რატომ გახშირდა კაცების მიერ ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლეების მკვლელობა - შემზარავი ფაქტები და ფსიქოლოგების ანალიზი

რატომ გახშირდა კაცების მიერ ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლეების მკვლელობა - შემზარავი ფაქტები და ფსიქოლოგების ანალიზი

ორიოდე დღის წინ ზესტაფონში ყოფილმა ქმარმა 23 წლის ახალგაზრდა ქალი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. როგორც "რეზონანსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე უკვე დაკავებულია. ამასთან სამინისტროში ადასტურებენ, რომ დამნაშავე ნამდვილად შსს-ს თანამშრომელია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოჯახური ძალადობა ფატალურად დასრულდა - ბოლო თვეების განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არა მარტო რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც მომრავლდა. ფსიქოლოგები ოჯახური ძალადობის შედეგად მომატებულ მკვლელობებს მენტალური პრობლემით ხსნიან და ამბობენ, რომ ქალის როლის გააქტიურებას საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აანალიზებს.

"რეზონანსი" შეეცადა რამდენიმე მსგავსი შემთხვევა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა და აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგების აზრი მოგვესმინა

ქუთაისი და აჭარა

15 მარტს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარმა ცოლი მაღაზიაში დანის რამდენიმე დარტყმით მოკლა.

22 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში 8 შვილის დედა, რომელიც მეცხრე შვილზე ფეხმძიმედ იყო, ქმარმა დილის 6 საათზე მოკლა და მიიმალა.

სოფლის რწმუნებულის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. როგორც მან განმარტა, მკვლელობა სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ოჯახი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებულია. ბავშვები სხვა, ადაპტირებულ ოჯახში გადაიყვანეს. მოგვიანებით სოფელ ოჩხამურში ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თემურ ქ. ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

თბილისი და რუსთავი

8 მარტს თბილისში ყოფილმა მეუღლემ 36 წლის ქალი დანის რამდენიმე ჭრილობის მიყენებით მოკლა. ამავე დღეს რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში მდებარე 31-ე საერთო საცხოვრებელში 1963 წელს დაბადებულმა ოლეგ შუბითიძემ ყოფილ მეუღლეს, 30 წლის ბელა ძამსაშვილს მუცლის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. თვითმხილველების თქმით, ოლეგ შუბითიძემ მომხდარის შესხაებ პოლიციას თავად აცნობა.

დაჭრილი ქალბატონი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის მეზობლები ოლეგ შუბითიძის ნარკოდამოკიდებულებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ის მშრომელი კაცი იყო, მეუღლეს კი ორი თვის წინ დაშორდა. ყოფილი ცოლ-მარი მეზობელ კორპუსებში ცხოვრობდნენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

14 მარტს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 25 წლის ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე, გულმკერდის არეში მრავლობითი ჭირლობის მიყენებით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანაშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული სერგო ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 14 მარტს, საღამოს, თაყაიშვილის ქუჩაზე, 180-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ანა ოვანესიანს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

15 მაისს 27 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 24 გასროლით მოკლა, მისი ძმა კი დაიჭრა. მკვლელობა ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე მოხდა.

გარდაცვლილი სოფო ზურებიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტი იყო. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 32 წლის ალექსნადრე ც. დააკავეს.

ფსიქოლოგები ბოლო დროს მომატებულ ოჯახურ ძალადობის ფაქტებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეჭვიანობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ქალის როლის გააქტიურებაა, რაც მამაკაცების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედებს. სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ქალის მიმართ შექმნილი სტერეოტიპული შეხედულებები დანგრევის პირასაა, თუმცა საზოგადოება ამას ჯერ კიდევ ვერ აანალიზებს.

"ბოლო თვეების განმავლობაში მომატებული ძალადობისა და მკვლელობის ფაქტები ნამდვილად კატასტროფის ტოლფასია. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, მოგახსენებთ, რომ მსგავს შემთხვევებს დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება განაპირობებს.

"ანუ, უფრო გამარტივებულად რომ ვთქვათ, ქალის როლი დღევანდელ რეალობაში გაიზარდა, ვინაიდან თუკი უწინ ოჯახში გარკვეულ საკითხებში მამაკაცი დომინირებდა, ახლა მისი ფუნქცია ქალმა ჩაანაცვლა. იქნება ეს ოჯახური საკითხების მოგვარება თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც მამაკაცების მხრიდან ხშირ შემთხვევაში გამოწვევად აღიქმება.

"ამ ყველაფრის ფონზე კი მამაკაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ცვალებადი ხდება, ამიტომ ის ცდილობს ქალის პიროვნული სიძლიერე კვლავ დააკნინოს, რასაც ხშირად უკონტროლო ქმედებამდეც კი მიჰყავს. თუ დააკვირდებით, ასეთი ფატალური შედეგების დროს მამაკაცი ხშირად ამბოს _ ის ღირსი იყოო, ანუ არ ფიქრობს, რომ არასწორად მოიქცა.

"რაც შეეხება პრევენციას, კარგი იქნება, თუ საქართველოში ევროპული მოდელი დაინერგება. ევროპაში არის ასეთი პრეცენდენტები, როდესაც მოსამართლე წყვილს არ განაქორწინებს, თუ მათ ფსიქოლოგის დასკვნა არ აქვთ, ამიტომ კონფლიქტის წარმოშობისთანავე წყვილმა ფსიქოლოგთან ოჯახური თერაპია აუცილებლად უნდა გაიაროს, მიუხედავად იმისა, სჯერათ თუ არა მისი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფსიქოლოგი ქეთი ჭყოიძე.

ფსიქოლოგი ია ახვლედიანი კი ყურადღებას საზოგადოების კულტურასა და დამოკიდებულებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, საზოგადოება კვლავ პატრიარქალური რჩება.

"მიუხედავად იმისა, რომ ქალის როლი და პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, საზოგადოების განწყობა კვლავ უცვლელი რჩება. ხალხი მიიჩნევს, რომ ოჯახში გადამწყვეტი მამაკაცის სიტყვაა და როგორც მას სურს, ისე იქნება. აქ საუბარია ფინანსურ და სოციალურ საკითხებზე, სადაც ქალი აქტიურობას ცდილობს.

"თუმცა ამ შემთხვევაში მხოლდ ოჯახზე არ არის საუბარი, ყურადღება სამართალდამცველ ორგანოებზეც უნდა გავამახვილოთ, რომლებიც ამავე კულტურის მქონენი არიან. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ისინი პრევენციულ ზომებს არ მიმართავენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხს არც თუ ისეთი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორსაც დავუშვათ სხვა დანაშაულის დროს, ვინაიდან მორალურად ისინი მაინც მამაკაცების პოზიციას ემხრობიან.

"სასურველია, თუ ამ საკითხებზე სამართალდამცველებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, რათა დასჯის მექანიზმი გაცილებით უფრო ეფექტური იყოს, რაც სამომავლოდ დამოკიდებულებას შეცვლის", _ უთხრა "რეზონანსს" ფსიქოლოგმა.

სალომე სარიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ