დაჩი დარჩიას მკვლელობის ახალი დეტალები - რას ყვებიან თვითმხილველები

დაჩი დარჩიას მკვლელობის ახალი დეტალები - რას ყვებიან თვითმხილველები

კიდევ ერთი მკვლელობა თბილისში. წუხელ ავლაბარში, სომხურ ეკლესიასთან ერევნის სკვერში 34 წლის რეჟისორი და "სქაი ბარის" დიჯეი დაჩი დარჩია მოკლეს.

მკვლელმა დარჩიას დანა ზურგში ორჯერ ჩაარტყა, აქედან ერთი - სასიკვდილო აღმოჩნდა. არტერიაში მიყენებული ჭრილობის გამო, დაჩი დარჩია ინგოროყვას კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მკველობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი 20 წლის ახალგაზრდა უკვე დაკავებულია. ის პოლიციამ სწორედ მაშინ დააკავა, როდესაც უკვე დაჭრილ დარჩიას მისდევდა.

რა გახდა სკვერში კონფლიქტის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. "სქაი ბარის" დირექტორი დავით კვირტია ამბობს, რომ დაჩი დარჩიამ "სქაი ბარში" მკვლელობის დღესაც ჩვეულებრივად დაუკრა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი წავიდა. კვირტიას თქმით, არანაირი კონფლიქტი ბარში არ ყოფილა და პირი, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული, გუშინ ბარში საერთოდ არ ყოფილა.

"დაჩი, როდესაც მორჩა მუშაობა, სადღაც იყო 4-ის წუთები. ჩვეულებრივად ჩავიდა დაჩი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სიგარეტის საყიდლად გადავიდა სომხურ ეკლესიასთან მდებარე მაღაზიაში. როდესაც მოდიოდა ტაქსის გასაჩერებლად, გადმოკვეთა სკვერი, სკვერში მოხდა კონფლიქტი, იქ არის დაფიქსირებული დაჭრის ფაქტი. შემდეგ 100-150 მეტრი აქვს ნარბენი, შველას ითხოვდა, ის კი მოსდევდა, ჯერ დანა დაარტყა და შემდეგ მოსდევდა, მიწისქვეშა გადასასვლელთან დაინახა დაცვის პოლიციამ და დააკავა. დაჩი შველას ითხოვდა, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, არტერიაში ჰქონდა დანა მოხვედრილი და სისხლი დაკარგა ძალიან ბევრი. ორი ჭრილობა ჰქონდა ზურგის არეში. ინფორმაცია, რომ კონფლიქტი "სქაი ბარში" დაიწყო და მუსიკის გამო მოხდა, სიცრუეა, ეს პიროვნება "სქაი ბარში" არ ყოფილა, ამის დადასტურება კამერების ჩანაწერითაც შეიძლება",-ამბობს კვირტია.

დაჩი დარჩია "სქაი ბარში" 8 წელი მუშაობდა. კვირტია იხსენებს, რომ ცნობილი დიჯეი უკონფლიქტო და თბილისელებისთვის საყვარელი ადამიანი იყო -"იყო უაღრესად კეთილშობილი, უკონფლიქტო. საერთოდ, ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლებოდა ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. მთელი თბილისისთვის საყვარელი ადამიანი იყო, გაოგნებულები ვართ, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო".

დაჩი დარჩია 17 აგვისტოს 34 წლის გახდა. მას ცოლ-შვილი არ ჰყავდა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მას გურიაში გადაასვენებენ.

ნათია ლეშკაშელი

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ