"ხშირად დაგვიდგენია, რომ მამაკაცს ნამდვილად ჰყავს საყვარელი, ოღონდ... არა ქალი" - როგორ მუშაობენ ქართველი დეტექტივები

"ხშირად დაგვიდგენია, რომ მამაკაცს ნამდვილად ჰყავს საყვარელი, ოღონდ... არა ქალი" - როგორ მუშაობენ ქართველი დეტექტივები

ცოტა ხნის წინ მეგობარმა დამირეკა და კერძო დეტექტივების შესახებ ინფორმაციის მოძიება მთხოვა. სიმართლე გითხრათ, მსგავსი დაწესებულების შესახებ ადრეც მსმენოდა, მაგრამ მათი საქმიანობით არასდროს დავინტერესებულვარ. ვინც ეძებს, პოულობსო, ნათქვამია და დიდი ძებნის შემდეგ ამ ორგანიზაციის კარს მეც მივადექი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოფისი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანშია, მაინც ძნელი მისაგნები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ასეთი ადგილი საგანგებოდ შეარჩიეს.

ოფისში სამი დეტექტივი - ორი მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა ქალი დამხვდნენ.

ყველაფერი ასე დაიწყო...

ლეგენდარული აგენტი 007-ისგან განსხვავებით, ისინი ნაკლები სირთულის დავალებებს ასრულებენ. არ ერევიან სისხლის სამართალწარმოებაში, მათი საქმიანობის მიმართულება, ძირითადად, სამოქალაქო სამართალწარმოებაა. ასრულებენ დამკვეთის ყველა ახირებას, თუმცა, ხანდახან სიმართლის დამალვაც უწევთ. თუ რეალობა იმდენად მწარეა, რომ შესაძლოა, მისი გამხელით ტრაგედია დატრიალდეს, საქმეს შორდებიან, ან არადა, სიმართლეს ბოლომდე არ ამხელენ.

თუ მეუღლე გღალატობთ (ან უბრალოდ, ეჭვი გაქვთ), შეყვარებულს არ ენდობით, ან სულაც შვილის გაკონტროლება გინდათ, სიმართლის დადგენაში ეს ადამიანები დაგეხმარებიან. მაქსიმუმ 5 დღეში თქვენთვის სასურველ ინფორმაციას ვიდეო- და ფოტომასალით გაგიმყარებენ. მართალია, ეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თუ გიღირთ, უნდა გარისკოთ კიდეც...

ქართველი კერძო დეტექტივები "კვირის პალიტრასთან" საუბარს ამ საქმიანობაში გადადგმული პირველი ნაბიჯების გახსენებით იწყებენ:

თამაზ ნებიერიძე, კერძო დეტექტივი:

- იურისტი ვარ. წლების განმავლობაში შს სამინისტროში, შემდეგ კი ადვოკატად ვმუშაობდი. 2005 წელს მე და ჩემმა პარტნიორმა ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც კერძო დეტექტივის საქმიანობის განვითარებაზე უნდა ემუშავა. თანდათან ჩვენი პროფესია მოთხოვნადი გახდა. პირველი შეკვეთები ბიზნესის უსაფრთხოებას შეეხებოდა. იყო საოჯახო ღალატის თემებიც...

- რამდენად დაცულია იმ პირის უფლებები, რომელზეც დაკვეთა მიიღეთ?

- როდესაც კლიენტი კონფიდენციალურ დავალებას გვაძლევს, ეს რეგულირდება რამდენიმე საკანონმდებლო აქტით. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ნათესაურ კავშირში არ არის პირთან, რომელზეც ინფორმაციის მოპოვებას გვიკვეთს, ჩვენი თანამშრომლობა არ შედგება. კლიენტი აუცილებლად ნათესაურ კავშირში უნდა იყოს ობიექტთან.

- ბანალური კითხვა უნდა დაგისვათ, ყველაზე უცნაური შეკვეთა რა მიგიღიათ?

- (საუბარში მეორე დეტექტივი ერთვება) ალბათ, სულ ათასზე მეტი სხვადასხვა სირთულის დავალება გვაქვს შესრულებული.

ქალს, რომელსაც უღალატებენ, ისეთი მოთხოვნები აქვს, რომ ვერ წარმოიდგენთ. რამდენიმე წლის წინ მოვიდა ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მისი მეუღლე მომღერალ გლუკოზასთან ღალატობდა. არგუმენტად კი საქართველოში გამართულ კონცერტზე მეუღლის გლუკოზასთან ერთად გადაღებული ფოტო მოჰყავდა. ქალი მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ გლუკოზა დედამიწიდან გაგვექრო...

ზოგიერთი კლიენტი კილერთან გვაიგივებს. ერთ 35 წლის მამაკაცზე, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა, მშობლები მეტისმეტად ზრუნავდნენ, ყოველ ნაბიჯს უმოწმებდნენ. გვითხრეს, ყოველდღე ვიღაც ქალთან დადის, შინ რომ მოდის, შხაპს იღებს და ის ქალი უნდა მოაშოროთო...

ქმრის ღალატით შეშფოთებულები უმრავლეს შემთხვევაში ამბობენ, რომ მათი მეუღლეები არაფერ შუაში არიან, დამნაშავე ქალია, რომელმაც ჯადო გაუკეთა. ჯადოს თემა ბოლო დროს აქტუალურია და ეს არც ისე სასაცილოა, როგორც გვეჩვენება...

ბევრი უცნაური შეკვეთა მიგვიღია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ბანკის მმართველს სპერმა მოჰპარეს, აქტის შემდეგ მისმა მეწყვილემ პრეზერვატივი მოიპარა და რამდენიმე საათში მამაკაცის დაშანტაჟება დაიწყო. იმ ქალს სხვა ქვეყანაში გაღწევა უნდოდა, მაგრამ მისი 48 საათით აეროპორტში შეყოვნება მაინც შევძელით, რადგან 48 საათის შემდეგ სპერმა განაყოფიერებისთვის უვარგისი ხდება...

ხშირად გვირეკავენ ემიგრანტები და ოჯახის წევრების გაკონტროლებას გვთხოვენ, აინტერესებთ, რაში იხარჯება მათი გამოგზავნილი ფული. ასევე მოგვმართავენ პირები, რომლებიც თავის დროზე გაუშვილებიათ და ბიოლოგიური მშობლების პოვნა სურთ.

- ეს ყველაფერი, ალბათ, ძვირი ჯდება...

- დიახ, ეს დამკვეთის შესაძლებლობებიდან გამომდინარე განისაზღვრება. მაგალითად, რვასაათიანი სამუშაო დღე 200 ლარიდან იწყება. გააჩნია საქმის სირთულეს... ჩვენ ხელშეკრულებას ვდებთ კლიენტთან, სადაც გაწერილია ყველა ის მოქმედება, რაც უნდა შეასრულოს ორივე მხარემ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ