში არც მივდიოდი, იქ ისეთი რიგები იყო, ჩემი რძლის ახლობელს ვატანდი ამანათს. ბოდიში მოვიხადე, არ ვიცოდი, რომ თანხა არ უნდა შემეთავაზებინა-მეთქი. გამომძიებელი მოვიდა ჩემთან და ახსნა-განმარტება დამაწერინა, რა და როგორ იყო. ამით დამთავრდა ეს ყველაფერი. ეს მოხდა სექტემბერში. ახლა წამიყენეს ბრალი? არ ვიცი, ჯერ ჩემამდე არავინ მოსულა, არც პროკურატურაში დავუბარებივარ ვინმეს. პირველად თქვენგან მესმის. ალბათ ზეწოლაა ისეთი ჩემზე და ყველაზე... არ ვიცი, რაშია საქმე.

74 წლის ვარ. მოგეხსენებათ, რა დროში ვარ გაზრდილი და მეგონა, ახლაც ასე იყო. გადავეცი 10 ლარი კონტროლიორს, იუკადრისა და მითხრა, არა, არ შეიძლებაო. ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე. სულ ეს იყო.

- ოლეგს თუ ნახულობთ?

- არ მაქვს მისი ნახვის საშუალება, ჯერჯერობით არ მიშვებენ მასთან პაემანზე. ალბათ, არ უნდათ, რომ ვნახო.

- თუ იცით, რატომ მისცა ოლეგმა აცილება თავის ადვოკატებს?

- ვიცი, რომ მისცა, მაგრამ რატომ გააკეთა ეს, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- თქვენი შვილისთვის წაყენებულ ბრალზე რას იტყვით?

- ეს ყველაფერი არის ბლეფი, მოგონილია. პოლიციელი, აზარაშვილი, ვისი ცემის გამოც გამოუტანეს ოლეგს განაჩენი, ჩემს შვილს ცხოვრებაში არ უნახავს. არც იცის, ვინ არის და რატომ, რისთვის წაუყენეს ასეთი სასჯელი - 3,9 წელი? მაშინ, მეც ჩამსვან ციხეში, დიდი სიამოვნებით ჩავჯდები. მეც გამომიჩენენ ალბათ, მიზეზს. ოლეგს ახლა სახაზინო ადვოკატი, ვიღაც ვარლამი იცავს.

- აპირებს ოლეგი გამოძიებასთან თანამშრომლობას?

- არაფერი არ ვიცი.

ნანა ფიცხელაური, ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ