ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობა შეეფარდა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობა შეეფარდა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოა და მახარაძე არ მოუკლავს. ბრალდებულმა გარდაცვლილის დედას მიუსამძიმრა.

ოქროპირიძემ პროცესზე ისაუბრა, რომ მასზე ზეწოლაზე ხორციელდებოდა, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც და მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, თუმცა კონკრეტული პირები არ დაუსახელებია. ოქროპირიძემ მიმალვა სწორედ ამ ფაქტორებით ახსნა. გიორგი ოქროპირიძის თქმით, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ვლადიმერ ბერძენიშვილზე ზეწოლა განხორციელდა.

ამასთან, გიორგი ოქროპირიძე აცხადებს რომ იგი რამდენიმე თვის განმავლობაში "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო და უახლოეს დღეებში თბილისის მერიაში სპორტის დეპარტამენტში მუშაობა უნდა დაეწყო.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით მერიაში უარყვეს, რომ გიორგი ოქროპირიძე უწყებაში დასაქმებას გეგმავდა.

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ქართულ მხარეს ერგნეთში გუშინ გადმოეცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ე.წ. "საზღვრის უკანონო" გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ