გოგლა ჟვანია - აშკარად იკვეთება კარლ ბილდტის ბიზნეს ინტერესები სააკაშვილის ხელისუფლებასთან

გოგლა ჟვანია - აშკარად იკვეთება კარლ ბილდტის ბიზნეს ინტერესები სააკაშვილის ხელისუფლებასთან

ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრმა გოგლა ჟვანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, წინა ხელისუფლების მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ჩვენ დავუკვაშირდით ბატონ გოგლას და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ გახდა ჩემთვის ცნობილი, ამის შემდეგ მოვითხოვე დოკუმენტაცია, საქმეზე "საიდუმლო" გრიფის მოხსნა და დადასტურდა ეს ინფორმაცია. საკონსულტაციო ფირმა "კრეაბი"-სა (რომელსაც 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა კარლ ბილდტი, ანუ მანამდე, ვიდრე ის გახდებოდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) და საქართველოს მთავრობას შორის დაიდო ხელშეკრულება და ამის საფუძველზე ამ ფირმას გადაუხადეს დაახლოებით 3.600 000 ლარი.

- და რა კანონდარღვევა იკვეთება იმაში, რომ სახელმწიფომ დაიქირავა საკონსულტაციო კომპანია, თუნდაც მისი ხელმძღვანელი კარლ ბილდტი ყოფილიყო?

- კანონდარღვევა იყო თუ არა ეს, უკვე შვედეთის სახელმწიფოს კომპეტენციაა. აქ მთავარი ისაა, რომ კარლ ბილდტი, რომელიც თავის განცხადებებით გამუდმებით მხარს უჭერს წინა ხელისუფლებას, ვერანაირად გამოდგება მათ ადვოკატად. ის ვერ იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შემფასებელი, ვინაიდან იკვეთება მისი ბიზნეს-ინტერესები სააკაშვილის ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, მისი აზრი არ შეიძლება იყოს ჩვენთვის ანგარიშგასაწევი. კარლ ბილდტის და წინა ხელისუფლების "ტკბილი" ურთიერთობის თვალსაჩინო მაგალითი იყო ის, რომ ბილდტმა 2008 წელს საქართველოდან შვედეთის ელჩი გაიწვია, რომელმაც კრიტიკულად შეაფასა 2008 წლის არჩევნები. ეს იყო ძალიან თვალშისაცემი, მაგრამ შესაძლოა, ბევრი რამე კულუარებშიც ხდებოდა.

- თუმცა მის აზრს ანგარიშს უწევს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა...

- ვერ ვიტყვი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ანგარიშს უწევს მის გამონათქვამებს, რადგან მისი კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, საქართველომ დაჩქარებული წესით მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მის განცხადებებს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ საქართველოს და "ნატოს" ურთიერთობა სხვა, ბევრად მაღალ ეტაპზე გადასულიყო.

- წინა ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია სენატორი მაკკეინიც. მისი მხრიდანაც ხომ არ იყო რაიმე ფინანსური დაინტერესება წინა ხელისუფლების დროს?

- ჩემი შეფასებით მაკკეინის განცხადებები ძალიან სუბიექტურია. როდესაც ადამიანი აკეთებ განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მით უფრო, თუ საქმე სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ბევრად უფრო ფრთხილი უნდა იყო, ვიდრე არის ხოლმე მაკკეინი, რომელიც მაღალი რანგი პოლიტიკოსია და მეტი სიფრთხილე მართებს გამოთქმებისას. ზოგადად, ადამიანი ჯერ უნდა გაერკვეს მოვლენებში და მხოლოდ ამის მერე უნდა გააკეთოს განცხადება. თუ ძალიან წუხს რაღაცაზე, შეუძლია ჩამოვიდეს. თუ თვითონ ვერ ახერხებს ჩამოსვლას, საკუთარი წარმომადგენელი გამოგზავნოს, ადგილზე შეისწავლოს სიტუაცია, გაერკვეს მიმდინარე გამოძიებებში, რომელიც არაა დახურული და შესაძლებელია დეტალების გარკვევა.  ვფიქრობ ასე უფრო მართებული იქნება და როდესაც ამ ყველაფრის გარეშე კეთდება განცხადება, ეს ტოვებს ტენდენციურობის შთაბეჭდილებას. ეს ყველაფერი დიდ გაურკვევლობას ქმნის ჩვენს საზოგადეობაში და გვიწევს ჩვენი ამომრჩევლისთვის ახსნა, რომ ერთი ან თუნდაც ოთხი ადამიანის განცხადება არაა აშშ-ის სახელმწიფოს პოზიცია.

- ბატონო გოგლა, მინდა გკითხოთ თქვენი ძმის გარდაცვალების საქმის გამოძიებაზეც. რა ეტაპზეა გამოძიება?

- ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე და ობიექტურად იქნება გამოძიებული.

ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ