დამწვარი ბაზრები და დაუსრულებელი გამოძიება - ვინ დგას ბოლო დროის მასშტაბური ხანძრების მიღმა

დამწვარი ბაზრები და დაუსრულებელი გამოძიება - ვინ დგას ბოლო დროის მასშტაბური ხანძრების მიღმა

ბოლო პერიოდში თბილისსა და რეგიონებში არაერთი დასაქმების ობიექტი დაიწვა. გარდა დღევანდელი შემთხევისა, რომლის დროსაც ხანძარი ე.წ. "ციგნების ბაზარში" გაჩნდა, კიდევ 3 მასშტაბური ხანძარია ცნობილი.

ერთ-ერთი ბოლო ხანძარი სენაკის ბაზარში გაჩნდა. 26 აგვისტოს, სენაკში ბაზარი მთლიანად განადგურდა.

"წაუკიდეს ბაზარს. ჩვენ ყველა ბანკის ვალებით ვდგავართ აქ. ხუთ დღეში გვეწყებოდა სასკოლო ბაზარი და ეს გაგვიკეთეს. რა თქმა უნდა, რომ ეს არის ხელოვნურად მოწყობილი, ვინაიდან 3000 კავდრატულის განადგურება შვიდი წუთის განმავლობაში მოხდა, თანაც თვითმხილველები მიუთითებენ, რომ ყველაფერი იწვოდა ერთდროულად ოთხივე მხრიდან. ეს მართლა იწვევს გონივრულ ეჭვს. უდანაშაულობის პრეზუმციას რა თქმა უნდა ვერ დავარღვევ და ხელს ვერავის დავადებ", - აცხადებდნენ ხანძრის შემდეგ მოვაჭრეები.

კიდევ ერთი შემთხვევა გორში მოხდა - მიმდინარე წლის იანვარში გორის ბაზრის საწყობს გაუჩნდა ცეცხლი. მოვაჭრეები აქაც ბაზრის შეგნებულად დაწვაზე მიუთითებდნენ.

მასშტაბური ხანძარი იყო თბილისშიც, სავაჭრო ცენტრ "საბაში". სადაც ზარალი უკვე დათვლილია.

გასული წლის თებერვალში "საბას" დაწვის შედეგად, მოვაჭრეებს დაახლოებით 2 მილიონამდე, ხოლო სავაჭრო ცენტრის მფლობელს 10 მილიონამდე ლარის ზარალი მიადგათ.

ზემოთჩამოთვლილი გახმაურებული შემთხვევებიდან გამოძიება მხოლოდ ერთზე - გორის ბაზრის ხანძარზე დასრულდა. AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გორის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შესახებ მიმდინარე გამოძიება შეწყდა და დადგინდა, რომ ცეცხლი ელექტროენერგიის გაყვანილობამ გააჩინა.

რაც შეეხება ჩამოთვლილ დანარჩენ შემთხვევებს, სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს სისხლის სამართლის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

AMBEBI.GE ერთ-ერთი დამწვარი ობიექტის - "საბას" მფლობელს ესაუბრა. პაატა კაჭარავა მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილოა.

პაატა კაჭარავა: 100-ათასიანი ჯილდოც კი გამოვაცხადე, ვინც მოგვაწოდებს ინფორმაციას ხანძრის წამქეზებელზე და აღმასრულებელზე. ეს ყველაფერი მოწყიბილია. ვიღაცის ინტერესებშია, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და მოქმედებს ხალხის მასებზე. "ნაციონალებმა" წააგეს არჩევნები და ყველანაირად ცდილობენ აურიონ ქვეყანაში ყველაფერი.

- გამოძიების მიმდინარეობას როგორ შეაფასებდით? უკვე წელიწადზე მეტია "საბაში" ხანძრის მიზეზები დადგენილი არ არის და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება…

- ჯერჯერობით უკმაყოფილო ვარ გამოძიებით, რადგან შედეგები არ დადებულა. ხანძრის პერიოდში, ვინც მუშაობდა, ყველა დაცვის თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან და ამ დრომდე არ დაუკითხავთ. არაერთხელ მივმართეთ მთავარ პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ. ჯილდო შარშან გამოვაცხადე, მაგრამ ალბათ შემსრულებელს მეტი გადაუხადეს, რომ არავინ ამბობს. ახლი მთავრობისაც უკმაყოფილო ვარ. სამართლიანობა არ აღდგენილა და წართმეული ქონება არ დაუბრუნებიათ.

რაც შეეხება დღევანდელ ხანძარს, დღეს თბილისში ვაგზლის მოედანზე, წინამძღვრიშვილის N198-ში 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა. შეტყობინება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში 05:40 საათზე შევიდა.

ადგილზე 24 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარმა დააზიანა ახლომდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიც.

ბაზრობის მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი და ტერიტორიის დაწვით ცალკეული პირები იყვნენ დაინტერესებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.

ხათუნა გაგნიძე, AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ