ამბავი "მასტერას" უხეირობისა - იგი გადააგდეს ქურდებმაც და ჩეჩნებმაც

ამბავი "მასტერას" უხეირობისა - იგი გადააგდეს ქურდებმაც და ჩეჩნებმაც

2014 წლის 19 ივნისს ჰოლანდიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ნიდერლანდების სამეფოსგან კარგა ხანს ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს... სამართალდამცავებმა დაკავებულს განუცხადეს, მართალია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიზე რაიმე უკანონო ქმედებაში შემჩნეული არ ხართ, მაგრამ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის თქვენივე ქვეყანა გითხოვთო.

დაკავებული 2013 წლის 22 აპრილიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" აღმოჩნდა. პროკურატურა სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ადამიანის წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

როგორც ქართული მხარე აცხადებს, ექსტრადიციის პროცედურა დაწყებულია და "მასტერას" მალე შინ ვიხილავთ. თუმცა, რახან "მასტერას" ჰოლანდიაში კომპრომატებით (მათ შორის ახალი ხელისუფლების წარმომადგნელებზეც) სავსე სკივრი აქვს (დრო და დრო ამას ყველას ახსენებდა), შესაძლოა, მისი საქართველოში ჩამოყვანა გაურკვეველი ვადით გადაიდოს.

ჰოლანდიაში დღეს "მასტერას" სასამართლო პროცესი გაიმართება, იუსტიციის სამინისტრო საქართველოში მის ექსტრადირებას, დაცვის მხარე კი პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას მოითხოვს.

"ვარდების ხელისუფლების" ჯალათად წოდებულ პოლიციელზე საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. როგორც ცნობილია, მის ბიოგრაფიას გრიფი "საიდუმლო" ადევს, მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" გასული საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი "იოსებიძელების" საძმოს წევრი იყო (საძმო მეტწილად იოსებიძისა და მისი მეზობელი ქუჩების მცხოვრები ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული იმხანად ყველაზე თავზეხელაღებულ "კულინარიელებთან". იმდროინდელი განგსტერული ქრონიკების გმირები "მასტერას" ვერ იხსენებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ზუგდიდელი კანონიერი ქურდის, ზურაბ დგებუაძის (ზუგდიდსკის) ნათესავია. სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროსთან მისი ურთიერთობაც აქედან მოდისო.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ კანონიერი ქურდების ინსტიტუტს შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა, პოლიციის რიგებში ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ქურდები თვალში ჯერ კიდევ 90-იან წლებშიც არ მოსდიოდათ. ასეთი აღმოჩნდა "მასტერაც", რომელიც მეგობრების წყალობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლად მოგვევლინა. მას სხვადასხვა დროს ძალოვან სტრუქტურებთან "ურთიერთობაში" მყოფი კრიმინალური ავტორიტეტების თუ ცნობილი ბანდიტების "მეურვეობა" ჩააბარეს.

გია დგებუაძის სახელმა საქვეყნოდ 2007 წლის მარტში გაიჟღერა, როდესაც ცნობილი გახდა მისი და ყოფილი კანონიერი ქურდის, პლატონ მამარდაშვილის სატელეფონო საუბრების შინაარსი, საქმე ეხებოდა სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან, ციხის ბუნტის"საქმეს (ბუნტის ჩახშობის დროს დაიღუპა და დასახიჩრდა ათეულობით პატიმარი). სწორედ ამ საუბრებიდან გახდა ცნობილი, რომ ე.წ. "რეზბალნიცაზე" მომხდარი ინციდენტი - კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების უმოწყალო ცემა (რომელსაც შემდეგ პატიმართა ბუნტი მოჰყვა "გუბერნსკსა" და სხვა კოლონიებში) დაგეგმილი იყო სწორედ "მასტერასა" და ბაჩა ახალაიას მიერ. მათი გეგმის განხორცილებისთვის "მასტერა" მოკავშირეს პატიმარ კანონიერ ქურდებში ეძებდა. შესაფერისი კანდიდატურა უკურნებელი სენით დაავადებული პლატონ მამარდაშვილი აღმოჩნდა, რომელიც მზად იყო, მკურნალობისთვის კანონიერი ქურდის სახელიც კი დაეთმო. "მასტერა" და მისი მეინახენი ვერც კი წამოიდგენდნენ, რომ კანონიერი ქურდი სატელეფონო საუბრებს ჩაიწერდა და მას ერთი წლის თავზე საჯაროს გახდიდა...

დგებუაძე მამარდაშვილთან"ჩავარდნის შემდეგაც ტრაბახობდა, - "შემსრულებელში" არასდროს ვცდებიო, თუმცა კიდევ ერთხელ გახდა მათი მსხვერპლი. ამჯერად უვაის ახმადოვმა გადააგდო.

2007 წელს ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა. ქართველმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი ბიზნესმენი. საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, ამჯერადაც "მასტერას" მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა... ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ.

ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.

"მასტერა"-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი (ზოონი) უნდა ყოფილიყო, რომელიც იმხანად სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო... თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა...

თუმცა ჩეჩენი ავტორიტეტი ხელცარიელი მაინც არ დარჩენილა. მან კარგად იცოდა, რომ ქართველი სპეცსამსახურების ნდობა არ შეიძლებოდა და "მასტერასთან" ყველა საუბარს იწერდა. ბერეზოვსკის ჩანაწერები 1.500 000 დოლარად მიყიდა, ბერეზოვსკიმ კი პატარკაციშვილს მისცა. 2007 წლის დეკემბერში ეს ჩანაწერები ქართული საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. როცა 2012 წლის ნოემბერში სტამბოლში რუსლან პაპასკირი დააკავეს, "მასტერას" სახელი თურქი სამართალდამცავებისთვისაც გახდა ცნობილი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ