რა კომენტარს აკეთებს ძმა ეროსი კიწმარიშვილის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ

რა კომენტარს აკეთებს ძმა ეროსი კიწმარიშვილის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ

საქმის მასალების 80%-ის გაცნობის შემდეგ იგივე პოზიცია მაქვს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასალების მიხედვით კამერის ჩანაწერებში არ ფიქსირდება მკვლელი, მისი პოზიცია უცვლელია - ეროსი კიწმარიშვილს თვითმკვლელობის არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა.

"ის რომ ვთქვათ კამერაში არ არის დაფიქსირებული თუ როგორ მორბის გასისხლიანებული მკვლელი, არ ნიშნავს რომ ჩემი პოზიცია სუსტია. ჩემი პოზიცია გამაგრებულია იმით, რომ ეროსის არანაირი მოტივაცია არ ქონდა თვითმკვლელობის. ამის არანაირი წინაპირობა არ იყო. ეს არის ყველაზე მყარი და საფუძვლიანი გარემოება, რომელსაც ვეყრდნობი. ამ მასალებში ჯერჯერობით არ მინახავს, რომ ვიღაც ადამიანმა შემთხვევის ადგილზე რამე დატოვა ან ვინმე კამერის მასალაში ფიქსირდება. როგორც ჩანს, არც დარჩენილ მასალებში არ იქნება ასეთი რამ. ეს რომ ყოფილიყო ალბათ, უფრო მეტი სამუშაო იქნებოდა ამ მიმართულებით ჩატარებული. თუ გამოჩნდება რაიმე ძაფი, ალბათ ამ ძაფს მიყვებიან და უფრო მეტი დეტალი გამოჩნდება", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

იგი ასევე საუბრობს ექსპერიმენტის შედეგად გამოკვეთილ დეტალებზე.

"მაია ნიკოლეიშვილმა როგორც ექსპერიმენტის დროს დაინახა, ბუნებრივ პირობებში უცხო პირი იქ არ არსებობდა. ვეთანხმები, რომ იქ ბუნებრივ, კომფორტულ პირობებში უცხო პირის არსებობა გამორიცხულია. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ შესაძლებელი იყო და რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე გამოძიებას, რომ იქ ყოფილიყო სპეციფიურ მდგომარეობაში ადამიანი, რომელმაც იმ კონკრეტულ მომენტში განახორციელა ეს ქმედება. ანუ ეს იყო სულ რაღაც წამის პოზიცია. ამასთან დაკავშირებით იყო ექსპერტების მოსაზრება, რომ ეს უკვე ვარაუდებია, რომელიც შემდგომმა კვლევა-ძიებამ უნდა გაამყაროს. მან როგორც ექსპერტმა, ეს ბუნებრივი პოზიცია გამორიცხა, მაგრამ არაბუნებრივის, ხელოვნურის, სპეციფიური პოზიციების ვარაუდები არსებობს, რასთან დაკავშირებითაც გამომძიებლებმა უნდა ჩაატარონ შემდგომი ძიება და კლევა", - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.

ზურაბ კიწმარიშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის მასალების გაცნობას აგრძელებს. მისი თქმით, ის ამ დროისთვის მასალების 80%-ს გაეცნო და დანარჩენ ნაწილსაც უახლოეს დღეებში გაეცნობა. ეროსი კიწმარიშვილის ძმა პროკურატურაში მისვლას დღესაც აპირებს.

ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფარეხში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი მიმდინარე წლის 15 ივლისს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ