დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს - ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანა, უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. საუბარია დაახლოებით 795 ათას ლარზე. HCBS ბანკის ინგლისის ოფისში გახსნილი ეს ანგარიში დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დახურეს, თუმცა თანხა ბაქრაძის დეკლარაციაში შეტანილი არ ყოფილა.

ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ფული კანონიერად არის მიღებული. დავით ბაქრაძის თქმით, 2002 წელს მისმა სიმამრმა საკუთარი სახლი 400 ათას დოლარად მიჰყიდა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, უცხოური ბანკის ანგარიშზე კი მისმა მეუღლემ, მაკა მეტრეველმა შეიტანა.

ამავე საკითხზე პროკურატურამ უკვე დაკითხა დავით ბაქრაძის სიმამრი.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბაქრაძის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მედიაში მოხვედრაც გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ