დავით ბაქრაძის პირველი კომენტარი თანხის დამალვის ბრალდებასთან დაკავშირებით

დავით ბაქრაძის პირველი კომენტარი თანხის დამალვის ბრალდებასთან დაკავშირებით

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მტკიცებით, თანხა, რომელიც მის ოჯახს ბანკ HSBC-ის ანგარიშზე ჰქონდა, მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს და სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბაქრაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მისი სიმამრისგან სახლი ოფისისთვის საქართველოში შვეიცარიის საელჩომ იყიდა და შესაბამისად, თანხის გადამხდელს სწორედ საელჩო წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი" ბაქრაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მსურს, გამოვეხმაურო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ჩემი საბანკო ანგარიშების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არც ერთ ჩემს შემოსავალსა თუ ანგარიშს არანაირი კავშირი არ აქვს კანონის დარღვევით ან თანამდებობის გამოყენებით მიღებულ რაიმე სარგებელთან. რაც შეეხება HSBC ბანკთან ჩემს ურთიერთობას:

2002 წლის 12 ნოემბერს საქართველოში შვეიცარიის საელჩომ შეიძინა კრწანისის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი საელჩოს ახალი შენობისთვის. სახლის მესაკუთრე გახლდათ ჩემი სიმამრი, ლერი მეტრეველი. შეძენა გაფორმდა ყველა კანონიერი პროცედურის დაცვით (ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის აქტი თან ერთვის), გადახდილი იქნა ყველა შესაბამისი გადასახადი.

სახლის გაყიდვის შემდეგ ლერი მეტრეველმა გამოთქვა სურვილი, სახლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი სამომავლოდ დაეტოვებინა და გაენაწილებინა შვილიშვილებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ ამ თანხით სარგებლობა სრულწლოვანებას მიღწევის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა თავდაპირველად ინახებოდა მასთან, როგორც კანონიერ მესაკუთრესთან. 2009 წელს ლერი მეტრეველმა სთხოვა ჩემს მეუღლეს (მის შვილს), მაკა მეტრეველს, გაეხსნა რომელიმე საიმედო ბანკში გრძელვადიანი საპროცენტო ანგარიში, სადაც თანხა უსაფრთხოდ განთავსდებოდა ბავშვების სრულწლოვანებას მიღწევამდე.

ასეთ ბანკად შერჩეულ იქნა HSBC, რომელსაც იმ პერიოდში თბილისში ჰქონდა ოფისი და შესაბამისად, შესაძლებელი იყო ანგარიშის ადგილზე გახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მაღალი რეპუტაციის ბანკი, HSBC ამოწმებს ყველა საბანკო შენატანის კანონიერებას. შესაბამისად, შემოწმდა აღნიშნული თანხაც და დადასტურდა, რომ ის წარმოადგენდა მართლაც სახლის გაყიდვით მიღებულ კანონიერ შემოსავალს.

მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ ფაქტებს:

1. თანხა წარმოადგენს კერძო პირის მიერ ქონების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, მას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან;

2. თანხის გადამხდელი წარმოადგენს შვეიცარიის საელჩოს საქართველოში - შესაბამისად, გამორიცხულია ნებისმიერი ეჭვი გადახდილი თანხის კანონიერების ან მისი წარმომავლობის შესახებ;

3. სახლი გაყიდულია და თანხა მიღებულია 2002 წელს - შესაბამისად, გამორიცხულია კავშირი ჩემს მოქმედ თუ წინა პოლიტიკურ თანამდებობებთან, ვინაირად 2002 წელს საერთოდ არანაირი შეხება არ მქონდა პოლიტიკასთან.

აქვე არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აღშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გრძელდება მოსმენის, თვალთვალის და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების დაუსჯელი პრაქტიკა. ფაქტი, რომ სრულიად გაურკვეველი გზით მოხდა კერძო წერილის გახსნა, წაკითხვა და ყალბი ანგარიშით ინტერნეტში ატვირთვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფართოდ იყენებს და ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტების დევნასა და თვალთვალს, აგრეთვე პირადი შურისძიების მიზნით პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკას", - ნათქვამია ბაქრაძის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ