გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა

გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. სასამართლო პროცესს გიგი უგულავა ესწრებოდა. სასამართლო სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ უგულავას ოჯახის წევრები და თანაპარტიელები გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე და სხვ. სასამართლოს ეზოში კი გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

თბილისის ყოფილი მერს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი დღეს წარედგინა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ამასთან, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას წარედგინა ბრალდება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ.

პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დღესვე ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში იშუამდგომლა გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ - პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ