ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმიდან ექსპერტ ლევან ჩაჩუას ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმიდან ექსპერტ ლევან ჩაჩუას ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებზე მიმდინარე გამოძიებიდან ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. როგორც ლევან ჩაჩუას ადვოკატმა, ზურაბ ტაბიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება, სადაც ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ჩაჩუას გათავისუფლებას მოითხოვს.

ზურაბ ტაბიძე ჩაჩუას საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შუამდგომლობის დაყენებას აპირებდა, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, პროკურატურამ სასამართლო პროცესის გამართვამდე, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ადვოკატის თქმით, მას უკვე ჩაბარდა საქმის მასალები, სადაც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის ჩატარებაზე ცნობა არ არსებობს. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, აღნიშნული პროცედურა არ არის ჩატარებული.

"ექსჰუმაცია უნდა ჩატარდეს მთავარი საქმის ფარგლებში, საიდანაც გამოიყო ხარშილაძის, ძაძამიასა და ჩაჩუას საქმეები. მთავარი საქმე ზურაბ ჟვანიას გაზით გაგუდვაზეა აღძრული უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით 2005 წლის 3 თებერვალს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, თუ კი ექსჰუმაცია ჩატარდება და აღმოჩნდება, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს რაიმე სასიკვდილო დაზიანებები ჰქონდათ, ასეთ შემთხვევაში ექსპერტის მიმართ სიყალბეზე უნდა აღიძრას საქმე და დანარჩენების მიმართ – განზრახ მკვლელობაზე, თუმცა პროცედურა ამ დრომდე არ არის ჩატარებული.

"დღეს კი, ექსპერტს ედავებიან, რომ საეჭვო უბნები არ აღრიცხე დასკვნაშიო, რეალურად კი, ლევან ჩაჩუას მიერ გამოტანილი ექსპერტიზის დასკვნა არის სრულყოფილი", - განაცხადა ზურაბ ტაბიძემ. ექსპერტ ლევან ჩაჩუას, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულგრილ დამოკიდებულებას გულისხმობს.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდებულია სამი პირი - ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია, დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე და ექსპერტი ლევან ჩაჩუა. სამივე მათგანი პატიმრობაშია. ახალი ხელისუფლების პირობებში, ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამორიცხული არ არის ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ