ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკება მოხდა

ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკება მოხდა

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის სასამართლო პროცესს დავით კოდუას ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებიან. პროცესის დაწყებამდე დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, სასამართლო ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას არასაპატიმრო ღონისძიებით არ შეუცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღაჭავას თქმით, ეს უსამართლობა იქნება.

"ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე შეუცვალეს ნოშრევან ნამორაძეს წარდგენილი მუხლის კვალიფიკაცია. ვიდეოჩანაწერებზე გარკვევით ჩანს, რომ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, მოწმეებიც ამაზე საუბრობენ. საქმის მასალებშია ის, რომ ძიძა შეაშინეს და უთხრეს, რომ თუ ხმას ამოიღებდა, ესროდნენ. ვინც მას ემუქრებოდა, ეს არ იყო ნოშრევან ნამორაძე, ესენი იყვნენ კეპიანი ადამიანები, რომლებიც დათოს ურტყამდნენ. ჩემი შვილი სასიკვდილოდ სცემეს და სასწრაფო თუ არ მივიდოდა, იგი გარდაიცვლებოდა. უკვე მეოთხე თვეა მკურნალობს", - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მის მეორე ვაჟს, ირაკლი კოდუას 9 წლის თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, უსამართლობა იქნება, თუკი ნოშრევან ნამორაძეს გაათავისუფლებენ.

"ირაკლი კოდუას, რომელსაც საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ვალერი გელაშვილის ცემაში, 9 წლის თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ნოშრევან ნამორაძე კი, რომელიც ამბობს, რომ თავად სცემა დავით კოდუა, შესაძლოა, დღეს გაათავისუფლონ. ეს იქნება დიდი უსამართლობა. ასევე არ მჯერა ექსპერტიზის დასკვნის, დასკვნა ერთ დღეში არ იწერება. არ მინდა, რომ იგი გაათავისუფლონ, რადგან დათოს და ჩემს უკან არმია დგას. იმედი მაქვს, სასამართლო და პროკურატურა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

სასამართლოში იმყოფება ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძეც, რომელმაც კომენტარი გააკეთა პროცესის დაწყებამდე. მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგად არ დადასტურდა ჯგუფური დანაშაული, რის გამოც მუხლის კვალიფიკაცია მოხდა. როგორც მან აღნიშნა, ამის საფუძველზე იგი ელოდება, რომ ნოშრევან ნამორაძეს გაათავისუფლებენ.

ამასთან, ნინო სუთიძე დავით კოდუას ახლობლების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც ირაკლი კოდუასა და ნოშრევან ნამორაძეს შორის შედარებას აკეთებენ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ირაკლი კოდუა თანამდებობის პირი იყო და მისი დანაშაული ბევრად მძიმეა, ნოშრევან ნამორაძე კი, ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავისი ფეხით მივიდა სამართალდამცველებთან.

დღევანდელ პროცესზე ნოშრევან ნამორაძის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატი მოითხოვს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.

პროცესის დაწყების წინ ნოშრევან ნამორაძის ახლობლებსა და ლაურა ღაჭავას შორის შელაპარაკება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ