"აღიარე რომ "სტარიჩოკა" შენ მოკალიო. არ აღიარა, წამალი ჩაუდეს და მაინც დაიჭირეს"

"აღიარე რომ "სტარიჩოკა" შენ მოკალიო. არ აღიარა, წამალი ჩაუდეს და მაინც დაიჭირეს"

თელავში მცხოვრები 30 წლის ლევან დავითაშვილი 8 ივლისს, ღამით, საკუთარ სახლთან დააკავეს. პოლიცია მას ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. დაკავებულის ოჯახის წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ დაკავებამდე პოლიცია ლევან დავითაშვილისგან 35 წლის არჩილ მაისურაძის, მეტსახელად "სტარიჩოკას" მკვლელობის აღიარებას ითხოვდა. "სტარიჩოკა" მიმდინარე წლის 14 ივნისს, ღამით, თელავის ცენტრში ჩაცხრილეს. პოლიციას საქმე ამ დრომდე გაუხსნელი აქვს.

ლევან დავითაშვილი ნასამართლევია. სასჯელს ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა წელიწადნახევრის წინ, ამნისტია შეეხო და გათავისუფლდა.

ლევან დავითაშვილის მეუღლე ანა ქიზიყელაშვილი ამბობს, რომ ჯერ ლევანი დააკავეს, შემდეგ კი ბინა გაჩხრიკეს.

"ღამის ორ საათზე დააკავეს ჩემი მეუღლე სადარბაზოსთან. 3 საათზე სახლში ჩხრეკაზე მოვიდნენ. მკითხეს, რომელია თქვენი საძინებელიო. საკუთარი თვალით დავინახე გაზეთში გახვეული როგორ დადეს ლეიბის ქვეშ. გამოვვარდი და დავიწყე ყვირილი. რას აკეთებთ, ეს რა დამიდეთ, ანაბეჭდები აიღეთ მეთქი. ანაბეჭდების აღება გაზეთზე არ ხდებაო. მაშინ გახსენით და წამალს აუღეთ მეთქი. ეხლა მოდი, ხელი მოგვიწერე რომ ნამდვილად შენს ოთახში აღმოვაჩინეთ, შენი მეუღლის საწოლშიო. იდო აფუმფულებული, ლეიბს ხომ უნდა დაეტკეპნა გაზეთი იქ რომ ყოფილიყო. 7 აბი და კიდევ ნაწილი იყო გაზეთში გახვეული. დათო ნეკერაული იყო, რომელმაც დამიდო. ჩემი მაზლის კლასელია და იქიდან ვიცნობ", - უთხრა კახეთის სინფორმაციო ცენტრს ლევან დავითაშვილის მეუღლემ ანა ქიზიყელაშვილმა.

მისივე თქმით, ნეკერაული მას მეუღლის მოკვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ხელს არ მოაწერდა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სუბოტექსი ნამდვილად მის საწოლში აღმოაჩინეს: "მოდი, ხელი მოაწერე საბუთს, რომ შენ ლოგინში ვიპოვეთ სუბოტექსიო. არ მოგიწერთ, ჩემი და ჩემი ოჯახის არ არის მეთქი. მოაწერე ხელი, თორემ ლევანი უკვე ჩვენთან არის, დაკავებულიაო და მოგიკლავთო. ბორკილები ადევს და ციხემდე არ მივაღწევინებთო. მეზობელიც გვყავდა მოწმედ ჩამოყვანილი რომ არაფერი დაგვიდონ მეთქი და ვუთხარი, მოაწერე ხელი ლევანი არ მომიკლან მეთქი".

ოჯახის წევრების თქმით, მათ ადვოკატისგან აქვთ ინფორმაცია, რომ დაკავებულს პოლიციის სამმართველოს შენობაში წყალში გახსნილი ნარკოტიკი დაალევინეს და შემდეგ ჯიბეში 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს.

"ჩემმა ძმამ ადვოკატს მოუყვა, რომ "სნოს" ბოთლით მიუწოდებიათ წყალი, დალიეო. დაალევინეს ეს დაყენებული წყალი და მერე უთხრეს, აი რა ამოგიღეთო", - ამბობს დაკავებულის და, მაია დავითაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ