პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 20 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დაკავებულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიც. ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელს "მატროსოვის" ციხეში იხდიან. Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა პირობებში უწევთ მათ პატიმრობის გატარება.

ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი უპრეტენზიო პატიმარია და ხშირად სეირნობის უფლებითაც კი არ სარგებლობს.

- ქალბატონო ანი, რა პირობებში უწევს ბაჩო ახალაიას პატიმრობის გატარება?

- პირველ რიგში ვიტყვი, რომ 20 თვეა წინასწარ პატიმრობაშია და როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფს, არანაირი შეხვედრა არ ჰქონია ოჯახის წევრებთან. სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებაც კი არ აქვს, რადგან მსჯავრი არ ადევს. ადვოკატებისგან ვიცი, რომ ჩვეულებრივ პირობებში იმყოფება. ბაჩო მარტო ზის პატარა კამერაში. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორი თავიდანვე ეკუთვნოდა, ოთხთვენახევარი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, მისი უფლებები ამ მხრივაც დაირღვა, ჩვენი ძალისხმევით ამ პერიოდის შემდეგ მისცეს ტელევიზორის შეტანის უფლება, რომელიც ციხის მაღაზიაში შეიძინა. რაც შეეხება ჭორებს, რომ მას აქვს ინტერნეტი საკანში, ეს ჩვეულებრივი ჭორებია.

- მოსწონს თუ არა ციხის მენიუ?

- ბაჩო პრეტენზიული არ არის, ერთადერთი ვიცი, რომ კმაყოფილია პირობებით. მას პატივისცემით ეპყრობიან ციხის თანამშრომლები, სასამართლოზეც ჩანს, ბადრაგთან როგორი ურთიერთობა აქვს. არაფერზე გამოუთქვამს პრეტენზია.

- თქვენ რა სახის საკვებს უგზავნით?

- მხოლოდ ხილის და წვენების შეტანის უფლება აქვთ პატიმრების ახლობლებს, მაგრამ ბაჩო წვენებს და ხილს არ მიირთმევს. მხოლოდ ახალ წელს და აღდგომას იყო დაშვებული ყველა პატიმრისთვის საკვების შეტანის უფლება. ლიმიტირებული სიის მიხედვით, შევუგზავნეთ საკვები. რასაც ვუგზავნი, თეთრი პერანგებია, რომლითაც სასამართლო პროცესებზე დადის.

- რა სიგარეტს ეწევა ციხეში?

- როგორც ყველა პატიმარს ბაჩოსაც ბარათი აქვს და ამით იძენს ციხის მაღაზიაში სიგარეტს. როგორც ტელევიზორი იყიდა ციხის მაღაზიაში, ისე ყიდულობს სიგარეტს. სასამართლოზე ჯიბიდან უჩანს წითელი მალბორო და როგორც ჩანს, ამ სიგარეტს ეწევა.

- პატიმრებს განსაკუთრებით აწუხებთ ცხელი ამინდები საკანში, ბაჩო ახალაიასაც აქვს ეს პრობლემა?

- ბაჩოს უყვარს ზაფხული, სიცხე არ აწუხებს. ციხის მაღაზიაში იყიდება ე.წ. ვენტილატორი, რომელიც აქვს შეძენილი და აქვს საკანში.

- რა თანხას ურიცხავთ ციხის ბარათზე?

- მე არ მიწევს მასთან თანხის გადარიცხვა, ფაქტობრივად, მეგობრები ურიცხავენ. ერთი-ორჯერ გადავურიცხე, ერთხელ 200 ლარი ჩავურიცხე და მეორედ მგონი, უფრო ნაკლები, ზუსტად არ მახსოვს.

- არ გიცდიათ მასთან შეხვედრა, თუნდაც ბავშვი, რომ ენახა?

- ჩემმა მამამთილმა, როგორც პარლამენტის წევრმა და ბაჩოს მამამ პროკურატურას მიმართა ამ თხოვნით. რადგან ბაჩო წინასწარ პატიმრობაშია, პროკურატურას ერიცხება პატიმარი, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალა პროკურატურამ. მე თავმოყვარე ადამიანი ვარ და არ მიმიმართავს პროკურატურისთვის.

- პრესას თუ ეცნობა ციხეში?

- როცა ტელევიზორი და რადიო არ ჰქონდა, რამდენჯერმე მოითხოვა გაზეთები, რომელიც ფოსტით გავუგზავნეთ. ახლა აღარ მოუთხოვია. საკანში უამრავი წიგნი აქვს, უკან არცერთი არ გამოუგზავნია. ე.წ. დაჩკებიდან ვუგზავნით წიგნებს, დღეში ათ წიგნზე მეტის გაგზავნა არ შეიძლება, თითქმის ყოველდღიურად ვუგზავნით ამ რაოდენობის წიგნს.

- მის შესახებ ხშირად იწერება პრესაში სხვადასხვა სახის სტატიები, რომელიმე სტატიაზე განსაკუთრებით ხომ არ აღშფოთდა?

- მისთვის ეს არ იყო ახალი. დაკავებამდეც იწერებოდა და ტელევიზიითაც აჩვენებდნენ ბაჩოს შესახებ ყველაფერს. დღევანდელ სასამართლო პროცესებზე, რომელიც მიდის ციხის საქმესთან დაკავშირებით, ბაჩო ციხის ყველა თანამშრომელს ეკითხება, ის რაც პრესაში იწერება, თითქოს სცემდნენ, აუპატიურებდნენ, თითებს აჭრიდნენ და სისხლში აბანავებდნენ პატიმრებს, ხდებოდა თუ არა ეს მისი მინისტრობის დროს და ყველა თანამშრომელი უარყოფს ამას.

- რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობს ბატონი ბაჩო?

- უფრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას ეცნობა, ასევე, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს ვუგზავნით.

- წერილებს გიგზავნით ციხიდან?

- წერილის გაგზავნის უფლებაც არ აქვს. მისი უფლებები უკვე ძალიან ირღვევა. კესო საერთოდ არ უნახავს. 6 თვის იყო ბავშვი როცა დააკავეს. ერთი სურათის გაგზავნა შეიძლება, მაგრამ შეგნებულად არ ვუგზავნი, სასამართლოზეც არ მიმყავს. მძიმეა მისთვის შვილი შორიდან დაინახოს. ვუფრთხილდები, თვითონაც ცდილობს ასეთ თემებზე არ იფიქროს.

- სეირნობის უფლებით თუ სარგებლობს?

- მას აქვს 24 საათის მანძილზე ერთი საათით სეირნობის უფლება. არის რაღაც შენობა, რომელსაც კედლები აქვს და მხოლოდ ცა ჩანს. როგორც ვიცი, ბაჩო იშვიათად სეირნობს.

- სხვა პატიმრებთან ურთიერთობის უფლება თუ აქვს?

- არა, უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც გამოყავთ ადვოკატთან შესახვედრად, იმ დროს ყველა საკანი და დერეფანი იკეტება. სხვა პატიმარს რომ არ შეხვდეს. იმიტომ კი არა, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, არამედ იმიტომ, რომ ვინმესთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდეს. ბაჩო ზის კორპუსში, სადაც უგულავა, მერაბიშვილი და მისი თანაგუნდელები არიან. მაგრამ მათთან ურთიერთობის საშუალება არ აქვს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი წელიწადზე მეტია ციხეში ზის, ისევე როგორც ბაჩო ახალაია თავდაპირველად მერაბიშვილიც ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, მას საკანში ტელევიზორის შეტანის უფლებას არ აძლევდნენ. პატიმარმა მერაბიშვილმა საკანში ტელევიზორის შეტანის მიზნით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთი წლის წინ "ყველა სიახლისთვის" მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ვანო მერაბიშვილი ციხის თანამშრომლებთან თავაზიანად იქცევა. სისტემატურად ვარჯიშობს. ეწევა სიგარეტს. საშუალოდ, კვირაში ერთხელ ყიდულობს 10 კოლოფ რვა ნომერ "კენტს".

მისთვის განკუთვნილი დღის მენიუდან იღებს ყველაფერს, გარდა რძის ნაწარმისა და პურისა. სარგებლობს დაწესებულების მაღაზიით, სადაც ყიდულობს შემდეგ ნივთებს: პირველადი მოხმარების საგნებს, სიგარეტს, ძეხვს, თევზეულს, წყალს, მინერალურ წყალს, "სანდორას" წვენებს, "ნატახტარის" ლიმონათს, ყავას, ჩაის, ყველს, შოკოლადს, ბოსტნეულს, ასაწონ ნამცხვარს, პურს, მაიონეზს, ჰერკულესს, ჩიფსს, არაჟანს, ყავისფერ შაქარს, სანთელსა და ნახშირს. კითხულობს სისტემატურად, ხშირად შემოსდის წიგნები საფოსტო გზავნილის სახით და ამანათი.

გიორგი ჩივიაშვილი (ვანო მერაბიშვილის ადვოკატი)

- რა პირობებში უწევს სასჯელის მოხდა ვანო მერაბიშვილს?

- თუ არ ჩავთვლით, რომ ის მარტო ზის საკანში, სხვა მხრივ კარგ პირობებშია. მისი ცალკე განთავსების არგუმენტად ციხის ადმინისტრაციას მოაქვს ის, რომ ვანო მერაბიშვილი არის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი, მაგრამ ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებული პირობები უარესობის მხრივ, არ უნდა ჰქონდეს.

- შეხვდა თუ არა ოჯახის წევრებს?

- სარგებლობს ოჯახთან შეხვედრის უფლებით. თუმცა რამდენჯერ შეხვდა, ვერ გეტყვით. გრძელვადიანი პაემნით ვერ სარგებლობს სამწუხაროდ, რისი უფლებაც სხვა პატიმრებს აქვთ. ამას ციხის ადმინისტრაცია იმით ხსნის, რომ ინფრასტრქტურა შესაბამისად არ არის მოწყობილი.

- სარგებლობს სეირნობის უფლებით?

- 45 წუთით აქვს გასეირნების უფლება, როგორც ყველა სხვა პატიმარს და იყენებს ამ უფლებას. სარგებლობს ციხის მაღაზიით, უგზავნიან წიგნებს, ეცნობა პრესას.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მას სიცხე აწუხებს საკანში და ითხოვს შორტების ჩაცმის უფლებას, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია?

- იყო ასეთი საუბარი. მივწერეთ სახალხო დამცველს, თუ გაითვალისწინებენ მის მოთხოვნას, როგორც ყველა სხვა ადამიანი, ვანო მერაბიშვილიც ჩაიცმევს შორტებს.

- ე.წ. ვენტილატორი არ აქვს საკანში?

- არ ვიცი.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, "ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია იმყოფებიან იმავე პირობებში და სარგებლობენ იმავე უფლებებით, როგორიც N9 დაწესებულებაში განთავსებულ სხვა პატიმრებს აქვთ. აქვთ წვდომა ჟურნალ-გაზეთებზე. არ აქვს წვდომა არც კომპიუტერულ ტექნიკასთან და არც ინტერნეტთან. კანონით გაწერილია, თუ რამდენჯერ შეუძლია ოჯახის წევრთან შეხვედრა როგორც ბრალდებულს, ისე მსჯავრდებულს, თუმცა რა სიხშირით ისარგებლებენ ამ უფლებით აღნიშნული პატიმრები, ეს მათი გადასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებული ინტერესის დაკმაყოფილება უწყებას არ შეუძლია. აღნიშნული ბრალდებულები მისაღები ფორმით ურთიერთობენ ბადრაგთან". კითხვაზე, გამხდარან თუ არა ავად პატიმრობის პერიოდში, სამინისტროს ასეთი პასუხი აქვს: "სამინისტროს მხრიდან ჯანმრთელობის პრობლემებსა და სამედიცინო დახმარებაზე საუბარი პირის ნებართვის გარეშე, პაციენტის უფლების დარღვევაა".

თამარ ბოჭორიშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ