"კახეთში ბიძები სანადირო თოფით დახოცა" – მოზარდთა მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები საქართველოში

"კახეთში ბიძები სანადირო თოფით დახოცა" – მოზარდთა მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები საქართველოში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, 12-დან 14 წლამდე არასრულწლოვანს არ შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 წელზე მეტი ხნით. 14-დან 16 წლამდე მოზარდს - 10-ზე მეტი წლით, ხოლო 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადაა 15 წელი. სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ბავშვის უფლებათა ცენტრის 2013 წლის მონაცემებით, 675 არასრულწლოვანმა ჩაიდინა დანაშაული, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 443-ის მიმართ დაიწყო. შეგახსენებთ ახლო წარსულში სისასტიკით გამორჩეულ დანაშაულებს, რომელთა ჩამდენებიც არასრულწლოვნები არიან:

არასრულწლოვანმა ერთ დღეს ორი დანაშაული ჩაიდინა

18 წლის გიორგი ლ-მ ორი დანაშაული - მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა. მან 2012 წლის 2 იანვარს 17 წლის სანდრო დ. მოკლა. იმავე დღეს მან თან ნაქონი დანით ჭრილობა მიაყენა კიდევ ერთ პირს და მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და მკვლელობის მეოთხე დღეს, 6 იანვარს არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემზარავი მკვლელობის მიზეზი ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რა დროსაც ბრალდებულმა დანით 17 წლის ახალგაზრდა დაჭრა. სანდრო დ. მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს, გიორგი ლ-ს აბაშიძის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა უცნობ პირებთან და დანით მუცელში დაჭრა არასრულწლოვანი. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გიორგი ლ. 2 იანვარს ჩადენილ დანაშაულს ასე იხსენებს: ,, 2012 წლის 1-ელ იანვარს, ჩემს მეგობარს და სანდრო დ-ს მოუვიდათ შელაპარაკება, რის შემდეგაც მოხდა ჩხუბი. მეორე დღეს დამირეკა ვიღაცამ სანდრო დ. გელოდება ,,პოპულისა" და ,,იოლის" წინო. გადავედი, შევხვდი მაგ ბიჭს. ჩავედით ეზოში, ვილაპარაკეთ. დამარტყა ხელი, დავინახე დანა ეჭირა, ამოვიღე დანა და დავარტყი ერთხელ და გავიქეცი. აბაშიძეზე რომ მივრბოდი, 4 ბიჭი იდგა, იგინებოდნენ, შევტრიალდი, მე ხომ არ მაგინებთ-მეთქი? მაგის გამო მოგვივიდა შელაპარაკება, ჩავედით ფალიაშვილზე, მაგ ბიჭსაც ერთხელ დავარტყი დანა და გავიქეცი, რის შემდეგაც ვიმალებოდი."

შეყვარებულისთვის "ლომკის მოსახსნელად" 17 წლის გოგონამ ქუჩაში ქალი დააყაჩაღა

შეყვარებულის გამო ჩადენილი ძარცვისთვის 18 წლის გოგონას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. რეალურად, განსასჯელმა დანაშაული მართლაც შეყვარებულის "გადასარჩენად" ჩაიდინა, მაგრამ, საინტერესოა სხვა გარემოება – 26 წლის კაცს ნაქურდალი ე.წ. პლანისთვის, ანუ "ლომკის მოსახსნელად" სჭირდებოდა, რის გამოც გოგონას ქურდობა აიძულა.

18 წლის მარიამ ვ-ს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტით, ბრალი ძარცვაში დაედო. სასამართლომ მას 4 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, ვინაიდან დანაშაული არასრულწლოვნობის პერიოდში ჩაიდინა (17 წლისამ), მასზე სს კოდექსის 77-ე მუხლის მეოთხე ნაწილი გავრცელდა და სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა. საბოლოოდ, ის 3 წლითა და 6 თვით ჩასვეს ციხეში, ნაქურდალის ანაზღაურება კი მის შეყვარებულს დაეკისრა.

თბილისში, ნაძალადევში ლილი რ. მეგობარ ქალბატონთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც უცნობმა გოგონამ ყელიდან ოქროს მსხვილი ძეწკვი ჩამოგლიჯა და გაიქცა. დაზარალებულმა მაშინვე პოლიციას აცნობა და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, საქმე მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ გაიხსნა. 18 წლის მარიამ ვ-ს ბრალი ძარცვის მუხლით წაუყენეს და პატიმრობაში აიყვანეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა და შემდეგ თავად განსასჯელმაც აღიარა, დანაშაულის ჩადენამდე მას ჰყავდა შეყვარებული, გოგა ტ. რომელთანაც ინტიმური კავშირიც ჰქონდა, რაც მისმა ოჯახმა არ იცოდა, რადგან გოგონას ძალიან ეშინოდა მშობლების. მისი თქმით, გოგას მშობლები შეძლებულები იყვნენ, რის გამოც მას ფული მუდამ ჰქონდა და მარიამს ყველა სურვილს უსრულებდა, მაგრამ, ბოლო პერიოდში პირიქით მოხდა – გოგა ფულს მას სთხოვდა. განსასჯელმა განმარტა, რომ დანაშაული სწორედ მის გამო ჩაიდინა, ეს მას გოგამ აიძულა. კერძოდ, მისი აღიარებიდან ირკვევა, რომ გოგა ნარკომანი იყო და ფული ამ მიზნით სჭირდებოდა. ხოლო, თუ ასე არ მოიქცეოდა, ანუ, ფულს თუ არ უშოვიდა, მისი თქმით, შესაძლოა, შეყვარებული მომკვდარიყო...

სასამართლომ ყველა დეტალის გათვალისწინებით გოგონას სასჯელის მინიმუმი მიუსაჯა. რაც შეეხება ზარალს – 1 300 ლარს (ყელსაბამის ღირებულება), მისი გადახდა გოგა ტ-ს დაეკისრა, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულისთვის გაასამართლეს...

მოზარდი ბიძების მკვლელობისთვის დააკავეს

2010 წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ასკილაურში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე სანდირო თოფით მოკლა მამის ძმები - შოთა და გელა ღ-ები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილი გელა ღ-ს ავტომანქანით მიიმალა. ბრალდებული 2010 წლის 10 ნოემბერს კახეთის საპატრულო პოლიციამ თელავში დააკავა. გატაცებული ავტომანქანა 21 ოქტომბერს იპოვეს თელავის რაიონის სოფელ ართანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ნანა ფიცხელაური, Ambebi.ge

(გაგრძელება იქნება)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ