"19 მილიონი რომ გაიტაცა სააკაშვილმა, ესეც გამოუძიებელია" - სააკაშვილის ადვოკატი პროკურატურის ახალ ბრალდებაზე

"19 მილიონი რომ გაიტაცა სააკაშვილმა, ესეც გამოუძიებელია" - სააკაშვილის ადვოკატი პროკურატურის ახალ ბრალდებაზე

სახელმწიფო დაცვის სამსახურის მასალებს პირადად აკონტროლებდა ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა.

ადვოკატს მიხეილ სააკაშვილის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით საქმის მასალებს 18.00 საათზე გადასცემენ. კახიძის თქმით, იგი არ ენდობა პროკურატურის განცხადებებს და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს შეფასებას.

ადვოკატმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით იმგვარ ბრალდებას უყენებენ, რომელსაც უყენებდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას.

"ყველას გვახსოვს გამსახურდიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პალტოების შესახებ და იმასთან დაკავშირებით, რომ იგი "მერსედესით" მოძრაობდა. მენტალურად იგივე ხალხი უყენებს ბრალს ახლა სააკაშვილს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალი, მითი იმის შესახებ, რომ ელიტური კორუფციის მეშვეობით მიმდინარეობდა ხარჯების აკუმულირება, გაქრა.

"19 მილიონი რომ გაიტაცა სააკაშვილმა, ესეც გამოუძიებელია. სამაგიეროდ, ორწლიანი მუშაობის შედეგად აღმოაჩინეს, რომ 8 მილიონი ლარი დაიხარჯა ოფიციალურად პრეზიდენტის დაცვის სამსახურის სპეციალური სახსრებიდან. გაფლანგვაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა შეფასდეს, რაში დაიხარჯა თანხები და მეორე მხრივ, რა შედეგი იქნა მიღწეული. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ ასევე, რომ მილიონობით ტურისტი სტუმრობს საქართველოს და იზრდება მათი რაოდენობა. თავიდან აშენდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა და ქალაქებიც კი. როდესაც ვსაუბრობთ გაფლანგვაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რა შედეგი მოუტანა ქვეყანას საერთაშორისო აქტივობებმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. 138 მილიონი აქვს ივანიშვილის მთავრობას პრემიების სახით გახარჯული. რა შედეგი მიიღო ამით საქართველოს მოსახლეობამ, ესეც გასათვალისწინებელია. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევადაროთ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში გაწეული ხარჯები და მიღწეული შედეგები და ასევე დღევანდელი მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები. როდესაც ხადურის მთავრობა საუბრობს სააკაშვილის კვების მომსახურებაზე, ცინიკურია", - განაცხადა ოთარ კახიძემ და განმარტა, რომ სწორედ ასეთია მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე დღეს ბრალი დაუმძიმდა. საქმე ეხება 8 მილიონ 837.461 ლარის გაფლანგვის საქმეს. სააკაშვილთან ერთად ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც წარედგინა.

თემურ ჯანაშია პროკურატურაში დღეს, 17.00 საათზეა დაბარებული, რა დროსაც ბრალს ოფიციალურად გააცნობენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ