მოკლული ჯემალ შელიას დედამ თავის დაწვა სცადა

მოკლული ჯემალ შელიას დედამ თავის დაწვა სცადა

2013 წლის დეკემბერში მოკლული 21 წლის ჯემალ შელიას დედამ ირა ფიფია თავის დაწვა სცადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მამიდაშვილმა მარიამ ფიფიამ განუცხადა, დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ირა ფიფია ცუდად გახდა.

"სახლში მოსულმა მამიდამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას ცდილობდა. ჩვენ გვაინტერესებს ვინ მოკლა ჯემალი, ნუთუ არ გვაქვს უფლება რომ მისი მკვლელების დასჯა მოვითხოვოთ", - განაცხადა მარიამ ფიფიამ.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესიდან დაბრუნების შემდეგ ირა ფიფია წურწუმიების ოჯახში მივიდა, თუმცა სახლში არავინ დახვდა.

"წურწუმიები ამბობენ, რომ ჩვენ ვიცით ვინ არის დამნაშავეო, მაგრამ გვაინტერესებს რატომ არ ამბობენ? თუ ეს ადამიანები არ იყვნენ მკვლელები, მაშინ 9 თვე რატომ ისხდნენ ციხეში? ჩვენ ვითხოვთ სიმართლის გარკვევას", - განაცხადა მარიამ ფიფიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის დეკემბერში მოკლული 21 წლის ჯემალ შელიას მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც შელიას ახლობლებმა აღნიშნეს, მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულები გათავისუფლდნენ.

21 წლის ჯემალ შელიას მკვლელობაში ბრალდებულები იყვნენ კახაბერ წურწუმია, ტარიელ წურწუმია, აკაკი გვასალია და ზურაბ წურწუმია. ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ტარიელ წურწუმია ამნისტირებული იყო და იგი სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა.

ახლობლების ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ერთმანეთის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან.

რაც შეეხება შემთხვევას, მკვლელობა გასული წლის 24 დეკემბერს, გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა. ჯემალ შელიას ახლობლების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელიას მეგობრის დედა ვაჭრობდა, რა დროსაც ძმებმა წურწუმიებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამას მოჰყვა მათი მხრიდან გამყიდველის შვილისა და მეგობრის გამოსარჩლება.

"წურწუმიებმა ამ დაპირისპირების დროს სასტიკად სცემეს ახალგაზრდები. ამ ჩხუბის დროს ჯემალ შელია მივიდა და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. თუმცა იგი სასტიკად სცემეს თავის არეში, რის შემდეგაც გარდაიცვალა", - განაცხადეს ახლობლებმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ