ფონიჭალაში ყვთელი ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე მგზავრმა მძღოლს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი განცხადებით, მგზავრმა მძღოლს დაარტყა და გაიქცა, გაქცეულს კი მძღოლი გაეკიდა, რომელმაც ქვას წამოჰკრა ფეხი და წაიქცა.
თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
"გავიგონე ჩოჩქოლის ხმა და ყვირილი, წყალი, წყალიო, ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, წაქცეული ძალიან ცოტა ხანს სუნთქვდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ", - ყვება მუშა, რომელიც შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობაზე მუშაობს.
მისი თქმით, პირადად არ დაუნახავს ჩხუბი, თუმცა ხალხი ამბობდა, რომ მგზავრმა ცემა მძღოლი.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ განაცხადა, რომ დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, N19 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
კომპანია მძღოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამასთან, საქმე გადაკვალიფიცირდა და ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
როგორც "ამბები.გე"-ს შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, თავდაპირველად საქმე აღძრული იყო 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კი საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა.
თეა ბითაძე, AMBEBI.GE
იხილეთ ასევე: მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა