ვინ აკონტროლებს ქართულ ციხეს: გაწამებული პატიმრები "მაყურებლების" სასტიკ მოპყრობაზე საჯაროდ ალაპარაკდნენ

ვინ აკონტროლებს ქართულ ციხეს: გაწამებული პატიმრები "მაყურებლების" სასტიკ მოპყრობაზე საჯაროდ ალაპარაკდნენ

ქართული ციხის "მაყურებლებისგან" გაწამებული პატიმრები დახმარებას ითხოვენ - "ბოთლით მცემდნენ, ლურსმნით სკამზე ხელი მივიჭედე"

ციხის "მაყურებლებისგან" დაჩაგრული პატიმრები დახმარებას ითხოვენ -

"მე-2 დაწესებულებას ჰყავს მაყურებელი შ.მ. ყველა კორპუსშია მაყურებელი, "პრაგულკასა" და "ბალნიჩკასაც" კი თავის მაყურებლები ჰყავს. ციხეში მიდის ფულზე თამაში, გროვდება საერთო ობშიაკი. თამაშის დროს სხვა პატიმარს შეუძლია სხვა საკანში გადასვლა, თუმცა მაყურებლის მეშვეობით", - ასე აღწერს პატიმარი ტრისტან ვასაძე ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში არსებულ ვითარებას.

ტრისტან ვასაძემ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატს წერილობითი ახსნა განმარტების სახით მისცა.

ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებამდე ვასაძე სასჯელს #8 დაწესებულებაში იხდიდა. მსჯავრდებული იმ ფაქტსაც იხსენებს, თუ როგორ სცემეს 2 ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით სხვა ციხეში გადაყვანამდე.

ტრისტან ვასაძე აცხადებს, რომ #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს, 2014 წლის 19 მარტს ციხის თანამშრომელთა მხრიდან სხვა პატიმრის ცემის ფაქტს შეესწრო, რაზეც ღიად განაცხადა პროტესტი. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ციხის თანამშრომლებმა მას ერთ-ერთ მოადგილესთან, ზ.მ.-სთან შესახევდრად გაყოლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა.

"უარი რომ ვუთხარი გაყოლაზე, ცემა დამიწყეს, ხელებით, ფეხებით და 2 ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით მცემდნენ. ამის მერე ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც დამხვდა ზ.მ. და რამდენიმეჯერ სახეში გამარტყა. საკანში ი.პ.-ც მცემდა. როდესაც ვიკითხე, თუ სად მივყავდი, გ.ი.-მ მითხრა დამცინავი ხმით: იქ მიდიხარ, სადაც შემთხვევით სიკვდილიანობაა მომატებულიო. შემაგდეს ვარონკაში და ასე აღმოვჩნდი #2 დაწესებულებაში", - იხსენებს პატიმარი.

ტრისტან ვასაძე აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. საია-ს ადვოკატისთვის მიცემულ წერილობით ახსნა-განმარტებაში ვასაძე ასევე აღნიშნავს, რომ 17 ივლისს ლურსმნით სკამზე ხელი მიიჭედა და შიმშილობა გამოაცხადა.

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში "მაყურებლების" არსებობაზე კიდევ ერთი პატიმარი - შავლეგ გურგენიძე საუბრობს.

გურგენიძე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საია-სთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში #8 დაწესებულებაში მყოფი იმ კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ საუბრობდა, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მფარველობით სარგებლობენ და სხვა პატიმრებს აიძულებდნენ, მათ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

21 ივლისს, საია-ს ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოინახულა შავლეგ გურგენიძე, რომელიც ორგანიზაციის მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. შავლეგ გურგენიძე აღნიშნავს, რომ 18 ივლისს #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსის მოადგილე უსაფრთხოების დარგში ი. პ. შეხვდა, რომელმაც განუცხადა, თუ გააგრძელებ საია-ში დავას, მერე ვნახოთ ვის რა შესაძლებლობა აქვს და ვინ რას გააკეთებს. თუ არ გინდა აქედან გასვლა, მაშინ გააგრძელე საია-ში განცხადებების წერა და ვინ რას მოიგებს, ისიც ვნახოთო.

აღნიშნული საუბრის შემდეგ შავლეგ გურგენიძე მის მიმართ სხვა უკანონო ქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ პატიმრების ახსნა-განმარტებებში ასახული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც დროულ გამოძიებასა და შესაბამისი ზომების გატარებას საჭიროებს.

საია საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოუწოდებს, მითითებული ინფორმაცია შეისწავლონ და მისი დადასტურების შემთხვევაში ყველა შესაბამის პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ციხეებში "მაყურებლების შესახებ საია-ს ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში. მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "სიცრუის ტირაჟირებას" ახდენს.

მინდია აფციაური, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ