მარინა ბერიძეს მილიონობით ლარის არასწორად განკარგვას ედავებიან

მარინა ბერიძეს მილიონობით ლარის არასწორად განკარგვას ედავებიან

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე კულტურის სამინისტროში მარინა ბერიძის საქმიანობის ბოლომდე შესწავლას მოითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მჟავანაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მარინა ბერიძე პასუხისმგებლობიდან თავის აცილების მიზნით გადადგა, ხელისუფლებამ არ უნდა შეაჩეროს გამოძიება, რომელიც დაწყებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ.

"ჩვენ მოვითხოვთ, ყველაფერი ეს ბოლომდე იქნას მიყვანილი. მილიონობით ლარის არასწორად, გაუმჭვირვალედ განკარგვა ხდებოდა, კითხვები არსებობს ასევე ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით. ამ ყველაფერში სწორედ მარინა ბერიძე და სოფო აბულაძე იყვნენ ჩართულები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კულტურულ ღონიძიებათა დეპარტამენტი კორუფციულ სქემებში იყო გახვეული", - განაცხადა მან.

როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნა, განცხადება პროკურატურაში 1 თვის წინ შეიტანეს, რის შემდეგაც პროკურატურამ ქვემდებარობის წესით, განცხადება საგამოძიებო სამსახურში, მან კი კულტურის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურში გადააგზავნა.

"პროკურატურას იმიტომ მივმართეთ, რომ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხდებოდა გაუმჭვირვალედ, პირდაპირი წესით. ამასთან ერთად არ არის წარგენილი ხარჯთაღრიცხვა ამ კომპანიების მიერ. მარინა ბერიძე იყო კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უშუალოდ მისი პრეროგატივა იყო ხელშეკრულებების მომზადება და აღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულების დადება. ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ მისი საქმიანობა შესასწავლია და სწავლობენ კიდეც. გადადგომა იყო პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა. გადადგომა კი არ არის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველი", - განცახდა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

მან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურულ ღონისძიებათა გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდა.

"26 მაისი მოდის, კიდევ უნდა დაიგეგმოს კულტურული ღონისძიებები და კულტურის სამინისტროს მოვუწოდებ, გამჭვირვალედ მოხდეს კონცერტების ჩატარება", - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ