გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელი 13 წლის შემდეგ ალაპარაკდა - "ამ საქმით მანიპულირებას ვახო სანაიასაც არ ვაპატიებ!"

გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელი 13 წლის შემდეგ ალაპარაკდა - "ამ საქმით მანიპულირებას ვახო სანაიასაც არ ვაპატიებ!"

მიუხედავად იმისა, რომ საქმემ სამი ხელისუფლება გამოიარა, 13 წელი გავიდა და მკვლელობაში მსჯავრდებულმაც უკვე მოიხადა სასჯელი, ჟურნალიტ გიორგი სანაიას ოჯახი დღესაც სამართალს ეძებს. გაზეთი "პრაიმ ტაიმი" გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელ სერგო ძაგნიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს

სერგო ძაგნიძე მიიჩნევს, რომ, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, ხმა ამოიღოს და თქვას ყველაფერი, რაც ამ საქმის გარშემო იცის.

როგორ წარიმართა საგამოძიებო პროცესი, რაც 2001 წლის ზაფხულში დაიწყო და რამაც რამდენიმე თვეში საქმე გახსნამდე მიიყვანა:

"როგორც კი ეს ამბავი მოხდა, იმ მომენტიდანვე ჩავერთე საქმეში, შემთხვევის ადგილზეც პირველი გავედი. მაშინ მე გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი.

ეს იყო ერთოთახიანი სტანდარტული ტიპის ბინა. იმ ერთ ოთახში ესვენა გარდაცვლილის გვამი. თავში გამჭოლი ჭრილობით. შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, კახა თარგამაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე მერე მოვიდნენ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება აბსოლუტურად ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა. ტყვიის გულა კედლიდან ამოვიღეთ. სავარაუდოდ, თავში გავლილი ტყვია ჩარჩენილი იყო კედელში. მასრა ვერ მოიძებნა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის გრიგოლ ხურცილავას წაუღია. იარაღიდან გასროლის შემდეგ მასრა მარჯვენა, ან მარცხენა მხარეს გვერდით ვარდება. მოხვდა კედელს და თვითონ ხურცილავა ამბობს, რომ როცა გავისროლე, ფეხებთან დამივარდაო. ეგრეც უნდა ყოფილიყო, პრინციპში, ავიღე ის მასრა და ტყვიის გამოღებაზე არც მიფიქრია, ისე ვიყავი დაბნეულიო. ერთი სიტყვით, ტყვიის გულას გარდა, ლუდის ბოთლიდან ამოვიდა თითის კვლები. ეს იყო ორი მტკიცებულება, რომლითაც შემეძლო დამნაშავესთან მისვლა. ამ საგამოძიებო ჯგუფში ჩემ გარდა იყო კიდევ სხვა გამომძიებელი. მე მიმყავდა საგამოძიებოს ეს ნაწილი, ანუ ექსპერტიზის ნაწილი", - აცხადებს გაზეთთან საუბარში გამომძიებელი.

მისი თქმით ის, რაც გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიებაში მოხდა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა საქართველოს კრიმინალისტიკაში.

"იმის გამო, რომ ტყვია არ გამოცვლილიყო, ის მაიკროსილით დავამუშავე. ეს არის ამერიკული სითხე, ჩვეულებრივ თხევადი რეზინი. ერთი სიტყვით, თავი დავიზღვიე. ხომ შეიძლებოდა ეს მტკიცებულება რომელიმე სხვა უწყებას წაეღო და... მაიკროსოლი არის არაჟნის მსგავის მასა. მალე ცივდება და ხდება რეზინი. ანუ რაც კი კვალი აქვს ტყვიას, რომლითაც ხდება იდენტიფიცირება, სწორედ ეს ინახება.

ანუ, თუ, ვთქვათ, შსს წაიღებდა მას, დაბრუნების შემდეგ შედარების საშუალება გვეძლეოდა...

ასეთი პრევენცია მაშინ პირველად გამოვიყენეთ და სწორედ ამ საქმეში. შეცვლის შემთხვევაში გამოძიება აუცილებლად გაიგებდა ამ თაღლითობის შესახებ. რაც შეეხება ბოთლიდან აღებულ თითის კვალს, ბევრმა არ იცის, რომ მისი ამოღება რამდენჯერმე შეიძლება. პირველად რომ ამოვიღეთ და თანამედროვე საშუალებებით დავამუშავეთ, ის ექსპერტიზაზე გაიგზავნა, დანარჩენი კვალი კი დაილუქა და "სკოჩი"გადაეკრა. ეს კიდევ იძლევა იდენტიფიკაციის საშუალებას. შსს-ს ექსპერტიზამ გვითხრა, ეს მასალა ვარგისი არ არისო, არადა რამდენიმე თვის შემდეგ "ეფბიაის"ლაბორატორიაში გაგზავნილი მასალით კონკრეტული პასუხი მივიღეთ...

...თავიდან გვითხრეს, ვარგისიაო, მაგრამ არ გვქონდა ის თითის ანაბეჭდები, რისთვისაც უნდა შეგვედარებინა წაღებული მასალა. როდესაც ხურცილავა დაიჭირეს და მისი თითის ანაბეჭდები აიღეს, თუ არ ვცდები, რვა ანაბეჭდი დაემთხვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაშინ ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარდა. შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე ჩემი გახსნილია. აი, ამ ორი მტკიცებულებით - ტყვიითა და თითის ანაბეჭდებით გრიცკოს დავუდე ყველაფერი ის, რაც საქმეში უნდა ყოფილიყო. ამას მოჰყვა დაკითხვა და ამ მტკიცებულებების გამაგრება...

...ბოტანიკური ექსპერტიზაც კი ჩავატარეთ. ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიადაგი და ბალახიც კი ავიღეთ. ყველაფერი გაკეთდა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ეს საქმე ქართული კი არა, მსოფლიო კრიმინალისტიკაშია შესატანი. ჩემთვის მადლობაც კი არ უთქვამთ...

...გრიცკომ გვიამბო, როცა ხელში იარაღი ავიღე, გიორგი სანაიამ თავი გვერდზე გაწია, - გაწიე იქით, არ გაგივარდესო. ზუსტად მაგ დროს გავისროლეო.

უნდოდა თუ არა, ეგ სულ სხვა თემაა. ფაქტი იყო, რომ თავში ტყვიამ სწორედ ისე გაიარა, როგორც უნდა გაევლო, თუ ის ყველაფერი ისე იყო, როგორც ხურცილავა ყვებოდა...

...გრიცკო დავიჭირეთ ბალისტიკური ექსპერტიზით. ძალიან რთულია, ტყვია ტყვიას შეადარო, როცა არ გაქვს ელექტრონული ბაზა. წარმოგიდგენიათ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ბალისტიკოსს იარაღის აღმოსაჩენად? მაგრამ ეს მაინც მოხერხდა: ექსპერტი ტყვიით მივიდა იარაღამდე და იარაღით პიროვნებამდე...

...ეს იყო ის ტაბელური იარაღი, რომელიც იყო გრიცკოზე მიმაგრებული, როცა ის სადღაც დაცვაში მუშაობდა. ეს იარაღი იყო მასროთეკაში, რაც მთავარია და მასროთეკიდან მიადგნენ ამ იარაღს. აქედან კი გავიდნენ ხურცილავაზე. პიროვნებამდე რომ მივიდნენ, მერე გაიგზავნა თითის ანაბეჭდები ამერიკაში და მოხდა იდენტიფიცირება... ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ხალხი დავაკვალიანოთ: ვახოც კიდევ რომ იმეორებს, პოლიტიკური მკვლელობა იყოო, მოდით, დავიდოთ ეს საქმე, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი სპეციალისტები, საქმე არქივში იქნება, ეს კაციც გასამართლებულია უკვე... ამ საქმეში სისხლი მაქვს ჩაქცეული და საკუთარი შვილივით "მიყვარს". მე ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახოს ვაპატიებ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაა. მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაქვს ამ საქმეში ჩადებული. დავანებოთ იმ სტრესებს თავი, რაც მაქვს გადატანილი საზოგადოებისგან ცალკე და უწყებიდან ცალკე. რევოლუცია მოხდა კინაღამ ამ საქმის გამო. ერთი რამე ავიწყდება ამ ხალხს: მკვლელობა ერთადერთი დანაშაულია სისხლის სამართლის კოდექსში, რომელსაც მოტივი შეიძლება არ ჰქონდეს. N108-ე მუხლში იცი, რა წერია? - სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსპობა. ერთი წინადადება სულ. მოტივი არსად წერია... ახლა პოლიტიკურ ნაწილსაც შევეხოთ: მოხდა ისე, რომ 2002 წლის თებერვალში მე ვინიშნები უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად. გახსოვთ, ალბათ, გიორგის მკვლელობის მერე პანკისზე იყო საუბარი, რომ თითქოს მას რაღაც კასეტა ჰქონდა. ყველანაირი ოპერატიული ინფორმაცია, რაც კი არსებობდა, ჩემს ხელში იყო. პანკისი ჩემს ხელში გაიწმინდა. არაფერი მსგავსი არ შემხვედრია.

იმ კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობის შედეგად, რაც მე მებარა, ასი პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ გრიცკომ მოკლა გიორგი. მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ ვახო სანაიასთან, გიორგის შვილთან და მთელ საზოგადოებასთან. ვახომ კი მადლობა მითხრას, ძმის მკვლელი რომ დავუჭირე, რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ერთად გავიაროთ ეს საქმე. მე მასწავლებელიც ვარ, 30 წელია ლექციებს ვკითხულობ. ჩემი პიროვნული თავოყვარეობისა და პიროვნული ეთიკის საკითხიც არის, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ყველაფერი... ის რომ არ გაკეთებულიყო, რაც მაშინ გაკეთდა, დღეს ეს საქმე კიდვ გაუხსნელი იქნებოდა", - აცხადებს ძაგნიძე.

"თამარმა ბოლოს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა..." - ვინ არის მიშო იაკობიძე, რომელიც ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ბაჩალიაშვილს ეძებდა

"ცდილობენ იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თავი მოიკლა" - რა მოთხოვნა აქვთ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს შსს-სთან

"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე