იარაღის უკანონოდ ტარება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება - სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები

იარაღის უკანონოდ ტარება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება - სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები

იარაღის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები იარაღის შენახვის წესს ამტკიცებს.

როგორც მთავრობის დღენდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, იარაღი უნდა იყოს დაშლილი, განმუხტულ მდგომარეობაში და სხვადასხვა თავისებურებებით შენახული.

"შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობას. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში შედის ცვლილება. ამ მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, მკაცრდება და ჯარიმა აღარ იქნება სანქცია. ამიერიდან პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს ან შეინახავს იარაღს, მაქსიმალურ სასჯელად, სამის მაგივრად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ამავე 236-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც ეხება იარაღის უკანონო ტარებას, ეს დანაშაული აღარ იქნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის და იქნება მძიმე დანაშაულის კატეგორიაში.

"აქაც ჯარიმის სანქცია უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეთა არა 3-დან 5 წლამდე როგორც იყო, არამედ 4-დან 6 წლამდე, რასაც ეს დანაშაული გადაჰყავს ნაკლებად მძიმიდან მძიმე კატეგორიის დანაშაულში. წესების დარღვევით იარაღის უკანონო ტარება არ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული, ეს იქნება მძიმე დანაშაული და ეს უნდა გაიგონ ჩვენმა ახალგაზრდებმა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. პირველი ეხება პრემიერის დავალებას, რომელიც იუსტიციისა და შს სამინისტრომ შეასრულეს. კერძოდ, შემუშავდა იარაღის შესახებ კანონში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები.

მინისტრის განმარტებით, ამ ცვლილებების თანახმად, მკაცრდება იარაღზე წვდომის წესები - ნებართვის შემთხვევში, დღეს 18 წლიდან ადამიანს შეუძლია შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, ახალი ცვლილებებით კი, იმ პირს, ვინც ითხოვს ნებართვას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებლად უნდა იყოს 23 წელს მიღწეული.

წულუკიანის განმარტებით, 21 წლის ზღვარი დგინდება სპორტული, გაზისა და სანადირო იარაღის შემთხვევაში.

"ცეცხლასროლი იარაღის შემთხვევაში სავალდებული ასაკი იქნება 23 წელი. მთავრობა მიიჩნვეს, რომ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდას უნდა აინტერესებდეს სწავლა, თვითგანვითარება, დაოჯახება, პროფესიული კარიერა და არა - იარაღის ფლობა. ჩვენ ჩავდეთ სანადირო იარაღის შემთხვევაში დათქმა, რომ ახალგაზრდას, რომელსაც არ მიუღწევია 21 წლის ასაკისთვის, მშობელთან ან სხვა უფროსთან ერთად საშუალება ჰქონდეს, სანადირო საქმიანობას მისდიოს, თუკი ეს მის ინტერესებში იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ყველა ის პირი, რომელსაც უნდა მოიპოვოს ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა - ის შემოწმდება პიროვნულად იმისათვის, რათა გაიცეს ნებართვები მისი სანდოობის და ფსიქიური თვისებურებების მიხედვით.

"ინტერპრესნიუსი"

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებენ

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა