ეროსი კიწმარიშვილის გარემოცვიდან შესაძლოა ერთი პირი დააკავონ - გამოძიების ახალი დეტალები

ეროსი კიწმარიშვილის გარემოცვიდან შესაძლოა ერთი პირი დააკავონ - გამოძიების ახალი დეტალები

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ვის დააკავებენ კიწმარიშვილის საქმეზე, თუკი გამოძიებამ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი გადააკვალიფიცირა.

კულუარული ინფორმაციით, ეს მალე მოხდება და არ არის გამორიცხული, კიწმარიშვილის გარემოცვიდან ვინმე დააკავონ.

წლის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ჯერ დაზუსტებულად არაფერია ცნობილი.

"ჯერ ისევ 115-ე მუხლით ვმუშაობთ. ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, მოხდება გამოძიების მიმდინარეობაზე დამატებითი დეტალების და აღნიშნული პასუხების გასაჯაროება", - განუცხადეს ამბები.გე-ს მთავარ პროკურატურაში.

გამოძიება ამ დრომდე მუშაობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე, თუმცა არაერთი დეტალი გაჟღერდა, რომელიც ამ ვერსიას თავდაყირა აყენებს.

ერთ-ერთი ასეთი ის არის, რომ ავტომობილში გარდაცვლილი კიწმარიშვილი ღვედშეკრული იყო და თუ კი თავის მოკვლას აპირებდა, ეს მდგომარეობა ალბათ ლოგიკური არ იქნებოდა, რადგან მომზადებული იყო ფარეხიდან ავტომობილის გასაყვანად.

კიდევ ერთი დეტალი ის არის, რომ ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგად, ირკვევა - იარაღზე, რომლითაც მას საფეთქელის არეში მიბჯენით აქვს ნასროლი, სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი.

ერთი დღის დარეგისტრირებული იარაღის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, კიწმარიშვილს დაურეგისტრირებელი იარაღი ჰქონია და თუ კი თავის მოკვლას აპირებდა, ამისთვის ახალი იარაღის ყიდვაც ლოგიკურად არ უნდა დასჭირვებოდა.

კიდევ ერთი ვერსია - კიწმარიშვილის მეგობრის ბადრი ნანეტაშვილის ინფორმაცია, რომ ახალი იარაღი ეროსის მისი ძმისთვის დაბადების დღის საჩუქრად უნდოდა, არც ისე დამაჯერებელი გახდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა რომ ზურაბ კიწმარიშვილს დაბადების დღე 4 ივლისს ჰქონდა და ათი დღის მერე ძმისგან საჩუქარი არასდროს მიუღია, მით უმეტეს, რომ როგორც ამბობენ, ზურას იარაღი საერთოდ არ აინტერესებდა.

იცავდა თუ არა ახალი იარაღის ყიდვით ეროსი კიწმარიშვილი ვინმესგან თავს? - მისი მეგობარი ბადრი ნანიტაშვილი ამბობს, რომ მასთან გარდაცვალების წინა დღეს შეხვედრაზე მსგავსი არაფერი თქმულა. ნანეტაშვილი მხოლოდ იარაღის ყიდვის გეგმაზე საუბრობს და კიდევ იმაზე, რომ ეროსის სამომავლო გეგმები ჰქონდა, რაზეც ბოლო შეხვედრაზე მოუყვა მეგობარს.

ასევე, გავრცელდა ფოტო, მეზობლის სათვალთვალო კამერის ჩაწერილი ვიდეომასალიდან, სადაც ეროსი კიწმარიშვილს მაისური აცვია. ფოტოზე მითითებულია, რომ კიწმარიშვილი ფარეხში ჩადიოდა, სადაც რამდენიმე საათში ის გარდაცვლილი იპოვეს ფარებანთებულ ავტომობილში. გარდაცვლილ კიწმარიშვილს კი, ცნობილია, რომ არა მაისური, არამედ პიჯაკი ეცვა.

მეზობლის კამერაში როგორც ცნობილია, ისიც ჩანს, რომ კიწმარიშვილის თანაგუნდელი, გიორგი ხევიაშვილი 16:00 საათზე, მართლაც მიდის ეროსისთან სახლში თანმხლებ პირთან ერთად. შემდეგ კი, როგორც ხევიაშვილი ამბობს, ტელეფონს რომ არ პასუხობდა და სახლის კარი არავინ გაუღო, შეამოწმა, წასული იყო თუ არა იგი ავტომობილით. ამ მიზნით ჩავიდა ფარეხში, სადაც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გარდაცვლილი კიწმარიშვილი ნახა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა არის ის, რომ კიწმარიშვილს ავტომობილში 20 ათასი დოლარი ედო, რომელიც რუსთავის მერის არჩევნების დროს, მისი კამპანიის მონაწილეებისთვის იყო განკუთვნილი. ეს თანხა კი, ხევიაშვილს უნდა წაეღო და დაერიგებინა. ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო მივიდა ხევიაშვილი კიწმარიშვილთან და ძებნის შემდეგ, ფარეხში გარდაცვლილი იპოვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვალების შემდეგ, კიწმარიშვილის ავტომობილში ეს თანხა აღარ იყო.

ჯერ უცნობია, რა მასალა ამოიღო გამოძიებამ ფარეხში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან.

ჟურნალისტებს მოგვეცა საშუალება, დაგვეთვალიერებინა კიწმარიშვილის პარკირების ადგილი, სადაც ვნახეთ ვიდეოთვალი, რომელიც სულ სხვა მიმართულებით იყო მიბრუნებული - სავარაუდოდ მიბრუნებული იმიტომ, რომ მტვრიან კამერას ნათითურები აღენიშნებოდა, რაც კიდევ ერთ საეჭვო გარემოებას ქმნის.

თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია, როგორც კიწმარიშვილის ოჯახისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც მას კარგად იცნობდა. გარდაცვალების დღეს, ყველა ამბობდა, რომ ეროსი თავს არცერთ შემთხვევაში არ მოიკლავდა.

არის თუ არა ეს მკვლელობა - აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ კიწმარიშვილი ახალი ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა, და შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს მისი თავიდან მოცილება. ერთ-ერთი ვერსიით კი - იგი ჟვანიას საქმეზე უნდა დაეკითხა პროკურატურას და ამ მიზნით მოიშორეს თავიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, როგორც ზურაბ ჟვანიას უახლოესი მეგობარი. ამბები.გე-ს პროკურატურაში ჯერჯერობით არ უპასუხეს, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს.

კიწმარიშვილის საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, სადაც კიწმარიშვილის თანაგუნდელები დაკითხეს. კიწმარიშვილის საარჩევნო შტაბისა და სიის პირველი ნომრის გიორგი ხევიაშვილის დაკითხვა კი, ორივე უწყებაში მოხდა.

ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ფარეხში გარდაცვლილი 15 ივლისს, დღის მეორე ნახევარში იპოვეს.

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ