გიგი უგულავას პირველი კომენტარი საგამოძიებოს დატოვების შემდეგ - "მთავარი მოწმე კობა ბექაურია"

გიგი უგულავას პირველი კომენტარი საგამოძიებოს დატოვების შემდეგ - "მთავარი მოწმე კობა ბექაურია"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსის, გიგი უგულავას განცხადებით, მის საქმეში მთავარი მოწმე არის კობა ბექაური. როგორც უგულავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, თუ რა შუაშია იმ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ის პასუხისგებაში მისცეს.

"ბრალდება არის აბსურდული და მთავარი მოწმე ამ ბრალდებაში არის კობა ბექაური. როცა ეს გავიგე, ხუთი წუთი ვფიქრობდი, თუ საერთოდ რა კავშირშია ის ამ საქმესთან. აქედან გამომდინარე, საქართველოში სელექციური მართლმსაჯულება კი არ არის, საქართველში ცინიკური მართლმსაჯულებაა და ეს მოდის ერთადერთი ადამიანისგან, მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, მის ადვოკატებს კობა ბექაურის ჩვენების გაცნობის საშუალება გამომძიებლებმა არ მისცეს.

"როგორც წესი, ტომებს გადმოგვცემენ ხოლმე, მაგრამ გვითხრეს, რომ საქმის მასალები ჯეროვნად არ არის. ადვოკატის მოთხოვნაზე, რომ ბექაურის ნაწილი მოეცათ, უპასუხეს, რომ ის საქმეში იქნება, ხუთი წუთი სჭირდებოდა ბექაურის ჩვენება რომ მოეცათ, თუმცა არ მოუციათ. როგორც ჩანს, ეს არის შაბლონური ჩვენება. თუმცა, მეც დიდი სიამტკბილობით წავიკითხავდი მის ჩვენებას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, ბრალდება რომელიც მას დღეს წაუყენეს, სრულიად აბსურდულია.

"ამ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა. ამას სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ. ჯერ საქმის ბრალდება არ გადმოუციათ, აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან და თვითონვე არ იციან არა უნდათ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, ბრალდება არის ყურით მოთრეული.

"ეს არის იმდენად ყურით მოთრეული და უაზრო ბრალდება, რომ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. რაღაც შტრიხკოდებზე მსჯელობენ, რომლებზეც მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. ამით არ ვამბობ იმას, რომ სხვა ვინმეს აქვს წარმოდგენა და სხვა ვინმე არის დამნაშავე. არავინ ამ საქმეში დამნაშავე არ არის და არავის არ ჩაუდენია დანაშაული. ეს არის ცვედანის და იდიოტის მიერ წარმოებული პაირკამპანია დავით ნარმანიას სასარგებლოდ", – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, საგზაო პარკირების მიმართ ყველა ქალაქში აქვთ უკმაყოფილება და "სითი პარკზე" დარტყმით მთავრობა ცდილობს აწარმოოს საარჩევნო პიარკამპანია მსგავსი მეთოდებით.

გიგი უგულავას ახალი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავა სისხლის სამართალის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

"თბილისის მერმა - გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სი-თი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ