"ციხეში "ცხვარი და 20-ლიტრიანი შედიოდა" - რას ჰყვება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის სამი მოწმე

"ციხეში "ცხვარი და 20-ლიტრიანი შედიოდა" - რას ჰყვება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის სამი მოწმე

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის სამი მოწმე დაკითხა, რომლებმაც პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. დაიკითხა მოწმე ჯონი ივანიშვილი, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. მოწმემ აღნიშნა, რომ გამომძიებლები მასზე ზეწოლას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზნით ახდენდნენ.

სასამართლოში დაიკითხა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დავით ვეკუაც, რომელიც ბაჩო ახალაიასთან ერთად ე.წ. 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე იყო ბრალდებული, სადაც მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა. ვეკუამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზნით გამომძიებლები ზეწოლას მასზეც ახორციელებდნენ.

"ჩემგან ითხოვდნენ, მეთქვა, რომ 7 სპეცრაზმელი, რომლებიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით იყვნენ, ბაჩო ახალაიას დავალებით ვაწამეთ. მას შემდეგ, რაც ამაზე უარი ვთქვი, პროკურატურა სასამართლოში ითხოვდა ჩემთვის უფლებამოსილების შეჩერებას. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა", - განაცხადა ვეკუამ.

დღესვე სასამართლოში დაიკითხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გაგა მკურნალიძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. როგორც მკურნალიძემ განაცხადა, იგი საკანში მოთავსებულია დღეს დაკითხულ მოწმესთან, ჯონი ივანიშვილთან ერთად და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაციას ფლობს.

გაგა მკურნალიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას მისვლამდე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სანამ სად-ის ხელმძღვანელი გახდებოდა, ციხეებში სრული განუკითხაობა იყო, მათ შორის, მკურნალიძის თქმით, არაერთ აკრძალულ ნივთთან ერთად, ციხეში "ცხვარი და 20-ლიტრიანი შედიოდა". მისივე ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როდესაც ზონის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. "იყო სრული განუკითხაობა, მათ შორის, შემთხვევა, როდესაც ძებნილი პირი ციხეში იმალებოდა", - განაცხადა მკურნალიძემ.

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის ეტაპით 5 აგვისტოს განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ