8 წლის ბავშვის სიკვდილში ოჯახი ექიმს ადანაშაულებს

8 წლის ბავშვის სიკვდილში ოჯახი ექიმს ადანაშაულებს

8 წლის ქრისტინა კურგინიანი 26 იანვარს, თანატოლებთან ერთად, საკუთარ სახლში თამაშობდა. ბავშვებმა უთხრეს, რომ მასთან თამაშს აღარ გააგრძელებდნენ. ქრისტინა გაბრაზდა, კარადის თავზე აძვრა და შიზოფრენიით დაავადებული ბიძის ფსიქოტროპული წამლები: ციკლოდოლი, აზალეპტინი და ჰალოჰერიდოლი დალია.

"ერთი ბავშვი ხედავდა, წამლებს როგორ სვამდა. რომ დავინახე ხელმეორედ ძვრებოდა დასალევად, დავუყვირე, რას აკეთებ მეთქი. მითხრა, ერთი ცალი უკვე დავლიეო. რამდენი დალია არ ვიცი, მაგრამ, მაშინვე ჩავაცვი და საავადმყოფოში თავისი ფეხით წავიყვანე" - ამბობს გარდაცვლილის დედა ვერა სოკოლოვა.

"უნიმედი სამცხეს" ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში ქრისტინას კუჭი ამოურეცხეს. როგორც ამავე დაწესებულების "პაციენტის გასინჯვის ფურცლებში" ვკითხულობთ, ამ დროისთვის ბავშვი გულისტკივილს უჩიოდა, იყო კონტაქტური და კითხვებსაც ადექვატურად პასუხობდა. კუჭის ამორეცხვის შემდეგ გოგონას "რინგერი" გადაუსხეს.

"ექიმებმა მითხრეს, ნუ გეშინია, კარგად იქნებაო და დასაძინებლად წავიდნენ. მაგრამ, ბავშვი არ მომწონდა, პერიოდულად ფრჩხილები უშავდებოდა, მალე კრუნჩხვაც დაეწყო", - ყვება გარდაცვლილის დედა.

მისი თქმით, მდგომარეობის გაუარესების გამო ქრისტინა რეანიმაციაში გადაიყვანეს, აქაც რინგერი დაუდგეს და რადგან ბავშვს კრუნჩხვა ჰქონდა, ხელების დაკავება დედას სთხოვეს.

"ამასობაში ჩვენი კატასტროფაც მოვიდა, მაგრამ, მითხრეს ბავშვის ამ მდგომარეობაში წაყვანის უფლება არ გვაქვს და ვერ წავიყვანთო. ვყვიროდი, ბავშვს რამე უშველეთ-მეთქი, მერე ექიმებმა კატასტროფის ბრიგადა თბილისიდან გამოიძახეს. ვიდრე კატასტროფა მოვიდოდა, ბავშვს მეორე გადასხმაც გაუკეთეს, როგორც კი ის წვეთოვანი მოხსნეს, ლია სამხარაძემ გამაყუჩებელი გაუკეთა, 10 წუთი არ იყო ამ ნემსის გაკეთების შემდეგ გასული, რომ ბავშვი სახეზე გაშავდა და ჯერ სისხლის შემდეგ კი თეთრი სითხის დენა დაეწყო" - აცხადებს ბავშვის დედა.

კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ქრისტინა კურგინიანი ანტიეპილეფსიური საშუალებით მოწამვლის დიაგნოზითა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობით იაშვილის კლინაში, 27 იანვარს, შუადღეს მიიყვანა. კომაში, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, აპარატის საშუალებით გოგონამ 45 დღე იცოცხლა.

"ბავშვი ახალციხის საავადმყოფოში ლია სამხარაძემ მომიკლა. იაშვილში ექიმებმა მითხრეს, რომ ახალციხეში გამაყუჩებელი არ უნდა გაეკეთებინათო. ასევე ამიხსნეს, რომ თუ ბავშვს მათთან დროულად, კრუნჩხვითაც კი მივიყვანდი, გადაარჩენდნენ, მაგრამ ახალციხეში კატასტროფამ გადაყვანაზე უარი გვითხრა და სანამ თბილისიდან ჩამოვიდნენ, დრო გავიდა", - აცხადებს ვერა სოკოლოვა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ