ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული გატაცებები - ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები...

ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული გატაცებები - ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები...

Ambebi.ge ბოლო წლებში მომხდარი ფაქტების შესახებ გიამბობთ, როცა ადამიანები გაიტაცეს. აღსანიშნავია, რომ 1990-2002 წლებში ადამიანებს ხშირად იტაცებდნენ. იტაცებდნენ ბიზნესმენებს, ბერებს, პოლიტიკოსებს და ა.შ. ისინი ძირითადად პანკისის ხეობაში მიყავდათ, სადაც ერთდროულად რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება იყო დაბანაკებული. ბევრი გატაცებულის საქმე დღემდე გაუხსნელია.

2000 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ქართული ბანკის დამკვირვებელთა საბჭოს პრეზიდენტი თამაზ მაღლაკელიძე გაიტაცეს. ოფიციალური ცნობებით, თამაზ მაღლაკელიძის გამტაცებლები სამხედრო გენერალ-ლეიტენანტი გიორგი ვაშაკიძეა, რომელიც "მხედრიონის" ზეობის პერიოდში ჯაბა იოსელიანის მოადგილე გახლდათ. იმ 2 თვის განმავლობაში, რაც თამაზ მაღლაკელიძე გატაცებული იყო, გამოსასყიდის მოთხოვნით გაერთიანებული ქართული ბანკისთვის არავის მიუმართავს. მაღლაკელიძე საბურთალოს რაიონიდან გაიტაცეს და საბოლოოდ დიდგორის ტყეში იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მისი გატაცების საქმეში ბრალდებული გიორგი ვაშაკიძე თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მისი თქმით, ის პირადად გიორგი ბარამიძის თვალწინ აწამეს და ბოლოს მაღლაკელიძის გატაცების ბრალდებით დააკავეს.

2002 წელს წყნეთიდან 14 წლის მარიამ გოგინაშვილი გაიტაცეს, რომლის საქმეც დღემდე გამოუძიებლად მიიჩნევა. პატარა მარიამს უცნობმა მამაკაცმა სთხოვა კონკრეტული მისამართი ესწავლებინა და ის მანქანაში ჩაისვა, რის შემდეგ მარიამს კვალი გაქრა. გოგონას შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ცოცხალია, გამტაცელებმა ის ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყვანეს და ვაჟის დედაც არის. თუმცა ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფს. მარიამ გოგინაშვილის გატაცებას აფრასიძეებს უკავშირებდნენ, გატაცების მიზეზად სხვადასხვა ვერსიები სახელდება, მის მოსაძებნად ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, ამბობენ, რომ მამამ სამჯერ გადაიხადა 70 000 დოლარი შვილის გამოსასწყიდად, მაგრამ შვილი არ დაუბრუნეს.

ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ოჯახში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ თითქმის მთელმა საქართველომ იცის. ლევან კალაძე 2001 წელს გაიტაცეს. მაშინ ის სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ლევან კალაძეს გამტაცებლები რკინიგზის N2 საავადმყოფოს ეზოს შესასვლელთან დახვდნენ და ძალით ჩასვეს თეთრ უნომრო "ნივაში". გამტაცებლებმა ოჯახს ლევანის თავისუფლების სანაცვლოდ 600 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს მერაბ ამისულაშვილი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, რის გამოც, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამისულაშვილს სასჯელის მინიმალური ზომა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საზღვარგარეთიდან ექსტრადირებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ სამი წევრი: შვეიცარიიდან - დავით ასათიანი, სანკტ-პეტერბურგიდან - ლევან ცინცაძე, საფრანგეთიდან კი - თემურ გაგნიძე. სასამართლომ მათი ბრალი დადასტურებულად ცნო და დავით ასათიანსა და ლევან ცინცაძეს - 25-25 წლით, ხოლო თემურ გაგნიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამტაცებლებმა ლევან კალაძე თავდაპირველად თბილისში, ვერაზე, დავით ასათიანის ბინაში მიიყვანეს, მეორე დღეს კი კვალის არევის მიზნით, ვაზისუბნის დასახლებაში, ამისულაშვილის ბინაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ დაურეკეს გატაცებულის მამას, კარლო კალაძეს და 65 ათასი დოლარის გადახდაზე დაითანხმეს. კარლო კალაძემ პროკურატურას მიმართა, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის გახდა ცნობილი. პროკურატურის მტკიცებით, ლევან კალაძე გამტაცებლებმა 2001 წლის 14 ივნისს, გამთენიისას მოკლეს და მისი ცხედარი ვაზისუბნის ტერიტორიაზე მდებარე ხევში მიატოვეს. ლევან კალაძის საქმე გახსნილად 5 წლის შემდეგ გამოცხადდა.

ალბათ ბევრს არ ახსოვს, რომ 2001 წლის 1 ნოემბერს წელს პანკისის ხეობიდან ქართველი ბერები გაიტაცეს. ისინი ბორბალოს მთაზე იყვნენ დაბანაკებული და გაჭირვებულ მოსახლეობას ხშირად ეხმარებოდნენ. გამტაცებლები ბერებს 2001 წლის 27 ოქტომბერს ესტუმრნენ, წამოსვლისას კი მამა ბასილ მაჩიტიძეს და მამა ტახნილს გამტაცებლებმა პანკისამდე გაცილება სთხოვეს, როცა პანკისში ჩავიდნენ მამა ბასილს უთხრეს, რომ ის გატაცებული იყო და განაცხადეს, რომ ამის "ზაკაზი ზევიდან იყო". გამტაცებლებმა მამა ტახნილს ვადა მისცეს და უთხრეს - დანარჩენი მორჩილები მოიყვანე, თუ ამას დილამდე ვერ მოასწრებ მამა ბასილს მოვკლავო. ბერი ტახნილი დაბრუნდა ბორბალოს მთაზე და დათქმულ დროს ორ მორჩილთან ერთად ეახლა გამტაცებელ ჩეჩნებს. გატაცების პირველივე დღიდან გაჩნდა ვერსია, რომ ბერების გატაცება ნარკოტიკების ბიზნესს უკავშირდებოდა, მაგრამ ეს ვერსია მალევე გამოირიცხა. 2001 წლის 10 იანვარს გამტაცებლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს. 1-ელ დეკემბერს ბერი ტახნილი და ორი მორჩილი გაათავისუფლეს. მამა ბასილი კი ტყვეობაში დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში ბერები შიმშილობდნენ და მხოლოდ ლოცულობდნენ, რის გამოც გამტაცებლები მათ სცემდნენ. ბერების გათავისუფლებას პანკისში მოქმედი ყველა დაჯგუფება და პოლიცია საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევდა. როგორც გამტაცებლები ამბობდნენ, ისინი სოფელ წინუბანში ჰყავდათ. მოგვიანებით, მამა ბასილის მეგობრები რუსლან გილაევს შეხვდნენ, რომელმაც უარყო გატაცებაში მონაწილეობა და საქმის გამოძიების პირობა დადო. მან მართლაც მოაკვლევინა დუისთან 4 კაცი, ერთ-ერთმა გარდაცვალებამდე აღიარა, რომ მან გადასცა გამტაცებლებს მამა ბასილი, თუმცა ოპერაციას ვერ გაუძლო და მეორე დღეს გარდაიცავალა. მალევე გარდაიცვალა რუსლან გელაევიც - მამა ბასილის კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.

ქართული ბაზრის ქათმის ბარკლებითა და ბანანით მომმარაგებელი ფირმის "აგროტექნიკის" ერთ-ერთი თავკაცი, აშშ-ის მოქალაქე ბეშარა ანუ თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან გაქრა - იგი სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დილის 11 საათზე გაიტაცა. გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით 200 ათასი დოლარი მოითხოვეს. ინგლისელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცების საქმეც მისი გათავისუფლებით შემოიფარგლა. თავდაპირველად მისი გატაცება შოთა ჭიჭიაშვილის ჯგუფს მიაწერეს, მაგრამ პანკისელი კრიმინალის დაკავების და თბილისში ჩამოყვანის შემდეგ შოუს გატაცების საქმე გაუხსნელობის მოტივით დაიხურა.

რამდენიმე დღის წინ იოსებ გიორხელიძის გატაცებამ საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია. 19 წლის გიორხელიძე, თანხის გამოძალვის მიზნით, რამდენიმე დღით ჰყავდათ გატაცებული, გამტაცებლები ოჯახს 30 000 დოლარს სთხოვდნენ. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მეთვალყურეობით ჩატარებული სპეც-ოპერაციის შედეგად ახალგაზრდა გიორხელიძე სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. გამტაცებლები კი დააკავეს.

თამარ ბოჭორიშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ