მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს ხვალ მიმართავს

მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს ხვალ მიმართავს

პროკურატურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენს და სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან ბრალი წარდგენილი უნდა იქნეს 24 საათში.

"იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფ მიხეილ სააკაშვილისთვის მიგვეცა გონივრული ვადა სურვილის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადების და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისთვის, რაც აშკარად გართულდებოდა 24 საათიანი ვადის დაწესებით, სწორედ ამიტომ მისი დაბარება მოხდა რამდენიმე დღით ადრე მოწმის სტატუსით, რაც არ წარმოადგენს არც საპროცესო კოდექსის და არც მისი უფლებების დარღვევას. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს გაეგზავნება უწყება ბრალდების წარსადგენად გამოცხადების თაობაზე, მაგრამ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის ოჯახს ეძლევა საშუალება ადვოკატის აყვანის, რომელსაც ჩაბარდება დადგენილება და ბრალდების წარდგენა მოხდება ადვოკატის მეშვეობით", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური პროცედურები განხორციელდება დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართაც, რომლებიც ასევე თავს არიდებენ გამოძიებას.

რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს და გიორგი უგულავას, მათთვის ბრალდების წარდგენა მოხდება საპატიმრო დაწესებულებაში. "ბრალდების დაუსწრებლად ადვოკატისთვის წარდგენის შემდგომ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - აცხადებენ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ