2012 წლიდან ციხეებში 108 პატიმარი გარდაიცვალა - სუიციდითა და ძალადობით გარდაცვლილ პატიმართა სტატისტიკა და მიზეზები

2012 წლიდან ციხეებში 108 პატიმარი გარდაიცვალა - სუიციდითა და ძალადობით გარდაცვლილ პატიმართა სტატისტიკა და მიზეზები

გუშინ რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმარი ზ.ს. საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. რუსთავის N6 დაწესებულებაში ეს სუიციდის უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ერთ თვეში.

მომხდარზე სახალხო დამცველმა უკვე გაავრცელა განცხადება და ერთ ციხეში ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ორ თვითმკვლელობას საგანგაშო უწოდა. ომბუდსმენმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდა, რომ რეაგირება მოახდინოს და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სუიციდისადმი მიდრეკილების დროული გამოვლენის მიზნით ჩატარდეს კომპლექსური სამუშაო.

ambebi.ge დაინტერესდა რა ხდება ციხეებში და რატომ გახშირდა პატიმართა გარდაცვალებისა და თვითმკვლელობის ფაქტები.

2012 წლის დასაწყისიდან ციხეებში 108 პატიმარი გარდაიცვალა. აქედან, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ - 50.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წლებში სიკვდილობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო.

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს - დაფიქსირებული შემთხვევების ნაწილი პატიმრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას უკავშირდება. ნაწილის შემთხვევაში - გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა, მათ შორის - რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლის დროსაც პატიმრის გარდაცვალება ექიმის გულგრილობას და დაუდევრობას დაუკავშირეს, რის გამოც ციხის ექიმების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

პატიმართა თვითმკვლელობის შემთხვევები

ბოლო შემთხვევის ჩათვლით, ახალი ხელისუფლების პირობებში, სუიციდის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ზ.ს.-ს გარდაცვალებამდე, დაახლოებით ერთი თვის წინ, რუსთავის N6 დაწესებულებაში 24 წლის ჯიდო ფირცხელიანი საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზადაც თვითმკვლელობა დასახელდა.

სიკვდილიანობის ამსახველი სტატისტიკა ambebi.ge-ს სასჯელაღსრულების სამინისტროში მიაწოდეს და განმარტეს, რომ წინა წლებთან შედარებით, სუიციდის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მათი ცნობით, საშუალოდ გასულ წლებში ციხეებში, წელიწადში, 14 სუიციდის შემთხვევა ფიქსირდებოდა.

სუიციდის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 წლის გოგა ძველაიას გარდაცვალება იყო, რომელმაც არსებული ინფორმაციით, თავი საკანში ზეწრით ჩამოიხრჩო. ოჯახს არ სჯეროდა, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

ძალადობით პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები

ახალი ხელისუფლების პირობებში ასეთი 2 გახმაურებული ფაქტია დაფიქსირებული. ერთ-ერთი ასეთია გასული წლის 2 აგვისტოს, გეგუთის ციხეში ნაცემი და შემდეგ გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმეა.

პროკურატურამ ეს საქმე ახლახანს გახსნა და გაირკვა, რომ ციხის თანამშრომლის დავალებით, პატიმრებმა სასტიკად სცემეს კორტავას და იგი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ყველა პირი, ვინც დანაშაულში მონაწილეობდა, უკვე მიეცა პასუხისგებაში.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევაა, პატიმარ გიგა ფარტენაძის გარდაცვალებაა. იგი გეგუთის კოლონიაში საკანში პატიმრებმა ცემით მოკლეს.

პატიმართა გარდაცვალების არაერთ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ